logo_geo
eng_logo
კახა კალაძემ კანდელაკის ქუჩაზე ღამით მიმდინარე სამუშაოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას მოუბოდიშა
- +

19 მარტი. 2019. 10:54

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ღამით, კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას ღამის სამუშაოების წარმოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის მოუბოდიშა.

 

„მადლობას ვუხდი მოსახლეობას თანადგომისთვის, რადგან მესმის, რამდენად რთულია, რომ ღამის საათებში მიმდინარეობს სამუშაოები. ეს ადამიანები მოთმინებით ეკიდებიან ამ ყველაფერს, რადგან ეს, პირველ რიგში, მათთვის და ჩვენი ქალაქისთვის კეთდება. მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ, რადგან, როდესაც ღამე მიდის მუშაობა, არის ხმაური და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენს. გვინდა, რომ ძალიან მალე დავამთავროთ ყველაფერი და ორიენტირებული ვართ ხარისხზე, რადგან როდესაც ამხელა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან, რა თქმა უნდა, ხარისხი უნდა იყოს უმაღლესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კალაძის თქმით, ღამით მუშაობის მიზანია, რომ დღისით ნაკლებად შეიზღუდოს საგზაო მოძრაობა სატვირთო მანქანების გამო.

 

„პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოებს ახორციელებს. ვცდილობთ, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ, რომ მალე დავასრულოთ სამუშაოები და დღის განმავლობაში ნაკლებად შეიზღუდოს მოძრაობა. ღამის საათებში მიმდინარეობს მიწის გატანა, რადგან დღისით, ამ მონაკვეთზე დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილება შეუძლებელი იქნებოდა და კიდევ უფრო დავტვირთავდით მოძრაობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერიის ცნობით, კანდელაკის ქუჩის 1,2-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 28 თებერვალს დაიწყო. კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლა, ასფალტის საფარის დაგება, ასევე, LED-განათების, ტროტუარებისა და ბორდიურის მოწყობა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×