logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა დროებით გადაიდო
- +

19 მარტი. 2019. 12:14

 

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის განხილვა დროებით გადაიდო. სესიაშვილმა ამის შესახებ დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება.

 

„პროექტმა გარკვეული უთანხმოება გამოიწვია საზოგადოებაში, მათ შორის, ადგილი ჰქონდა სპეკულაციას. რამდენადაც ჩემი პროექტის მიხედვით, არანაირი მინიშნება ან მითითება არ არის რომელიმე კონფესიისთვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე, ჩემთვის, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, მთავარი ამოცანაა, რომ რამდენადაც გაწვევის სისტემას შეექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა, მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ მოცემულობას.

 

ამიტომ, ჩემი ინიციატივა ამას ეფუძნებოდა, თუმცა, რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული მოსაზრება, რომ შეიძლება ამას ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი, ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ კონსულტაციები“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

სესიაშვილის თქმით, უახლოეს ხანებში გეგმავს შეხვედრას იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც კეთილსინდისიერად სარგებლობდნენ ამ შეღავათით.

 

„მოგიწოდებთ ყველას, რომ ამ შემთხვევაში, ერთობლივად ვიმსჯელოთ. კარგად გესმით, რომ თუ ასე გაგრძელდა , ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნება მთლიანად თავდაცვის, უსაფრთხოების სექტორს. ერთ- ერთი რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ 6 900-მა წვევამდელმა არაკეთილსინდისიერად თავი აარიდა კონსტიტუციურ ვალდებულებას. ამიტომ, გავაგრძელოთ მუშაობა. ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ჩაერთონ ამ დისკუსიაში და უკვე მას შემდეგ, რაც შევჯერდებით და მოვხსნით შფოთვას რელიგიურ ორგანიზაციებში, რომ ადგილი არ ჰქონდეს დისკრიმინაციას, მაშინ მოხდება მისი კომიტეტზე განხილვა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოვიდა ინიციატივით, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×