logo_geo
eng_logo
სტატისტიკა - რატომ ეუბნებიან უარს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში თავშესდსაფარზე
- +

24 მარტი. 2019. 23:20

 

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ უკვე 3 წელია მოგზაურობენ. ევროკავშირი-საქართველოს ისტორიული შეთანხმება 2016 წლის 28 მარტს ამოქმედდა. ევროპული ქვეყნების საზღვრების გახსნას წინ უძღოდა სამოქმედო გეგმის შესრულება და ხანგრძლივი მოლაპარაკებები.

 

საქართველომ საჭირო სტანდარტები და კრიტერიუმები დააკმაყოფილა და ევროკავშირმაც პარტნიორი ქვეყნისთვის მიცემული პირობა შეასრულა. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტით ევროპაში უვიზოდ  მოგზაურობა 6 თვის, ანუ 180 დღის განმავლობაში 90 დღით შეუძლიათ.

 

სავიზო ვალდებულების მოხსნას მოჰყვა მოწოდება წესების დაცვის შესახებ. ვადების პატივისცემა აუცილებელია. ამ რეჟიმის ბოროტად გამოყენება კი აკრძალული და შეიძლება ისტორიული მონაპოვარის შეჩერებამდე მიგვიყვანოს.

 

ბოლო სამი წლის განმავლობაში უვიზო რეჟიმით საქართველოს 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამს. მათ შორისაა გერმანია, საფრანგეთი და შვედეთი.

 

მიზეზი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაა. საუბარია აპლიკაციების  გაორმაგებაზე და ზოგ ქვეყანაში გასამმაგებაზეც კი.

 

„ეს საკითხი უკვე რამდენიმე თვეა დგას შესაბამის უწყებებში. ეს საკითხი ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებიდან ძალიან მალე დადგა, მაგრამ ბოლო ხანს გაძლიერებულად მიმდინარეობს ამაზე საუბარი და არა მხოლოდ წევრი სახელწმიფოებიდან, არამედ ევროკომისიიც აქტიურადაა ჩართული. მე მაქვს შეხვედრები უწყებებთან და კაბინეტის წევრებთან. საქართველო არის მიჩნეული უსაფრთხო ქვეყნად და ამიტომ საქართველოდან წამოსული თავშესაფრის მოთხოვნა ითვლება უსაფუძვლოდ. საუბარი არ არის მხოლოდ პოლიტიკურ თავშესაფარზე,ხშირად მიმართავენ სამედიცინო მიზნით, ეკონომიკური მიზნით. ყველა ეს საფუძველი არის მიუღებელი. ვერ ვიტყვი, რომ 100 %-ით , მაგრამ 99 %-ით ეს სრულდება უარით", - თქვა ნატალია საბანაძემ.

 

საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა ბელგიამ, დანიამ, ბულგარეთმა, ისლანდიამ, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, ავსტრიამ, ლუქსემბურგმა. გერმანიაში ამ საკითხზე ბოლო კენჭისყრა უახლოეს ხანებში გაიმართება. სტატუსის მინიჭებით ევროპული ქვეყნები ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატიული, წამების, სხვა სახის სასტიკი, არადამიანური მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ხელმომწერი ქვეყანაა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, არ დევნიან  მოქალაქეებს და კონსტიტუციით უზრუნველყოფილია მოქალაქეთა თანასწორობა. შესაბამისად, ეს სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის ძიების საფუძველი არ აქვთ და მათი მცდელობა უპერსპექტივოა. ამიტომ ყველა განაცხადს შემჭიდროვებულ ვადაში ამუშავებენ. მოქალაქეების უმრავლესობისთვის პასუხი ნეგატიურია. მეტიც, მათ ეზღუდებათ ევროპაში მოგზაურობა.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანაში შეფერხების გარეშე მუშაობენ და ამიტომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ასეთია "იმედის კვირის" რესპოდენტის ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსის გზავნილი.

 

„ევროკავშირი თავშესაფრით უზრუნველყოფს ადამიანებს, რათა დაიცვას პოლიტიკური, რელიგიური, გენდერული ნიშნით დევნისგან. ეს არის ის, რაც ბოროტად არავინ უნდა გამოიყენოს. მე შემიძლია პოლიტიკური დევნა წარმოვიდგონო ბევრ ქვეყანაში, მაგრამ არა საქართველოში. ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა არის ამბიციური რეფორმების პროცესში. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა პატივი სცენ წესებს, ვიზალიბერალიზაცია ბოროტად არ გამოიყენონ, რათა ეს შესაძლებლობა ჰქონდეთ. თუ გინდათ უვიზო მიმოსვლა, წესებიც უნდა დაიცვათ, თუ არ გსურთ, რომ ისევ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა", - ამბობს ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი.

 

უვიზო მიმოსვლაზე  ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაზეც ისაუბრეს. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა თავისუფალი მიმოსვლის შესახებ ჩვენს მიერ დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შანსი, ევროკავშირის ქვეყნებში რაიმე სახის თავშესაფარი მიიღონ.

 

„არის თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი მოთხოვნები. მინდა მოგიწოდოთ თქვენც, მედიის წარმომადგენლებს, რომ გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, ძალა და საზოგადოებას აცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ ვერცერთი სახის თავშესაფარს ევროპაში, ვინაიდან საქართველოს ჩვენ უსაფრთხო ქვეყნდა მივიჩნევთ. ვიზა-ლიბერალიზაციაც იმიტომ მიიღო საქართველომ, რომ ქვეყანას ამ ჭრილში განვიხილავთ", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

ბოლო მონაცემები ევროსტატმა 2019 წლის 12 მარტს გამოაქვეყნა. დეკემბერთან შედარებით იანვარში ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა 21%-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვართან შედარებით კი 9%-ით და 58 609-ს  მიაღწია. საქართველო პირველ ათეულში მეცხრე ადგილზეა სირიის, ავღანეთის, ერაყის, ირანის, პაკისტანის, თურქეთის, ალბანეთის და ვენესუელას შემდეგ. ტოპ-ათეულში საქართველოს მოსდევს ნიგერია.

 

მონაცემებით, რომელიც „იმედის კვირამ“  თავშესაფრის მინიჭების ევროპული ოფისიდან გამოითხოვა, აპლიკაციების რიცხვი გაიზარდა პაკისტანიდან, ირანიდან, ნიგერიიდან, თურქეთიდან, ვენესუელადან, ალბანეთიდან და საქართველოდან, რაც ტენდენციების შესახებ მომზადებულ დოკუმენტშიც აისახა.

 

2019 წლის იანვარში თავშესაფარი საქართველოს  2412-მა მოქალაქემ მოითხოვა, მოლდოვიდან 658-მა. თავშესაფრის მოთხოვნით შესაბამის სამსახურებში ორივე ქვეყნიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში  ყველაზე მეტი აპლიკაცია  2019 წლის იანვარში  შევიდა.

 

ბოლო 12 თვის განმავლობაში თავშესაფარი ევროპულ ქვეყნებში მოითხოვა საქართველოს 17 980 -მა მოქალაქემ.

 

საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება ევროპაში მიგრაციის უმწვავესი კრიზისის ფონზე მიმდინარეობდა. თავისუფალი მიმოსვლა ასოცირებულ პარტნიორებთან დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან ერთად შევიდა ძალაში.

 

ევროკავშირის თითოეულ წევრს აქვს უფლება მოითხოვოს დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება:  თუ საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირის სახელწმიფოებში შესვლაზე უარს მიიღებენ ან გაიზრდება ევროკავშირში ამ სახელმწიფოების მოქალაქეების არალეგალურად დამრჩენთა რიცხვი.  თუ თავშესაფრის უსაფუძვლოდ მაძიებელთა მიმართვა საგრძნობლად გაიზრდება ან თუ ქვეყანა არ ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიაზე. თუ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნიდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგსა და შიდა უსაფრთხოებას.

 

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავჯდომარე ამბობს, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

„ჩვენ ახლოსაც კი არ ვართ დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებასთან. ციფრების კონტროლი უნდა შევძლოთ. ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მყისიერი და ეფექტიანი რეაქცია. მოდით ვუწოდოთ ამას, კრიზისის მენეჯმენტი. საგანგაშო სიგნალები ნამდვილად არ არის. ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა", - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავჯდომარემ საჯად კარიმიმ.

 

საქართველოს უახლოეს მომავალში დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვევა. ევროკომისარი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს სამი წლის წინ სამოქმედო გეგმის  შესრულება და უვიზო რეჟიმის მინიჭება მიულოცა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×