logo_geo
eng_logo
ნანა ცინცაძე: ვულოცავ დამფუძნებლებს საავტორო უფლებების დაცვის ახალი ორგანიზაციის შექმნას
- +

26 მარტი. 2019. 13:03

 

საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია საქართველოში უკვე არსებობს, მაგრამ ქართველმა ხელოვანებმა საჭიროდ ჩათვალეს ალტერნატიული ორგანიზაციის დაფუძნება. ჰონორარების არასათანადო მონიტორინგი და საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხების დაკარგვა, ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც გადაწყდა ახალი ორგანიზაციის შექმნა. საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის, მიუღებელია დღეს არსებული მექანიზმი, რითაც ხდება განსაზღვრა, თუ სად, როდის და რამდენჯერ გაჟღერდა კონკრეტული სიმღერა. მათ დღემდე არ იციან, როგორ ხდება თანხების დათვლა და განაწილება.

 

დამფუძნებლები გვპირდებიან, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მოხდება კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების უფლებების დაცვა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათი თქმით, სპეციალური მოწყობილობა გააკონტროლებს, რომელი სიმღერა სად და როდის შესრულდა და სწორედ ამის შემდეგ მოხდება ფინანსების ზუსტი გადანაწილება მომღერლებისთვის, კომპოზიტორებისთვის, არანჟირებისა და ტექსტის ავტორებისთვის.  ცნობილი გახდა, რომ არსებულმა, საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციამ უარი განაცხადა IP ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის პოეტი ნანა ცინცაძეც. მისთვის საინტერესო აღმოჩნდა საკითხი, რომელიც  უცხოეთში ქართველი შემსრულებლების უფლებების დაცვას ეხება.

 

„ვარ მოსული ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაზე, პირველ რიგში, იმიტომ დავინტერესდი ამ შეკრებით, რომ რუსეთში უამრავი ჩემი სიმღერა სრულდება. გელა გურალიას ყველა ქართულენოვანი სიმღერა არის შექმნილი ჩემს ლექსებზე და გარდა გელასი, ამ სიმღერებს სხვა მომღერლებიც ასრულებენ.  ჩემთვის, როგორც ავტორისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ყურადღებით მოვისმინე დღევანდელ შეკრებაზე გამოთქმული მოსაზრებები. მივესალმები ამ წამოწყებას და ვულოცავ დამფუძნებლებს საავტორო უფლებების დაცვის ახალი ორგანიზაციის შექმნას“, - აღნიშნა ნანა ცინცაძემ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×