logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: უნდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რომ არსებობს ე.წ. მამაკაცური და ქალური თანამდებობები
- +

26 მარტი. 2019. 14:16

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ქალთა გაძლიერების ფორუმს დაესწრო. ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - PROLoG-ის და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

 

ნათია მეზვრიშვილი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მან ასევე, ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა როლის გაძლიერებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

 

„მცდარია წარმოდგენები, რომ პოლიციელ ქალებს ბევრი რამ არ შეუძლიათ. მინდა მოვიყვანო წარმატებული პოლიციელი ქალების რამდენიმე მაგალითი  - დღეს ჩვენ გვყავს ქალები მართლწესრიგის ოფიცრებად, ქალები პატრულ-ინსპექტორებად, ქალები მესაზღვრეებად, ქალები დეტექტივებად, ქალები, რომლებიც ბადრაგის ფუნქციებს ასრულებენ. ეს ადამიანები ატარებენ იარაღს, დასდევენ დამნაშავეებს, იცავენ საზღვარს და ისეთივე წარმატებით იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას, როგორი წარმატებითაც ფორმიანი მამაკაცები. ამიტომ ეს სტერეოტიპები, რომ არსებობს რაღაც „მამაკაცური“ და „ქალური“ თანამდებობები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამსხვრიოთ და უნდა დავამსხვრიოთ იმ მაგალითებით, რომელ მაგალითსაც მე და სხვა პოლიციელი ქალები წარმოვადგენთ. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა და მაგალითი მივცე პირველ რიგში პოლიციელ ქალებს, რომ არ არსებობს მიუღწეველი მწვერვალები. არ არსებობს მწვერვალები, რომლის დაპყრობაც ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ სამწუხაროდ, ამ მწვერვალების დასაპყრობად, ჯერ კიდევ იმაზე მეტი ძალისხმევის გაწევა გვიწევს ხოლმე ვიდრე მამაკაცებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

ქალთა გაძლიერების ფორუმს, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის, ხელისუფლების, სასამართლო სისტემის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სპორტის, კულტურისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლის, ამ პროცესებში თავიანთი წვლილისა და პირადი ისტორიების შესახებ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×