logo_geo
eng_logo
„ბავშვის უფლებათა კოდექსის შექმნა დავიწყე იმ იდეით, რომ გავაძლიეროთ ოჯახები, დავიცვათ ჩვენი ბავშვები სიღარიბისგან, მავნე ზეგავლენისგან“
- +

26 მარტი. 2019. 14:49

 

„ჩვენი  ზრუნვის მთავარი საგანი არის ჩვენი სამშობლო - საქართველო და მისი მომავალი. რა თქმა უნდა, ეს მომავალი არის ჩვენი ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებულ მზრუნველობასა და დაცვას საჭიროებენ, როგორც ოჯახის, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან”, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საკომიტეტო მოსმენაზე წარდგენისას.

 

მისი თქმით, ბავშვის კოდექსის შექმნა კომიტეტის თავმჯდომარემ  სწორედ იმ იდეით დაიწყო, რომ პირველყოვლისა, ბავშვებს უყვარდეთ საკუთარი სამშობლო.

 

„და მე შეგნებულად ვიმეორებ ამ სიტყვას - სამშობლო და არა ქვეყანა ან სახელმწიფო. ამ სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენთვის. დავიწყე იმ იდეით, რომ გავაძლიეროთ ოჯახები, დავიცვათ ჩვენი ბავშვები სიღარიბისგან, მავნე ზეგავლენისგან, მხარი დავუჭიროთ მათ განვითარებას, როგორც დემოკრატიული, სოლიდარული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ხელი შევუწყოთ მათ განათლების მიღებაში”, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

 

მისი ინფორმაციით, ვიწრო ჯგუფმა ეს თემა საკუთარი სუბიექტური მიზნებისთვის გამოიყენა. 

 

„ამ ვიწრო ჯგუფმა მოახერხა და იმგვარად მიაწოდა საზოგადოებას  და ასევე, ეკლესიის ერთ ნაწილს არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჩვენ  გარყვნილებას ვაკანონებდეთ და ოჯახებში ვუვარდებოდეთ ადამიანებს, ბავშვებს ვართმევდეთ, თითქოს ჩვენ სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს ვიწყებდეთ სკოლებში მასობრივად და ჩვენს სამშობლოს, საქართველოს, მის კულტურას და ტრადიციებს ვაძულებდეთ ბავშვებს.

 

სინამდვილეში, პირიქითაა ყველაფერი, მეგობრებო და ამის საპირისპირო წერია სწორედ ბავშვის უფლებათა კოდექსში, რომლის საფუძველზე ჩვენ არათუ ბავშვებს ვართმევთ ოჯახებს, არამედ პირიქით, ხელს ვუწყობთ, რომ ბავშვი ოჯახში აღიზარდოს და ოჯახები გავაძლიეროთ, რომ ბავშვს უყვარდეს საკუთარი სამშობლო და მისი ტრადიციები”, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც დეპუტატებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის,  საერთაშორისო  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner