logo_geo
eng_logo
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
- +

9 აპრილი. 2019. 13:36

 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა  პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

 

„30 წელმა უცებ გაირბინა. ამ 30 წლის განმავლობაში ყველამ იცის, საქართველოში 9 აპრილს რა მოხდა. 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაიღუპნენ ჩვენი გოგო-ბიჭები და ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება, მართალია, მძიმე მსხვერპლის ფასად, მაგრამ ეს არის გამარჯვება, რადგან ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა სწორედ 9 აპრილს დაღუპული გმირების წყალობით ვართ. ეს არის ერის კონსოლიდაციის უპრეცედენტო მაგალითი, რომელიც 30 წლის წინ იყო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურმა.

 

9 აპრილის მოვლენები და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავგანწირული გმირები გაიხსენა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.

 

„ვისაც გვახსოვს 9 აპრილის ღამე, ალბათ, ძალიან რთულია დაჯერება, რომ 30 წელია უკვე გასული, რადგან იმდენად ცოცხალია ის ტკივილი და მოგონება, რომელიც აქ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ეს უდიდესი ტკივილი იქცა ჩვენი თავისუფლების სიმბოლოდ და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს გმირებს, რომლებმაც გაწირეს თავი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ეს არის თავისუფლებისაკენ ბრძოლის ის ერთიანობა და კონსოლიდაცია, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე, სხვადასხვა ეტაპზე გვაერთიანებდა, თუმცა ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

 

9 აპრილის მოვლენების 30 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლის ეზოში,  ფოტო გამოფენა - „მადლობა თავისუფლებისთვის“ მოეწყო. პარლამენტის წევრებმა და დამთვალიერებლებმა გამოფენაზე წარმოდგენილი 1998 წლის 9 აპრილის მოვლენების და დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი ისტორიული დოკუმენტების 70-მდე ფოტომასალა დაათვალიერეს.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას საბჭოთა არმიის დანაყოფების მიერ 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner