logo_geo
eng_logo
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კანონმდებლობის დონეზე იქნება გარანტირებული
- +

15 აპრილი. 2019. 11:42

 

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კანონმდებლობის დონეზე იქნება გარანტირებული. შესაბამისი ვალდებულება გათვალისწინებულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონპროექტით, რომლის ინიციატორი მთავრობაა და პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

 

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებისთვის რეგულარულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი უახლესი ინფორმაცია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ.

 

პროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო ინფორმაცია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ სულ მცირე, უნდა მოიცავდეს მონაცემებს კონცენტრაციების გადაჭარბების დონის შესახებ, მათ შორის, ზღვრულ მნიშვნელობებს, საგანგაშო ზღვრებს, შეტყობინების ზღვრებს ან გრძელვადიან ამოცანებს რეგულირებადი დამაბინძურებლების შესახებ.

 

ამასთან, ინიციატივით კონკრეტდება, რომ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ინფორმაციას თან უნდა ახლდეს კონცენტრაციების ჰაერის ხარისხის სტანდარტთან შედარების მოკლე შეფასება და შესაბამისი ინფორმაცია ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ.

 

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში ნათქვამია, რომ ატმოსფერულ ჰაერში გოგირდის დიოქსიდის, აზოტის დიოქსიდის, მყარი ნაწილაკების (PM10 მაინც), ნახშირბადის მონოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციების შესახებ ინფორმაცია უნდა განახლდეს, სულ მცირე ყოველდღიურად, ხოლო იქ, სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია - საათობრივად.

 

ინიციატივით განისაზღვრება ისიც, რომ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიისა და ბენზოლის კონცენტრაციების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ბოლო 12 თვის გასაშუალოებული მნიშვნელობის სახით, რომელიც სამ თვეში ერთხელ, ხოლო იქ, სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია – ყოველთვიურად უნდა განახლდეს.

 

„მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრული და დროული ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის განმსაზღვრელი კონცენტრაციების, განგაშის ზღვრებისა და შეტყობინების ზღვრების გადაჭარბების შესახებ. აღნიშნული ზღვრების გადაჭარბების შესახებ ინფორმაციას თან უნდა ახლდეს, სულ მცირე შემდეგი სახის ინფორმაცია – ინფორმაცია კონცენტრაციების დაფიქსირებული გადაჭარბების შესახებ; გადაჭარბების ადგილმდებარეობა ან არეალი; გადაჭარბებული ზღვრის ტიპი (შეტყობინების ან განგაშის); გადაჭარბების დაწყების დრო და ხანგრძლივობა; ყველაზე მაღალი ერთსაათიანი კონცენტრაცია და ოზონის შემთხვევაში დამატებით ყველაზე მაღალი რვასაათიანი კონცენტრაცია; ასევე ინფორმაცია მოსახლეობის ტიპის შესახებ, ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ და რეკომენდებული ქცევა“, - აღნიშნულია კანონპროექტში.

 

მთავრობა განმარტავს, რომ ცვლილებები მომზადებულია ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×