logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: სამწუხაროა იმის ნახვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ტაძარი ცეცხლმა გაანადგურა
- +

16 აპრილი. 2019. 11:06

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

 

„სამწუხაროა იმის ნახვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი, ცნობილი პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ცეცხლმა გაანადგურა. ჩვენ ყველას გვახსოვს მისი მომაჯადოებელი არქიტექტურა. მისი არქიტექტურის შესახებ წერისას ჰიუგომ თქვა – დიდი შენობები, დიდი მთების მსგავსად, საუკუნეების ნამუშევარია, ეს არის ქვაში დაწერილი ფიქრები“, - წერს დავით ზალკალიანი.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც სახანძრო სამსახურში განაცხადეს, ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში დაახლოებით 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.

 

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები - მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×