logo_geo
eng_logo
„წერილი, რომლის გამოქვეყნებას არ ვაპირებდი“
- +

8 ნოემბერი. 2016. 15:28


 

ირაკლი მოსეშვილი: წერილი, რომლის გამოქვეყნებას არ ვაპირებდი და ამ სამ წელიწადში დაგროვილმა უსამართლობამ დამაწერინა . . .


(ბოღმანანთხევებს, შურიანებს, გაუთვითცნობიერებლებს, მოდას აყოლილთ. . .

აგრეთვე ყველა ჩემს მეგობარს, ნაცნობს და უბრალოდ კეთლისმსურველს)


2008 წლის 2 იანვარს ბედობის დღე „იმედში" გავატარე...... „იმედი" დამებედა და ასე იქნება სულ... მოგესალმებით ყველას.....


სათაურში მივუთითე, თუ რატომ ვწერ ამ წერილს..... უბრალოდ, დავიღალე ამდენი უსამართლობით.... მე არავის მივაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ, ფაქტებს დავწერ და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.....


„იმედში" 2005 წლის ნოემბერში მივედი, თუმცა ადრეც ვმუშაობდი იქ, სანამ გაიხსნებოდა, 2001 წლის ბოლოდან 2002-ის მაისამდე, როცა პატარკაციშვილმა კოკა ყანდიაშვილს ჩააბარა „იმედი", მისი შექმნა და აშენება. პროგრამების დირექტორი ვიყავი... მერე კოკასვე წამოვყევი - მის გუნდში ვიყავი და სხვანაირად არ შემეძლო...


2005 წლის ნოემბერში მივედი-მეთქი, ინგასთან „რე-აქციის" და „პირველების" აღმასრულებელი პროდიუსერი ვიყავი.... საორგანიზაციო საქმეების მოგვარება, ეთერის გამართულად წარმართვა და ასეთი საქმიანობა. თავიდან იმიტომ ვყვები, რომ გავიხსენო და თქვენც გაგახსენოთ ის სიტუაცია, რაც მაშინ იყო....


მოკლედ ვიტყვი - ძალიან მალე, სულ რამდენიმე კვირაში „იმედი" ჩემი სახლი გახდა. და ასე იყო სულ, იქ ყველას ყველა უყვარდა, გულით აკეთებდა საქმეს, არავინ არ ერეოდა და მითითებებს არ იძლეოდა, ყველა აკეთებდა იმას, რასაც თვლიდა საჭიროდ და მალე „იმედი" რეიტინგებში პირველ ადგილზე გავიდა....


თავიდან ხელისუფლებაც მოდიოდა პირდაპირ ეთერში, მერე დადგა 2006 წლის 29 მარტი თუ არ ვცდები - ზემო ხოდაშენში ვიყავი - მეგობრებთან „ბადაგონის" ქარხანაში, მაშინ ჯერ კიდევ შენდებოდა - დაცვის ოთახში ვუყურებდი ტელევიზორს..... - ბიზნესმენთა ასოციაციაში ბადრი პატარკაციშვილის მკვეთრი გამოსვლა - და დაიწყოოოოოოო . . .


ახლაც მესმის ბოკერიას აჩქარებული სუნთქვა - 15.00 საათზე გამართული ბრიფინგი, აშკარად ამორბოდა კიბეებზე.... ეს იყო ზღვარი - აქ გაიყო გზები, ჩვენ ყველა რატომღაც გავხდით ჩარეცხილები თუ ჩასარეცხები... აქამდე თუ გვიტანდნენ, ამიერიდან ბრძოლა იწყებოდა - ჩვენ ნამდვილად არ დაგვიწყია...


მერეც ვაგრძელებდით ხელისუფლების მოწვევას, იშვიათად მოდიოდნენ და გვიხაროდა (ვინც მიუხედავად „ნაციონალების" მიერ დაგზავნილი მესიჯისა, მაინც მოდიოდა ხელისუფლებიდან - ბენდუქიძე, ნოღაიდელი, ლადო ჭიპაშვილი, გია ბარამიძე, კახა ლომაია, ირაკლი ოქრუაშვილი, ათასში ერთხელ გვერთვებოდა ბოკერია და გიორგი არველაძე - ხო, კიდევ მთავარი იდეოლოგი - ლევან რამიშვილიც რამდენჯერმე გვეწვია)... ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობდა, რომ ჩვენ ოპოზიციური არხი გავმხდარიყავით.... გახსოვთ ცარიელი სკამები ინგას „რე-აქციაში"? ჩვენ ეს ნამდვილად არ გვინდოდა.


2007-იც დადგა, საშინელი წელი ყველანაირად. დავიწყეთ „ღია ეთერი"... პირველი გადაცემა 5 თებერვალს გავიდა - გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია და ეკა ხოფერია..... რატომღაც ხელისუფლება ამან შოკში ჩააგდო..... და ნადირობა მაშინ დაიწყო.....


ნადირობდნენ ყველა ღირებულ თანამშრომელზე, დარეკვა-შემოთავაზება სხვაგან გადასვლის, ძირითადად „რუსთავი-2"-ზე, თავიდან ეს კონკურენციის გამო გვეგონა, მაგრამ მერე სხვა მოძრაობები დაიწყო..... მესიჯი გრიგოლიას მობილურზე - გახსნილი ნომრით - „ჯეოსელიდან" - შენი შვილის მოჭრილ თავს მოგიტანთ სახლშიო და იმავე საღამოს, - „შენი მცდელობა, გადამალო შვილი ბებიასთან, მაინც განწირულია - დღეს იქნება თუ ერთ წელიწადში, ამას ავასრულებთ", - პოლიციამ მესიჯის გამომზავნი ვერ იპოვა.... იყო სხვა შემთხვევებიც....


ასე მოაწია ზაფხულმა და გავედით შვებულებაში..... შვებულების მერე სტაგნაცია - 2007-ის სექტემბერია, ჯერ არაფერი ისეთი არ ხდება..... თუმცა საუბრობენ, რომ გავიყიდეთ - ხელისუფლება ბადრის „იმედის" გაყიდვას სთავაზობს და სანაცვლოდ რკინიგზას აძლევს... (ჰო, მანამდე იყო გირგვლიანზე სიუჟეტი, კეზერაშვილზე არგასული სიუჟეტი - ოღონდ ხმამაღლა განცხადებული გიორგი თარგამაძის მიერ „დროებაში", სერგეი შამბას პირველი ჩართვა „რე-აქციაში", სიუჟეტები თაბუკაშვილის ქუჩაზე დანგრეულ სახლზე და ასე შემდეგ...)


ჰო, კიდევ, სიუჟეტი, ვითომ დამოუკიდებელი ახალგაზრდები რომ ბადრის სახლთან აფრიალებდნენ 1000-დოლარიანებს და ქეთი ქაშაკაშვილმა რომ აღმოაჩინა იქვე „ნაციონალების" აქტივისტები და გამგეობის წევრები.


ჰო, კიდევ, რამდენიმე ყოფილი „იმედელის" განცხადება ოკუპაციის მუზეუმის ფონზე, რომ ამ გისოსების მიღმა მუშაობა მათ არ სურთ და „ამაყად" ტოვებენ ტელევიზიას. არადა, ერთ-ერთი მათგანი საინფორმაციო სამსახურისგან საერთოდ შორს იყო.


მახსოვს, ერთ-ერთი პარასკევი იყო 2 ნოემბრამდე, უფრო ოქტომბრის შუა რიცხვები, როცა „ქრონიკაში" სიუჟეტი გაკეთდა ზეწოლაზე, თანამშრომლების დაშინებაზე და გადაბირების მცდელობაზე. იმავე დღეს „რე-აქციაში" ინგასაც ეს თემა ჰქონდა. მახსოვს ნინი ანდღულაძე - საშინლად ჩაფიქრებული და გულნატკენი სახით. რამდენიმე დღეში ის გარდაიცვალა. მისი სურათი კი 7 ნოემბრამდე „იმედის" ფოიეში ეკიდა. როდესაც თავის დროზე შენობაში დავბრუნდით, სურათი აღარ იყო.


კიდევ სიუჟეტი გურჯაანელ გლეხზე - ავთო ყალიბეგაშვილზე, რომლემაც ვენახი აჩეხა, და ჩვენი დადანაშაულება, რომ ის კაცი მოვისყიდეთ, და ამიტომ აჩეხა. სინამდვილეში იგივე სიუჟეტი იმავე დღეს - ჩვენამდე გაუშვა „მზემ" და „პირველმა არხმა", მაგრამ ისინიც პატარკაციშვილმა დაიქირავა? ეს გლეხი მერე ინგასთან იყო „რე-აქციაში" და არა მგონია, მისი ცრემლები იქ ყალბი ყოფილიყო.


მერე იყო ოქრუაშვილის ჩამოსვლა და ინგასთან „ღია ეთერში" 82-პროცენტიანი AMR-ით. გვეშინოდა, ჩვენთან მოსვლამდე არ დაეჭირათ და უსაფრთხოების ზომები მოგვეღო (რაც 7 ნოემბერს აღარ ყოფილა).... მერე ოქრუაშვილი დაიჭირეს - წაგვართვეს კამერა, დაზარალდნენ რუსკა ჭაბუკიანი და ოპერატორი...... მერე იყო ოქრუაშვილის „აღიარება" და 2-7 ნოემბრის აქციები.....


ჰო, კიდევ, ოქტომბრის ბოლოს „ნიუსკორპი" აქტიურად შემოდის თამაშში, ლუის რობერტსონიც გავიცანით, მის კაბინეტში ხშირად ვიყავით და პროგრამებზე ვმსჯელობდით. არხის პოლიტიკაში ნაკლებად ერეოდა, წყნარი, მოკლე შარვლით და მუდამ ღიმილიანი.


2-ში მახსოვს „რე-აქციაში" ბევრი სტუმარი - პირდაპირ მიტინგიდან მოდიოდა, საეთეროში ვეკითხებოდით - რას აპირებთ? არ ვიცით, რამე იქნება - იყო ძალიან უცნაური პასუხი.... კიდევ მახსოვს „თანასწორობის ინსტიტუტის" რამდენიმე ბიჭი, როგორ ცდილობდნენ საეთერო პულტზე ფეხების შემოწყობას პირდაპირი ეთერის დროს. ამან გამაცოფა.... კულტურულად გაიყვანეს ოთახიდან....


ჰო, კიდევ, პატარკაციშვილის მოულოდნელი ჩამოფრენა და 2-ში მიტინგზე გამოსვლა.... და უკვე გავხდით „ბადრივიზია", „ბადრიონეტები", „ბადრიჯნები" და ასე შემდეგ - ხმამაღლა განცხადებულად. თუმცა 7 ნოემბრის ჩათვლით ობიექტურად ვაშუქებდით ყველაფერს - პრეზიდენტის ლაივების სრული გადაცემის ჩათვლით, მაგრამ ჩანდა, რომ „იმედის" დარბევა მზადდება, ხმებიც მოდიოდა.


4 ნოემბერს, კვირას „დროების" გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე კოჯრის მოსახლეობამ დარეკა, სპეცრაზმი გამოვიდა, ამბობენ, „იმედის" დასარბევად ამზადებენო. ყველანი სამსახურში ვიყავით, პრეზიდენტის 56-წუთიანი ინტერვიუ დავით აფრასიძესთან, „დროებაში" სრულად გავიდა. 6-ში უკვე საგანგებო რეჟიმში თითქმის აღარ ვიყავით, მიტინგზე ხალხის რაოდენობა შემცირდა...და ჩვეულებრივი რეჟიმი დაიწყო, სერიალებიც გადიოდა ეთერში. ლაივი სრულად მარტო „მზეზე" გადიოდა, ისიც იმიტომ, რომ ეჩვენებინათ - აი, რა ცოტა ხალხიაო მიტინგზე.


5-ში „ღია ეთერში" კონსტანტინე გამსახურდია იყო და მისი დიდი ფილმი ვაჩვენეთ ზვიად გამსახურდიაზე - ანუ რეჟიმი უკვე ჩვეული იყო... კიდევ „უცნობის" „დედა-ენა" 2-ჯერ გავუშვით, და კიდევ ერთ კლიპი, რომელიც მე და მიშა თვარაძემ დავამონტაჟეთ - „ახლოა ზღაპრის ბოლო" - „უცნობი" და ირინა ბათიაშვილი რომ მღეროდნენ.


7 ნოემბერს სახლში ვუყურებდი „იმედის დილას", ჩვეულებრივი ეთერი იყო და უცებ - დაარბიესო...... ისევ აირია ყველაფერი...... და მთელი დღე ყველას კარგად ახსოვს, მე ჩემსას მოვყვები.


მთელი დღე „იმედში" ვიყავი 7 ნოემბერს, სანამ შენობიდან ძალით არ გამოგვიყვანეს. მთელი დღე ჩართული გვქონდა ლაივში პარლამენტი, სადაც ხელისუფლება „იმედს" ადანაშაულებდა და ყველაფრის მოთავედ გამოჰყავდა, მიზანმიმართულად. ერთ ჩართვაში ნიკა რურუა ამტკიცებდა, „იმედის" ჟურნალისტი მოუწოდებდა ხალხს, პარლამენტში შევიჭრათო. მერე, როდესაც ლიკა ბერაიამ ჰკითხა, სად როდის და ვინო - მგონი, რადიო „იმედში" მოვისმინეო....


მერე მთელი დღე გივი თარგამაძე და გიგა ბოკერია ამტკიცებდნენ, შემოჭრა არ იქნებაო, ნუ თესავთ პანიკასო. მერე რატომ არ უშვებთ „აგენტებზე" ფარულ ჩანაწერსო, როცა ჩვენმა ჟურნალისტმა აუხსნა, რომ ყველა ჩვენი სარელეო გადამცემი დაზიანებულია და ეკა ადეიშვილი შსს-ში იყო და იქიდან წამოიღო კასეტით ორთაჭალიდან დიღმამდე და ახლა გორდება და გავა ეთერშიო, გივიმ თქვა - თუ გავა, ბოდიშს მოვიხდიო, იმ დღეს ის 14-წუთიანი ვიდეო 2,5-ჯერ გავიდა ეთერში. გივი თარგამაძეს დღემდე ბოდიში არ მოუხდია.


მთელი სამსახური ოპერატიულად მუშაობდა, ყველაფერს ვიწერდით და ეთერში ვუშვებდით. საღამოს 6-ზე სიტუაცია რაღაც დამძიმდა, ყველა დაძაბული ელოდებოდა შემოჭრას. მერე 19 საათზე სააკაშვილის მიმართვა იყო, ესეც სრულად მივეცით - 28 წუთი. არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და ამოვისუნთქეთ - აღარ შემოვლენ, ვფიქრობდით.


გაგრძელდა ჩვეულებრივი მუშაობა - „ქრონიკის" მერე „ღია ეთერი" იწყებოდა, რომელიც იმ დღეს - ოთხშაბათს - გიორგი თარგამაძეს მიჰყავდა. 29 სტუმარი გვყავდა მოწვეული და მე მოსკოვიდან ჩართვა შევუკვეთე - ცოტნე გამსახურდია დაგვთანხმდა, იმ დღის ფარულ ჩანაწერებზე ესაუბრა.


მაგდა ანიკაშვილი, რომელმაც ის დღე გმირულად გადაიტანა, ადგა და ლევან ჯავახიშვილი და სოფო მოსიძე 20-საათიან ეთერზე დაჯდნენ. „ქრონიკა" მიდიოდა ეთერში და სტუმრები „ღია ეთერისთვის" უკვე მოსულები იყვნენ, ბევრი მათგანი, გადავწყვიტეთ, ცოტა ადრე დაგვეწყო - 23-ის ნაცვლად 21.30-ზე - ვიკითხე, სად იყო თარგამაძე, რომ შემეთავაზებინა მოსკოვიდან ჩართვის ადრე გადმოწევა - საგრიმიოროშიაო. ჩავედი მე-2 სართულზე და ვუთხარი გიორგის -კარგიო. და ამ დროს დაიწყო...... 20.40 იყო სადღაც....


ამ დროს „ქრონიკის" საეთეროსკენ გარბოდა ირინკა ხიზანიშვილი, თუ სწორად მახსოვს - შემოიჭრა სპეცნაზიო. ფანჯარაში გავიხედე - იქვე შესასვლელი ცუდად ჩანდა - ეკლესიის მხრიდან - თან ბნელოდა. გიორგიმ გრიმი მოიშორა უცებ და გასასვლელისკენ წავიდა - მეც გავყევი. -„ქრონიკა" ჯერ კიდევ გრძელდება. პირველ და მეორე სართულებს შორის სპეცნაზმა შეგვაჩერა - რაღაც ერთწამიანი დუმილი. გიორგიმ ნიღბიანებს უთხრა -დამშვიდდით, დავაწყნარებ თანამშრომლებსო - ერთი წუთი მაცალეთო და საეთერო სტუდიაში შევიდა. სპეცრაზმელები ვერ ხვდებოდნენ ჯერ, რა ხდებოდა და არაფერი უთქვამთ. გიორგი შევიდა - მერე შიგნით რაც ილაპარაკა თარგამაძემ, ყველას კარგად გახსოვთ. სოფო და ლევანი გამოვიდნენ და სტუდიის კარი ჩავკეტეთ, მე მათ ვუთხარი, ქვევით სპეცნაზია და საეთეროში შედით-მეთქი. შევიდნენ და მისი კარიც ჩავკეტე. მე გადავწყვიტე, ზევით ავსულიყავი, სადაც ღია ეთერის ჯგუფი - ჩემები იყვნენ - მათ შორის ჩემი მეუღლეც - სოფო ნიკოლაიშვილი. დერეფანში საეთერო ტელევიზორს გავხედე - გიორგი ლაპარაკობდა, ოღონდ ხმა არ მესმოდა - ჯერ კიდევ ეთერში ვართ-მეთქი, გავიფიქრე და კიბემდე მივედი, სადაც ნიღბიანებმა გამაჩერეს. ყველას მობილურები ჩამოართვეს. სად მიგაქვთ-მეთქი - თავის დროზე დაგიბრუნდებათო. გაიგებთო. ზოგი სპეცრაზმის ფორმაში იყო, ზოგი უნიღბოდ, ზოგი ჯინსებში, ყველა ყვიროდა, მეოთხე სართული სადააო, ეტობა, თარგამაძის ოთახს ეძებდნენ (ეტყობა, ვინც მათ ინფორმაცია მიაწოდა, უთხრა, რომ გიორგის ოთახი მე-4-ზეაო, არადა, მესამეა - ბუფეტი 0 სართულად ითვლებოდა - ამან ცოტა დააბნიათ) და მის ოთახში მყოფ პოლიტიკოსებს. მე იქვე იარაღის მუქარით დამაწვინეს საფერფლესთან - თუმცა, ვხედავდი, რაც ხდებოდა, ზოგს უმოწყალოდ ექცეოდნენ, ზოგს ასე თუ ისე კულტურულად. თარგამაძე და რამდენიმე პოლიტიკოსი ქვევით ჩაიყვანეს, თათია ტიროდა.


მე ავდექი ფეხზე და წავედი ზევით -ერთმა იარაღი მომიშვირა - საით მიდიხარო, - ზევით ჩემებთან-მეთქი - და გამანება თავი. ზევით უამრავი „იმედელი" იყო კედლებთან აყენებული. მერე ქვევით ჩამოგვიშვეს მეორე ჩამოსასვლელიდან. არ მახსოვს, მაგრამ მგონი მსუბუქად გვჩხრეკდნენ. იქვე იყვნენ ბასა ჯანიკაშვილი და რატი ამაღლობელი, რომლებიც ჩვენთან სტუმრად იყვნენ მოსული. მერე ყველა შეგვიყვანეს ნიუსრუმში, სადაც ჟურნალისტები იყვნენ. სიჩუმე და დაძაბულობა, არავის არეკინებენ. ვიღაცას ნერვები ეშლება და ქალაქის ტელეფონიდან რეკავს სახლში - ცოცხლები ვართო, ვიღაც სპეცნაზელს უყვირის, მიშა თვარაძე აწყნარებს. მერე ყველა გარეთ გავყავართ ეზოში - 7 დეკემბრამდე უკან ვეღარ დავბრუნდებით.


გარეთ უამრავი ყვითელლაბადიანი ეზოში -ჭიშკრის იქით ხალხი და კამერები... ჩვენ ლუბლიანას ქუჩისკენ გავყავართ. გასასვლელში უამრავი სასწრაფოს მანქანაა და გვიკვირს - სერიოზულად არავინ დაშავებულა. ჩვენი დაცვა წვიმიან ამინდში იქვე უწვენიათ თავზე ხელებშემოჭდობილი პერანგებში. საშინელი და დამთრგუნველი იყო ყველაფერი. ლუბლიანას ქუჩაც ჩააბნელეს, რაც ასევე გაგვიკვირდა. მოძრაობას ხელს ვუშლიდით -იქით საავადმყოფოებია - ბავშვთა, ღუდუშაური, ჩვენც ბევრნი ვიყავით და ისე მოსული ხალხიც. პოლიტიკოსებიდან მარტო მამუკა კაციტაძე შევნიშნე. ტელეფონი არავის გვქონდა - მარტო ერთი-ორმა მოახერხა გამოტანა.


ამ დროს გადავწყვიტეთ, ეკლესიის მხრიდან მოგვეარა შენობისთვის და დავიძარით. დავინახე ბევრი, მწკრივად მდგარი პატრულის მანქანა, რომლებიც თავისი ციმციმებით თვალს ჭრიდნენ. უცებ რაღაც წუილის ხმა გაისმა და დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ სროლა რეზინის ტყვიებიდან და გაზი გაუშვეს. ვისაც ეწეოდნენ, ურტყამდნენ კიდეც სპეცნაზელები.


მე, ინგა გრიგოლია, ჩემი მეუღლე და 2-3 ადამიანი ხელმარცხნივ გავიქეცით სიბნელეში მინდორში, რაღაც გაზის მილს გადავაბიჯეთ. ინგას ფილტვის ოპერაციის გამო სუნთქვა უჭირდა და მალევე შეჩერდა - ხესთან შევისვენეთ. რომ წამოვდექი, დავინახე - სადღაც 8 სპეცნაზელი მწკრივად მოდიოდა ჩვენკენ და თან ისროდა, აი, როგორც კინოში გინახავს, ისე. გავიქეცით ისევ და პირველივე ეზოში, სადაც ერთადერთი სახლი იყო, შევვარდით. პირველ სართულზე, იქ იყო ლაშა მიქაძე, მე-3 სართულზე 8 თვის ფეხმძიმე დიანა ტრაპაიძე, როგორღაც სასწრაფო გამოვიძახეთ, და ინგა რესპუბლიკურში წაიყვანეს, იქვე ვუყურეთ, როგორ გამოაცხადა ნოღაიდელმა საგანგებო მდგომარეობა მარტო თბილისში. მერე მე და სოფო სახლში წავედით. ოჯახს გაუხარდა, რომ ცოცხლები ვიყავით. ეს იყო 7 ნოემბერი 2007 წლის. ახლა კი ამის შემდეგ, რაც ხდებოდა, ანუ რის გამოც დავწერე ეს ყველაფერი - და ეს არის წინაისტორია....


საქმე ეხება იმ უსამართლო ბრალდებებს, თითქოს გიორგი თარგამაძემ დახურა „იმედი", გაურიგდა ხელისუფლებას და ბადრის უღალატა. ახლა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა 2007 წლის 8 ნოემბრიდან 2008 წლის 4 თებერვლამდე, როცა მე წამოვედი „იმედიდან"...


8 ნოემბრიდან ერთმანეთს ვპოულობდით. მობილურები არ გვქოდა და „იმედთან" ვიკრიბებოდით, გარეთ ეკლესიის მხრიდან შესასვლელთან, იქით აღარ გვიშვებდნენ. 9-ში გიორგი ამერიკაში და ინგლისში გაფრინდა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად და პატარკაციშვილთან შესახვედრად, თანამშრომლები ბოდბის მონასტერში წავედით, ვილოცეთ, ერთმანეთი მოვიკითხეთ, ჟანაც ჩამოვიდა დიდებაშვილი თელავიდან თავისი „ნივით", რომელზეც „იმედის" ლოგო სასიამოვნოდ გამოიყურებოდა....


მგონი წინა საღამოს შევხვდით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ჩვენ გულწრფელები ვიყავით, ცოტა გაგულისებულებიც, პატრიარქს შველას ვთხოვდით. ისაუბრეს ლევან ვეფხვაძემ, გიორგი თარგამაძემ და მათე კირვალიძემ. მერე პატრიარქმა მოთმინება გვთხოვა და ჯვრები დაგვირიგა. ყველა ჩვენგანს პირადად მიესალმა. ჩემთვის მისი ხელის მოჭერა ხელზე ბევრისმთქმელი იყო.


სანამ თარგამაძე დაბრუნდებოდა, ერთმანეთს ვნახულობდით. როგორც დაზარალებულებმა ახსნა-განმარტებები დავწერეთ შალვა შავგულიძესთან ერთად, მაგრამ მერე არ ვიცი, ეს განმარტებები სადმე გამოიყენეს თუ არა.


გიორგი დაბრუნდა და ლუის რობერტსონის სახლში შევიკრიბეთ ცაგარელის ქუჩაზე. საიდუმლოდ, მობილურები გამოვრთეთ და სამზარეულოში ერთ უჯრაში შევინახეთ. ჰო, გამახსენდა, მობილურები 10 ნოემბერს დაგვიბრუნეს შსს-ში, ოღონდ კარტა და აკუმულატორ ამოყრილები, როგორღაც დავალაგეთ, ვისი რომელი იყო. ჩემსას აკუმულატორი აღარ ჰქონდა. ეს ისე...

მერე იყო „აუდიენციის" შენობა 3 დეკემბრამდე, ყოველდღე ვიკრიბებოდით - ძირითადად საინფორმაციოს ხალხი - ვისაც გვაბრალებენ, რომ დავხურეთ „იმედი". სხვები ძალიან იშვიათად, თითქმის არ მოდიოდნენ. ესეც ძალიან მნიშვლელოვანია ჩემთვის. მერე იქ ვინც არ მოდიოდა - მე მათ „იმედის" ბუფეტის ქურქიანთა არმია შევარქვი, - მერე სწორედ ისინი აქტიურობდნენ გიორგის და საერთოდ ჩვენს წინააღმდეგ. მათი ბოღმანანთხევი ცილისწამებით - მწვანე ბოღმიანი ბალღამით ჭიქა ყავასთან იწყებოდა ბინძური კამპანია, რომელიც მერე „იმედის" კედლებს გასცდა. რატომღაც მათ „აუდიენციაში" ვერ ვხედავდი. ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა. კარგად იციან, ვისაც ვგულისხმობ.


ყოველდღე ვიკრიბებოდით და ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, ვის უნდა შევხვდროდით, უცხოელებს, საელჩოებს, ადამ მიხნიკის ჯგუფს, პიტერ სემნების და ასე შემდეგ, როგორ დაგვეგეგმა პიარ-აქციები. ვაგროვებდით შემორჩენილ ვიდეომასალებს და ფოტოებს. ძირითადად ამ საქმიანობას თარგამაძე და ვეფხვაძე ხელმძღვანელობდნენ. გიორგი ახვლედიანის მეუღლის - შოკა კობერიძის და ერთი სტამბის დახმარებით დავბეჭდეთ და მთელ ქალაქში გავავრცელეთ სტიკერები, ხელსაბნევები და გულსაბნევები წარწერით „დაგვიბრუნეთ „იმედი".


მაშინ გავიდა პირველი სერიოზულად პროპაგანდისტული ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე", რომელშიც დაწყებულ ღვარძლიან კამპანიას თარგამაძის წინააღმდეგ დღემდე აგრძელებენ „კეთილისმსურველები". ოღონდ მაშინ ამას ხელისუფლება ამბობდა, დღეს ოპოზიციადწოდებულთა ნაწილი. მაშინ იყო - მგონი 16 ნოემბერს - სასტუმრო „მეტეხში" ვიყავით უცხოელებთან შეხვედრაზე, როცა ეთერში გავიდა მორიგი პასკვილი, ამჯერად ლევან ვეფხვაძეზე, თუ როგორ ნატრულობდა თურმე იგი 3 ნოემბერს, რომ ერთ-ორი კაცი მომკვდარიყო მიტინგზე და 9 აპრილზე ოცნებობდა. ეს იყო ჩვენთვის შოკი, იმიტომ რომ ყველა ერთად ვიყავით - განსაკუთრებით იმ დღეებში, და მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო.


დღეები იწელებოდა. კიდევ იყო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან. მახსოვს, გაოცებულები გამოვიდნენ მისი კაბინეტიდან - რამდენიმე ჟურნალისტს მან განუცხადა - მე ვეუბნებოდი, დარბევა არა და მაკრატლით არ შეიძლება გადავჭრათ და ეთერი გავთიშოთო? მიპასუხეს, ისინი თანამგზავრზეც გადიანო და ამიტომ უნდა გავთიშოთ ასეთ ფორმებითო. კარგი ლოგიკაა, არა? და მერე ეს ქალბატონიც იტყვის, რომ მის მიერ 3 დეკემბერს გახსნილი „იმედი" თარგამაძემ 26-ში დახურა. მაგრამ ამაზე ქვევით.


21 თუ 22 ნოემბერი.


ბატონი პომპადური - „ნიუსკორპის" აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის კოორდინატორი - ხვდება ხელისუფლებას - კახა ლომაიას, გიგა ბოკერიას, ლადო გურგენიძეს. გვიან საღამოს პომპადური გვხვდება ჩვენ - „იმედის" 100-მდე თანაშრომელს „თბილისი-მარიოტში"", სადაც აცხადებს ხელისუფლების პირობას - „იმედი" გაიხსნება, თუ იქ არ იმუშავებენ - ინგა გრიგოლია, გიორგი თარგამაძე, ეკა ხოფერია და თათია თოფურია. ჩვენ უარი ვუთხარითო - საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთვნენ და იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნებაო. - რემარკა - პომპადური და გურგენიძე თავის დროზე ჯგუფელები იყვნენ და ამან მერე იანვარში გამოიღო შედეგები.


29 ნოემბერს „იმედის" მაუწყებლობა 2-3 საათით ჩაირთო. მუსიკალური კლიპები გადიოდა. ვერავინ ვერ მოვედით აზრზე როგორ, უცებ ყველა დაიბნა და ერთმანეთს ვურეკავდით. მერე უცებ მივხვდით, მე „იმედის" მაშინდელ ტექნიკურ დირექტორს, თემურ ხუბულავასაც ველაპარაკე - იმ დღეს მიტინგი იყო თბილისში მედიის მხარდასაჭერად. და უცებ კასეტები აიტანეს ანძაზე და იქიდან გაუშვეს სიგნალი - მოტივით, რომ აი, ხალხო, რა გინდათ, „იმედი" მაუწყებლობს, უბრალოდ ჯერ ტექნიკურად ასწორებენო. არადა, „იმედის" შენობიდან იმ მომენტში ვერაფერს გაუშვებდი - ჯერ ერთი, ბუზი ვერ შეფრინდებოდა შიგნით, მეორეც - ყველაფერი დალეწილი იყო. მცდელობამ არ გაამართლა, ხალხი მიტინგზე მაინც მივიდა. მერე ჩამოვიდა ადამ მიხნიკი, რამდენიმე შეხვედრა და ზეწოლა და შედეგი სახეზეა.


დგება 3 დეკემბერი. „აუდიენციაში" ვიყავით, ჩვენ - საინფორმაციოს ხალხი და ლუის რობერტსონი - როცა პარლამენტის სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ „იმედზე" ყადაღა იხსნებაო. იყო დიდი სიხარული, ამის კადრებიც არსებობს.


მერე 6-7 დეკემბრის ღამე, როცა კარი ზუსტად ღამის 12-ზე გააღეს და შიგნით შევედით. საშინელი სიტუაცია იყო, თან საშინელი სუნი -ალბათ აყროლებული პროდუქტების. დაიწყო ყველაფრის აღდგენა. ყველამ მაგრა იმუშავა. გვინდოდა რაც შეიძლება მალე გასვლა ეთერში. დირექტორთა საბჭოზე იხილებოდა ეს საკითხები. ზოგი ამბობდა, არ ვიჩქაროთ - მარიო ჩიმაროს კასეტები დაიკარგაო.... იქ ცდილობდა გიორგი, გაეტანა ეთერში დაწყება რაც შეიძლება მალე...


8 დეკემბერს მე და გიორგი „რია-ნოვოსტის" ოფისში ვიყავით ბრიფინგზე, სადაც ითქვა, რომ 12-ში ნებისმიერ შემთხვევაში გავიდოდით ეთერში. ასეც მოხდა. ყველამ ძალიან მოინდომა. განსაკუთრებით ტექნომედიამ და ტექნიკურმა სამსახურებმა... კლიპიც გაკეთდა „ყველაფერი კარგად იქნება". ბესო აკეთებდა სოლომანაშვილი. ბოლო წამებზე მორჩა მონტაჟი. ამაღელვებელი იყო ეთერში დაბრუნებაც. ჯერ გიორგი ეთერში. ანუ როგორც დავიხურეთ. მერე ჯავახიშვილი და მოსიძე. და ისევ დაიქოქაა...


შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მაინც იყო. . . რამდენიმე თანამშრომელი დახურვის პერიოდში წავიდა. ზოგი საერთოდ მოწყდა ტელევიზიას, ზოგი სხვა არხზე გადავიდა...... ყოველდღე „ღია ეთერი" პარასკევის ჩათვლით. სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ მაგდა წაიყვანდა, ანიკაშვილი. მისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო - საინფორმაციოს წამყვანიდან უცებ თოქ-შოუს წაყვანა. პირველ ეთერზე ძალიან ნერვიულობდა. სპონტანურად გავაკეთეთ სტუდია სხვადასხვა დეკორაციების შეერთებით. სტუდიაში „იმედის" თანამშრომლები იყვნენ. გიორგის და მაგდას მიჰყავდათ ეთერი. ცხოვრება თითქოს ჩვეულ სტილს დაუბრუნდა, ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ გარედან ზეწოლა გაგრძელდა. და ის უფრო მწვავე ხასიათს იღებდა. გადაბირება-დაჟანტაჟებას ბოლო არ უჩანდა... ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი იყო და სტუდიას თანაბრად ვუთმობდით პრეზიდენტობის კანდიდატის სხვადასხვა მხარდამჭერებს. ნაციონალებმაც პირობა აიღეს და აგზავნიდნენ თავიან წარმომადგენლებს.


16-ში გავიდა 7 ნოემბრის შემდგომი პერიოდის პირველი „დროება". მაშინ პირველად ითქვა ღიად და დეტალურად, რა და როგორ მოხდა, ბევრი ისეთი აქტი გახმაურდა, რაც საზოგადოებამ საერთოდ არ იცოდა, მათ შორის, როგორ გაითიშა „იმედში" მაუწყებლობა, რა ხდებოდა ამის შემდეგ დიღომში და როგორ აღდგა მაუწყებლობა. სერიოზულ დონეზე გაკეთებული სიუჟეტები იყო. პირველი „მანიაკის" - ალეკო გაბუნიას სიუჟეტი უნდა გასულიყო და ისიც სიმწრით მოესწრო, კასეტით გავიდა ეთერში, სანამ თარგამაძე შესავალს აკეთებდა, ვიდეო კასეტაზე იწერებოდა.


პირველი ერთი კვირა ასე თუ ისე მშვიდობიანად გადაგორდა. მერე ისევ დაიწყო. წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად, შეფარვით თუ პირდაპირ დაიწყო ისევ ნადირობა „იმედზე" და „იმედის" ჟურნალისტებზე. ჩვენ მაინც ვცდილობდით, მაქსიმალურად ნეიტრალურები ვყოფილიყავით.


მეორე დასასრული დაიწყო 2007 წლის 24 დეკემბერს, როცა 18.00 საათიან „კურიერში" გაუშვეს პატარკაციშვილის და კოდუას საუბრის მონტაჟი. ეს იყო შოკი. ორი სიტყვით რომ ავხსნა - რატომ იყო ჩვენთვის შოკი - თავად საზოგადოებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო, მაგრამ ჩვენთვის - "იმედელებისთვის" იყო ორმაგი შოკი. გადმოცემული მასალით გამოდიოდა, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატი, რომელიც ფლობს „იმედის" 51 პროცენტს, გადატრიალებას გეგმავს. ხელისუფლებას იმ წამსვე მიეცა საბაბი, ეთქვა, რომ ჩვენ კვლავაც "გადამტრიალებლები" ვართ - "ბადრივიზიის" "ბადრიჯნები", "ბადრინოტები" და ასე შემდეგ... აი, ნახეთ - ესენი ყველთვის იძახდნენ, რა დამოუკიდებლები არიან და სინამდვილეში რა გეგმები ჰქონიათო. ზეწოლა გრძელდებოდა ცალკეულ ჟურნალისტებზე, დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იყო. „იმედის" ყველა გასასვლელთან იდგნენ სხვა ტელევიზიის კამერები, და ვინმე გამოვიდოდა თუ არა შენობიდან, მიკროფონს ჩრიდნენ პირში - აბა, დატოვე ტელევიზია თუ არაო.....


ამას დაემატა ისიც, რომ "სანაქებო" ოპოზიცია უარს აცხადებდა ეთერში მოსვლაზე - 24, 25 და 26 დეკემბერს, თითქმის არავინ მოსულა "ღია ეთერში". ამ გადაცემის მაშინდელ პროდიუსერებს სოფო ნიკოლაიშვილს და ბაია გადაბაძეს შეუძლიათ დაადასტურონ, რომ თითქმის ყველა პასუხი სტუდიაში მოწვევაზე იყო დაახლოებით ასეთი შინაარსის - „ვერ მოვალთ, რა გინდათ, ბადრი „გავაპრავოთო"? (გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ, მოვა დრო და იმედია, ისინი თავად იტყვიან ამაზე).


ისიც სიცრუეა, თითქოს თარგამაძემ მიაწოდა პროკურატურას კოდუა-პატარკაციშვილის ჩანაწერი. ამას ჩვენც ისევე როგორც სხვები ლაივში ვუყურებდით. მაშინ ცენტრალურ სააპარატოს აკონტროლებდა ბადრის საარჩევნო შტაბი და ყველა მასალის გადმოგორება ლონდონიდან და ისრაელიდან ხორციელდებოდა საინფორმაციო სამსახურის ჩარევის გარეშე. სავარაუდოდ, ამას გუგა კვიტაშვილი დაადასტურებს. რაც „იმედში" მოვიდა - ის ეთერში გავუშვით: როგორ ჩხრეკს პატარკაციშვილის დაცვა კოდუას და მერე მგონი აივანზე მათ აუდიოჩანაწერი, რომელიც საშინელი ხარისხით ისმოდა.


ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით, რომ პატარკაციშვილის მიმართვა „გორდებოდა" „იმედში". მაია თაბაგარის ოთახში ვიყავით 25 დეკემბერს საღამოს, როცა ერთ-ერთი ჟურნალისტი შემოვარდა და გადართეთ სასწრაფოდ „რუსთავზე", ბადრის მიმართვაა „იმედის" თანამშრომლებისადმიო. გიორგიც და ყველა იქ მყოფი შოკში ჩავვარდით. ჩვენდამი მიმართვა რომ მოდიოდა, ჩვენ არ ვიცოდით, - ამ დროს იწერებოდა ეს „იმედის" სააპარატოში და ღია არხით მოდიოდა და ყველა სხვა არხმა ლაივში მისცა.


ამავე საღამოს, 25 დეკემბერს, როცა ბოლო „ღია ეთერზე" ვმუშაობდით, გიორგის თავის კაბინეტში შეხვდა "დროების" ჟურნალისტთა ნაწილი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ასეთ ტელევიზიაში და ასეთ პირობებში ვერ იმუშავებდნენ და ხვალ ტოვებდნენ "იმედს". სამწუხაროდ ერთი-ორი მათგანი უკვე საკმაოდ დამუშავებული იყო, სხვები ამ ტალღას აყვნენ. ღამის სამ საათამდე თარგამაძე მათ სთხოვდა, რომ ეს არ გაეკეთებინათ და სთხოვდა რამდენიმე დღეს, რაც საჭირო იყო სიტუაციის დასარეგულირებლად. სამწუხაროდ შეგონება შეგონებად დარჩა...... ეს 26-ში დილით გავიგეთ, როცა გადამღებ ჯგუფს ყოფილმა "დროებელებმა" დაურეკეს და სთხოვეს მათ განცხადების გასაშუქებლად 13 საათზე მისვლა. სიტუაცია კონტროლიდან გადიოდა, ამ განცხადების მერე "იმედი" "ქრონიკის" ორმა ჟურნალისტმა დატოვა - პირდაპირ ჩაიცვეს ქურთკები და წავიდნენ. ეთერში ჯერ კიდევ ვიყავით, მაგრამ საშინელი ქაოსი ტრიალებდა.


იმ თეორიული შანსის შესახებ, რომ შეიძლებოდა იმ დღეს დავხურულიყავით, თავისი ვერსია მითხრეს თეა სიჭინავამ და თენგო მეზურნიშვილმა, ასე 14 საათზე. მე ჯერ წინააღმდეგი ვიყავი. 14.30 იგივე თემაზე ვისაუბრეთ მე და გიორგიმ. გამოსავალი მხოლოდ ეს რჩებოდა და საჭიროების შემთხვევაში საინფორმაციოს ნაცვლად რადიო "იმედის" გადაცემებს ჩავრთავდით. ანუ საუბარი იყო მხოლოდ საინფორმაციოს გაჩერებაზე, არხი განაგრძობდა მუშაობას. გიორგის და საინფორმაციო სამსახურის პოზიცია გასაგები იყო - ასეთ პირობებში ვერ ვიმუშავებდით თან ყველა მხრიდან საშინელი ცილისწამების, პრესის და შანტაჟის პირობებში. სხვათაშორის, იმ "ძველი", ჩვენი "იმედის" ბოლო გადაღებაზე იყო ეკა ადეიშვილი საპატრიარქოში, სადაც ნინო ბურჯანაძემ, მაშინდელმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა განცხადება - დაახლოებით ასეთ შინაარსის და პათოსის: ჯერ შეხედა "იმედის" მიკროფონს და ნახევრადღიმილიანი სახით ჟურნალისტს უთხრა - აა, თქვენ ჯერ კიდევ "იმედში" ხართ? და მერე გააგრძელა, ვაცადოთ რთულ მდგომარეობაში მყოფ ამ არხის თანამშრომლებს, თავისით გაერკვნენ სიტუაციაში (ანუ ვისაც წამოსვლა უნდა, თავისით წამოვაო, პათოსი დაახლოებით ასეთი იყო).


"იმედში" მოვიდა ახალნაოპერაციები, დრენაჟებჩადგმული ჩვენი მთავარი რეჟისორი ზურა ფანქველაშვილიც, მესამე სართულზე შევხვდით - "ღია ეთერის" ოთახში. მაგდა შეშფოთებული იყო, მე მაინც ვცდილობდი, მათთვის მხნეობა შემენარჩუნებინა, იმედია, მალე რამე გადაწყდება-მეთქი.....


ამ პერიოდში ტელევიზიის ხელმძღვანელობა ელაპარაკება პატარაკაციშვილს სკაიპით, ჩემი ინფორმაციით, საუბარში მონაწილეობდა ბერეზოვსკიც. ეს უკანასკნელი გამოდის ინიციატივით, რომ ასეთ პირობებში ჯობია მთლიანად გაჩერდეს არხი, რაც მუხტს აწევს წინასაპრეზიდენტო არჩევნებში. ტელევიზიას თავისი პოზიცია აქვს. გიორგი უხსნის ბადრის სიტუაციას, ბადრი თარგამაძეს სთავაზობს 100-ვე პროცენტის მასზე გადაფორმებას, რაზეც კატეგორიულ უარს იღებს.....


ასე 5 საათზე ვიგებთ, რომ გადაწყდა არხის დროებით გაჩერება მთლიანად. 18.00 საათზე ეთერში გადის ტელევიზიების ისტორიაში ყველაზე მოკლე საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ლევან ჯავახიშვილს მიყავს. ის აცხადებს, რომ 20 საათზე გაკეთდება სპეციალური მიმართვა. მანამდე ნიუსრუმში იკრიბება მთელი "იმედი", ასე 300 ადამიანი მაინც იქნება. გიორგი და ბიძინა ლაპარაკობენ მიზეზებზე. ცხადდება, რომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი და რამდენიმე დღეში მაუწყებლობა განახლდება. საინფორმაციო მუშაობას არ აჩერებს, გადაღებებზე ჯგუფები მაინც გავლენ. იმ შეხვედრაზე განსხვავებული მოსაზრება არავის გამოუთქვამს - ამაზს ხაზს ვუსმევ, იმიტომ რომ შემდგომში ბევრი ვერსია გამოითქვა, რომ თურმე მხოლოდ თარგამაძეს და მის გუნდს მიზეზთა გამო საოცნებოდ ჰქონია თურმე არხის გათიშვა. ვინმეს მაინც რომ ეთქვა იმ შეკრებაზე რამე ან სხვა პოზიცია მაინც ყოფილიყო, და გიორგი შეწინაღმდეგებოდა მას, ეჭვის არსებობის საფუძველი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ასე ნამდვილად არ ყოფილა. და ამას ვერავინ იტყვის, როგორც მინიმუმ იმ შეხვედრაზე მყოფნი.


20 საათისთვის სხვა მაგიდას ვდგამთ ნიუსრუმში, რომ ყველა გამოჩნდეს.... მაგიდასთან გიორგი თარგამაძე და ბიძინა ბარათაშვილი სხდებიან. საერთო განცხადებას გიორგი კითხულობს. ხსნის მიზეზებს. ეს განცხადება ინტერნეტში დღემდეა ვიდეოს სახით, ამიტომ მის შინაარსზე არ შევჩერდები, შემდეგ მსურველებიდან მხოლოდ მერაბ მეტრეველი აკეთებს განცხადებას. სხვა მსურველი არ ყოფილა. მერე "იმედისთვის" გაკეთებულ ნინი შერმადინის კლიპს ვუშვებთ ჯემალ სეფიაშვილის მუსიკაზე "ყველაფერი კარგად იქნება". და ეთერი გადადის ფერადი ზოლების გენერატორზე "გცპ". ასე იქნება კიდევ რამდენიმე თვე... ეს კადრი შეიცვლება რამდენიმე თვის შემდეგ სხვა ხელმძღვანელობის ხელში, და ის უკვე სულ სხვა "იმედი" იქნება.


ყველას გული ჩაგვწყდა. ბიჭები (გოგებიც) იქვე დიღომში, "კრომბახერში" წავედით. "რუსთავი-2" ჩავართვევინეთ. სიცრუის და გამარჯვების ზეიმი სუფევდა. მეტს არაფერს დავამატებ. ერთი ინფო მაშინდელი 9 საათიანი „კურიერიდან" - დიანა ტრაპაიძემ და ჯონი კალანდაძემაც დატოვეს „იმედიო". არადა იმ დღეს ჯონის გული წაუვიდა „იმედშივე" და სასწრაფო გამოვიძახეთ. კომენტარის გარეშე.....


შემდგომი პერიოდი: 2007 წლის 27 დეკემბერი - 2008 წლის 4 თებერვალი....


დაიწყო გაურკვევლობის პერიოდი, "იმედში" ყოველდღე მივდიოდით, ყველანი შოკში ვიყავით, მაგრამ ვცდილობდით გამოსავლის პოვნას. განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტი იმ გათვლით, რაზეც ზევით მეწერა. ანუ, რა შემთხვევაში შეძლებდით ეთერში გასვლას უმტკივნეულოდ ისე, რომ არც ჩვენი 4-წლიანი რეპუტაცია შელახულიყო და ისე, რომ ხელისუფლებას ხელში არ ჩაეგდო "იმედი", პლუს ისე, რომ ხელისუფალთ არ დაეყვედრებინათ, რომ პრეზიდენტობის იმ კანდიდატის ტელევიზია ხართ, რომელიც გადატრიალებას ამზადებდაო. ყოველდღე "ნიუსრუმში" ვიკრიბებოდით და ვმსჯელობდით გამოსავალზე. რამდენჯერმე ლუის რობერტსონიც გვესწრებოდა. "ბეწვისქურქიანები" (ქალბატონები არანიუსებიდან) სულ ბუფეტში ისხდნენ და მარიო ჩიმაროს თვალებით დამცინავი, მომლოდინე გამოხედვით გვიყურებდნენ. ჩვენ სწრაფად გვინდოდა ეთერში გასვლა - და რატომღაც ჩვენ ვითვლებოდით მოღალატეებად. სწორედ იქ, ბუფეტის წიაღში, ამოტრიალებული ყავის ჭიქების გროვაში, ჩნდებოდა ის ამაზრზენი ჭორები და ცილისწამება, რაც მერე თარგამაძის და მისი მეგობრების პოლიტიკური მოღვაწეობის პირველ წელს ღვარძლად, შურად და ბოღმად გადმოინთხა პრესის ფურცლებზე.


31 დეკემბერს - ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე, ისევ "ნიუსრუმში" გვქონდა შეხვედრა პატარკაციშვილის წარმომადგენელთან, მოტკინთან, რომელიც სიტუაციის გასარკვევად ჩამოვიდა მგონი ლონდონიდან. ჩვენ ავუხსენით, რომ, რა თქმა უნდა, მფლობელის გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა, ეს ბუნებრივია, აქ არც ბუნტია, არც გაფიცვა და არც არავის ვუყენებთ მოთხოვნებს. უბრალოდ რეალობა ასეთია და უმჯობესი იქნება, რომ დროებით, სანამ სიტუაცია დალაგდება, წილების გადანაწილება მფლობელობაში ისე მოხდეს, რომ "იმედის" საინფორმაციო პროგრამების მიკერძოებულობაში ვინმემ ეჭვი არ შეიტანოს, თან ისე, რომ ხელისუფლებამ „იმედი" ხელში ვერ ჩაიგდოს. მან ეს შეხვედრა ფაქტიურად უკომენტაროდ დატოვა, ალბათ მის კომპეტენციაში არც რჩევის მოცემა შედიოდა, არც კომენტარის გაკეთება.


დადგა ახალი წელი. 2-ში ბედობა იყო... 2008 წლის 2 იანვარს ბედობის დღე „იმედში" გავატარე...... "იმედი" დამებედა და ასე იქნება სულ.... ასე 10 ადამიანი ვიყავით სულ შენობაში, დავდიოდით ცარიელ "იმედში" მართლა იმის იმედით, რომ მალე ისევ ყველაფერი მოიქოქებოდა. სამწუხაროდ სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები...


3 იანვარი 2008 წელი. ხალხი ისევ გამოვიდა სამსახურში. გიორგი სასადილოშია (ოღონდ "ბეწვისქურქიანების" მხარეს არა), იქვეა ლევანი (ვეფხვაძე), თეა სიჭინავა, სხვებიც - ზუსტად არ მახსოვს, მეც იქ ვჯდები. გიორგი ლაპარაკობს და ამბობს, რომ ამ დღეებში ასეთ ვარიანტი მოიფიქრა: ის აღარ იქნება საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამების დირექციის ხელმძღვანელი, არამედ დარჩება რიგით ჟურნალისტად და "დროების" წამყვანად, "დროება" გაკეთდება იმ რესურსებით, რაც დარჩა. შეიქმნება გარკვეული საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც გაუწევს მონიტორინგს საინფორმაციო პროგრამების პოლიტიკას და მისი მიუკერძოებლობის გარანტი გახდება (ასეთ საბჭოში მოიაზრებოდნენ ზვიად ქორიძე, ია ანთაძე და მსგავსი ჟურნალისტები და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები). იდეა საინტერესოა, მთავარია, ამას დირექტორატი და მფლობელები როგორ გაიზიარებენ. პლუს იქვე ითქმება წილების განაწილების დროებით სისტემა, რომელსაც ლევანი გვთავაზობს, უფრო სწორად, დამფუძნებლებს შესთავაზებს: 49 პროცენტი პატარკაციშვილს, 49 პროცენტი "ნიუს კორპორაციას" და 2 პროცენტი "იმედის" თანამშრომლების გარკვეულ გაერთიანებას. ეს არ იქნება ფინანსებში გამოხატული 2 პროცენტი, უბრალოდ, ეს 2 პროცენტი თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი მიიღება ერთობლივად. ამ შემთხვევაში:


1.         ხელისუფლება ვეღარ იტყვის და იმანიპულირებს, რომ "იმედი" პატარკაციშვილისაა და მას "იმედის" დახმარებით უნდა გადატრიალება ქვეყანაში;


2.         ხელისუფლება ვერ ჩაიგდებს "იმედს" ხელში თუნდაც "ნიუს კორპორაციის" დახმარებით, რომლის აღმოსავლეთ ბიუროს ხელმძღვანელი - ბატონი პომპადური და საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე თავის დროზე ჯგუფელები იყვნენ;


3.         "იმედი" განაგრძობს მაუწყებლობას და ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება ობიექტურობის იმიჯი, რაც მან წლების მანძილზე დააგროვა.


მთავარი იყო ახლა ამის პრაქტიკული განხორციელება. მზაობა იმისა, რომ ეთერში გავიდოდით, ნამდვილად ყველაში იყო. ცუდი იყო ის, რომ ნებისმიერი ჩვენი საჯარო შეხვედრის შესახებ ნიუსრუმიდან, 2 წუთში ხელისუფლებამ უკვე ყველაფერი იცოდა, და რაღაც გარკვეულ კონტრზომებს იღებდა. ბოლოსწინა მსგავსი შეხვედრა 4-ში გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ მეორე დღეს არჩევნებზე "იმედის" გადამღები ჯგუფები აქტიურად ივლიდნენ. მე, ეკა ადეიშვილი, რუსკა ჭაბუკიანი, ზურა ფანქველაშვილი გვიანობამდე დავრჩით. ცესკო-დან მოვიტანეთ ფორმები და აკრედიტაციები გავამზადეთ. 5 იანვარს ყველა გადაღებაზე იყო, გვიხაროდა. მალე გავალთ ეთერში....


6 იანვარი იყო, როცა სოსო ბარნაბიშვილის მამის პანაშვიდზე ვიყავით და "იმედიდან" დაგვირეკეს, დროზე მოდით, ბუნტს გიწყობენო.....მივედით, "ბეწვისქურქიანებს" დაეპყროთ ბუფეტი და გვადანაშაულებდნენ, რომ ჩვენს გამო ვერ უშვებენ ჩიმაროს ეთერში..... მე ქვევით ვყვიროდი, გიორგიმ დამიძახა, ამოდი, გაანებე თავიო. ისევ ნიუსრუმში შევიკრიბეთ და ჩვენი იდეები ამჯერად ლუის რობერტსონს ვუთხარით, რომ მზად ვიყავით ეთერში გასასვლელად. ლუისმაც კვერი დაგვიკრა და აბა, თქვენ იცითო. სავარაუდოდ ძველით ახალ წელს გავიდოდით, 13-ში, საახალწლოც გადაღებული იყო და მონტაჟდებოდა. მე მივმართე რობერტსონს და ვუთხარი, მერე გაურკვევლობა რომ არ ყოფილიყო, ბრიფინგი ჩაეტარებინა იმავე დღეს და ეს ამბავი გაეხმაურებინა. რამდენად საჭიროაო, მე ვუთხარი, სასურველად აუცილებელია-თქო. ყველას გაეცინა. მაგრამ რობერტსონს იმ დღეს, არც მერე, ბრიფინგი არ ჩაუტარებია. უფრო მეტიც, მეორე დღეს სლავა კოზლიაკოვსკისგან (არხის გრაფიკოსი) ვიგებ, რომ ეთერში არ გავდივართ. მიზეზი უცნობია...... ისევ გაურკვევლობა.....


9 იანვარი. გიორგის ოთახში ვიკრიბებით რამდენიმე ადამიანი. სკაიპით უნდა ველაპარაკოთ პატარკაციშვილს და ავუხსნათ ჩვენი პოზიცია. ოთახში ვართ თარგამაძე, ვეფხვაძე, ჯონი კალადაძე, გიორგი მოლოდინი, თეა სიჭინავა, გიორგი ახვლედიანი, თათია თოფურია და მე. საუბარი დაახლოებით საათნახევარი გრძელდება. თავიდან პატარკაციშვილი თავის არგუმენტებს გვიხსნის. მერე საუბარში ვეფხვაძე და კალანდაძე ერთვებიან და უხსნიან იმ სქემას, რომელსაც ვთავაზობთ და ვამატებთ, რომ მზად ვართ ეთერში გასასვლელად. პატარკაციშვილს მოსწონს იდეა და ამბობს, რომ იგი პრინციპში თანახმაა, მაგრამ ეს საკითხი უნდა შეუთანხმოს თავის ბიზნესპარტნიორებს. საკმაოდ გახარებულები ჩავდივართ ქვევით და სხვებს ვეუბნებით, რომ ეთერში გავალთ ალბათ მალე....


მაგრამ 10-ში ისევ შევიკრიბეთ გიორგის ოთახში პასუხის გასაგებად, თუმცა სხვა საუბრობს ინგლისურად და გვეუბნება, რომ საუბარი შედგება მეორე დღეს - 11 იანვარს.....


11 იანვარი 2008 წელი. ავადსახსენებელ ბუფეტში ლამის მთელი „იმედია" შეკრებილი.... ვიგებთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად, იმ სტუდიაში, საიდანაც "ღია ეთერი", "დროება" და "რეაქცია" გადიოდა, ამზადებენ დარბაზს - თითქოს პატარკაციშვილი ვიდეოხიდით მიმართავს თანამშრომლებს. თუმცა საღამოსკენ ბიძინა ბარათაშვილს ბუფეტში შემოყავს პატარკაციშვილის და, რომელიც აცხადებს, რომ არანაირი პროცენტები არ შეიცვლება, იქნება ისევ ისე, როგორც იყო. ვისაც გინდათ, წადით, ვისაც არა - დარჩით. და ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, როდის გავალთ ეთერში..... ვიღაცამ აშკარად ცუდად ითამაშა......


გიორგი გვეუბნება, რომ აზრი არ აქვს ასეთ პირობებში მუშაობას და ხვალ, შაბათს გვთხოვს ნიუსრუმში შევიკრიბოთ....


12 იანვარი. ნიუსრუმში გიორგი ხსნის მიზეზებს, თუ რატომ ვეღარ დარჩება, ის მიდის, ტაშით ვაცილებთ. ეს ყველაფერი მისი შექმნილი იყო..... საღამოს უკვე თარგამაძეს ბრიფინგი აქვს და აცხადებს პოლიტიკაში წასვლის შესახებ. პრესკონფერენცია სახალხო დამცველის ოფისში ტარდება. „იმედში" ვუყურებთ რამდენიმე ადამიანი ლაივს, გიორგი ჩაუვლის მიკროფონებს, ხელით თბილად შეეხება "იმედის" მიკროფონს და საუბარს იწყებს.... ფაქტიურად მორჩა.....


მე "იმედიდან" 2008 წლის 4 თებერვალს წამოვედი, მანამდე ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, როდის განახლდებოდა მაუწყებლობა. მე ბოლომდე ვრჩებოდი, მაგრამ არც 13 იანვარს - რესპუბლიკის მოედანზე გამართული მიტინგის დღეს, არც 20-ში - სააკაშვილის ინაუგურაციის და იპოდრომის მიტინგის დღეს, "იმედს" მაუწყებლობა არ განუახლებია....


ახლა კითხვა, რომელზეც ვერავინ გამცა პასუხი დღემდე: თუ თარგამაძემ დახურა "იმედი" და ხელს უშლიდა მისი მაუწყებლობის აღდგენას, როგორ მოხდა ისე, რომ 31 დღის განმავლობაში, რაც გავიდა გიორგი თარგამაძის წასვლიდან პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე (12 იანვარი - 13 თებერვალი) - ამ 31 დღის განმავლობაში, როცა მფლობელი ისევ პატარკაციშვილი იყო და დირექტორატში „ნიუსკორპორაციაც" იყო, რატომ არ განახლდა მაუწყებლობა??? მიპასუხეთ ამ კითხვაზე და გაგრძელება იქნება . . .



პატივისცემით,

ირაკლი მოსეშვილი

2010-2011 წლები.....




 

right_banner
არქივი
right_banner