logo_geo
eng_logo
სუს-მა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

8 ივნისი. 2019. 20:36

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 14 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დიდი ოდენობით თაღლითობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორი ალექსი ს.  სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 8 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ბილდინგ-დეველოპერს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში წყლის ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორმა ალექსი ს-მ არასრულყოფილად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 21921.86 ლარის ოდენობით.

 

გამოძიება დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×