logo_geo
eng_logo
პროკურატურის შუამდგომლობით, კიდევ ორი მსჯავრდებული გამართლდა
- +

19 ივნისი. 2019. 13:43

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით,  სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრის თეიმურაზ ნაოჭაშვილის და გიორგი კუპრეიშვილის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.

 

„პოლიტპატიმარი თეიმურაზ ნაოჭაშვილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო და აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციურ მოძრაობაში. სწორედ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, 2008 წლის 11 ივნისს იგი სოფელ ტყვიავში იმჟამინდელმა შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული საშუალება მეტადონი „ჩაუდეს“.   

 

გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე 2008 წლის 23 დეკემბერს, თეიმურაზ ნაოჭაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 000 ლარი მიესაჯა. საპატიმრო დაწესებულების დატოვება მან 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ შეძლო.

 

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას და მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახალგამოვლენილი გარემოებები და პოლიტპატიმარი უდანაშაულოდ ცნო.

 

მეორე გამამართლებელი განაჩენი ყოფილი სამართალდამცავის გიორგი კუპრეიშვილის მიმართ იქნა გამოტანილი, რომელსაც 2006 წელს გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე წარმართული გამოძიების შედეგად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

 

2004 წელს, იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ  აჭარაში განვითარებული მოვლენებისგან გიორგი კუპრეიშვილის ჩამოშორება და მისი იზოლირება, გამომდინარე იქიდან, რომ მას როგორც მაღალ თანამდებობაზე მყოფ სამართალდამცავს ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენები რეგიონში.

 

2004 წლის 05 მაისს,  აჭარაში სამართალდამცავებმა გიორგი კუპრეიშვილი უკანონოდ დააკავეს და გადაიყვანეს ფოთის სამხედრო კონტრდაზვერვის შენობაში, სადაც 1 დღე უკანონოდ ჰყავდათ თავისუფლებააღკვეთილი. მეორე დღეს, თბილისიდან მიღებული დავალების შესაბამისად არაოფიციალურად დაკავებული გიორგი კუპრეიშვილი  მიიყვანეს ქ. თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე განთავსებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, იმჟამინდელ უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრაზე, საიდანაც გამოსული ყოველგვარი დაკავების ოქმის და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პირდაპირ შეასახლეს ე.წ. „მოდულის“ შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში. მხოლოდ 2 დღის შემდეგ, 2004 წლის 08 მაისს მასთან გამოცხადდა გამომძიებელი, რომელმაც  ოფიციალურად შეავსო დაკავების ოქმი.

 

გიორგი კუპრეიშვილის დაკავების გაფორმების შემდეგ, მისი უკანონო მსჯავრდების მიზნით დაიწყეს ხელოვნურად მტკიცებულებების შეკრება, რის შედეგადაც მას წარედგინა ბრალდებები სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და კერძო საუბრის უკანონო ჩაწერა, მიყურადებისთვის, რა ბრალდებებიც სრულად გამოირიცხა ახალი გამოძიების პირობებში გამოვლენილი ახალი გარემოებებით. 

 

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გიორგი კუპრეიშვილის საქმეში აღმოჩენილი პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახალგამოვლენილი გარემოებები და იგი უდანაშაულოდ ცნო.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით დეპარტამენტმა სასამართლოს 67 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, მათგან 17 ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, რომელიც მათ მიენიჭათ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით 61 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner