logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში 2 პირი დააკავა, რომლებმაც მოქალაქის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს
- +

18 აგვისტო. 2019. 13:57

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

 

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქე თავისი დისშვილის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სხვა ავტომობილში, მძღოლის - 1993 წელს დაბადებული მ.ა.-ს გვერდით მჯდომმა მოქალაქემ - 1991 წელს დაბადებულმა პ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ავტომობილის კარი და საბურავი.

 

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალმა - მ.ა.-მ, თანამზრახველ მამაკაცთან -  პ.გ.-სთან ერთად, წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის ნიადაგზე,  შურისძიების მოტივით დაგეგმა თავდასხმა დაზიანებული ავტომობილის მფლობელზე.

 

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღესვე თბილისში დააკავა.

 

გამოძიება ავტომანქანის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner