logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში ცრუ დასმენის ბრალდებით 3 პირი დააკავა
- +

2 ოქტომბერი. 2019. 11:33

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დედა-შვილი და მათი ადვოკატი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

 

1958 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს, 1959 წელს დაბადებულ მ.ა.-ს და 1977 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ცრუ დასმენა განხორციელდა მიმდინარე წლის აპრილში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნათესავებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ოჯახში ძალადობას ეხებოდა. კერძოდ, ბრალდებულებმა - ს.ბ.-მ და მ.ა.-მ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს და მათივე ოჯახის წევრი ძალადობასა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს. აღნიშნული ფაქტი კი დაადასტურა მათმა ადვოკატმა ნ.ო-მ.

 

გამოძიება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

right_banner
არქივი
right_banner