logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლოში ხვალ „პაპუაშვილის საქმეზე“ სასამართლო პროცესი განახლდება
- +

12 იანვარი. 2017. 10:54



2016 წლის 13 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა სახელმწიფო სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე პროცესს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები" ავრცელებს.


ცნობილია საქმის განმხილველი ახალი შემადგენლობაც: მერაბ ლომიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე), მირანდა ერემაძე და თეა ძიმისტარიშვილი.


„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეზე ჩანიშნულ პირველ სხდომაზე, 2016 წლის 27 ოქტომბერს, როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - საქმის განხილვას ჩამოშორდნენ მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი. გადაწყვეტილება მოსამართლეთა აცილების შესახებ საქმის მომხსენებელმა მოსამართლე გიორგი გოგიაშვილმა მიიღო. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის მტკიცება ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის მიკერძოების და საქმისადმი დაინტერესების შესახებ. მოსამართლეთა აცილების შემდგომ, საქმე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თამჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს, რომელმაც სააპელაციო საჩივრის განმხილველი ახალი შემადგენლობა დანიშნა.

 

როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა" კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარი შეიტანეს.

 

როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს", - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


„შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეზე სხდომა 15:30 საათზე, #8 სხდომათა დარბაზში განახლდება", - ნათქვამია განცხადებაში.








 

right_banner
არქივი
right_banner