logo_geo
eng_logo
პროკურატურა ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
- +

20 ივლისი. 2018. 16:05

მთავარი პროკურატურა ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2018 წლის მარტის თვიდან მოყოლებული, საქართველოს პროკურატურაში ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეორე შემთხვევაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვის საქმეზე.

 

„გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. გამოძიების ინტერესის საგანს ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი შესაძლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები.

 

რაც შეეხება ზურაბ ალავიძეს, ისიც იმყოფებოდა პროკურატურაში გამოკითხვის მიზნით. ამ შემთხვევაში გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რომელიც განხორციელდა სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან.

 

გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე.

 

ჯერჯერობით პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი ზედმეტია. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში და არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობრივი სტატუსი ეკავა და რა სტატუსი გააჩნია დღეს.

 

იკითხებიან ის პირები, ვისაც შესაძლოა შეხება ჰქონდეს საქმესთან, ასევე ყველა ის პირი გამოიკითხება მათ შორის დამატებით, რომლის გამოკითხვის საჭიროებაც დადგება.

 

მე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ გამოძიება არ დაწყებულა ამ სამინისტროების მომართვის საფუძველზე. გამოძიება დაიწყო იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიღებული იყო საგამოძიებო დანაყოფში.

 

თანაშრომლობენ თუ არა გამოძიებასთან ყოფილი მინისტრები, ვერ დაგიდასტურებთ“, - განაცხადა კაციტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×