logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: კობა კობახიძე მაღალი თანამდებობის მიუღებლობამ გაანაწყენა
- +

25 თებერვალი. 2016. 12:53


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ადვოკატ კობა კობახიძის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ კობა კობახიძე „ქართულ ოცნებაში" მაღალი თანამდებობის მიუღებლობამ გაანაწყენა და სწორედ ამიტომ ახორციელებს პროვოკაციული სახის ქმედებებს. როგორც კობახიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე  განმარტა, კობა კობახიძეს მთავარი პროკურორის ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დანიშვნის ამბიცია ჰქონდა.


„სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, როცა ადამიანები ცდილობენ გარკვეული საერთო გვარით სარგებლობას. არანაირი ნათესაური კავშირი ჩემსა და კობა კობახიძეს შორის არ არის. ეს არის გვარი, რომელიც გვაერთიანებს. ალბათ ყველას გვყავს გვარში ადამიანები, რომლებიც შეიძლება მთლად ღირსეულები არ არიან.

 

ეს ადამიანი იყო „ქართულ ოცნებაში", შემდეგ გაუჩნდა ამბიცია, რომ რაღაც თანამდებობაზე დანიშნულიყო, იქნებოდა ეს მთავარი პროკურორის პოზიცია თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ" ასეთი თანამდებობა მას ვერ შესთავაზა, ის არის განაწყენებული. ის განაწყენებულია, რომ რაღაც სამსახური ვერ მიიღო იმ პოლიტიკური, საადვოკატო აქტიურობის გამო, რაც მან „ქართულ ოცნებაში" გასწია", - განაცხადა კობახიძემ.



მანანა კობახიძე აცხადებს, რომ მისი ეჭვებით, კობა კობახიძე მის სახელს სათავისოდ იყენებდა, რათა თავისი საადვოკატო მომსახურება სარფიანად გაეყიდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მოუწოდებს პროკურატურას, დროულად გამოიძიონ, ჰქონდა თუ არა ადგილი კობა კობახიძის მხრიდან მსგავს ქმედებებს.


„გამიმძაფრდა ეჭვი, რომ 2012 წლის შემდეგ კობახიძე, როგორც ჩანს, აქტიურად იყენებს ჩემს სახელსა და გვარს თავის კლიენტებთან ურთიერთობაში, რათა სარფიანად გაყიდოს თავისი საადვოკატო მომსახურება. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ მისი მხრიდან. რამდენიმე მათგანი დამიკავშირდა და პირდაპირ მითხრეს, რომ კობა კობახიძე იყენებდა ჩემს სახელს. ამიტომ, მინდა მივმართო პროკურატურას, ზედმიწევნით გამოიკვლიონ, ბატონი კობა კობახიძე ხომ არ იყენებდა ჩემს სახელს ბოროტად, რათა გარკვეული სარგებელი მიეღო კლიენტებისგან", - აღნიშნა მანანა კობახიძემ. 


 

right_banner
არქივი
right_banner