logo_geo
eng_logo
ყოფილი სპეცრაზმელი: ერეკლე კოდუას ბრძანებით, „იმედში“ ყველაფერი უნდა დაგვემტვრია
- +

15 თებერვალი. 2019. 12:50

 

 

შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ი) ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას ბრალდების საქმეზე სპეცდანიშნულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დავით დათაშვილი დაჰკითხეს.

 

„7 ნოემბერს დაგვირეკეს, სრული მობილიზება იყო. მიტინგის შემდეგ ბაზაზე დავბრუნდით და ველოდებოდი ბრძანებას. ერეკლე კოდუამ ბრძანება გასცა. ჩვენ ვიყავით სამოქალაქო ფორმაში და ჩემს განყოფილებას შეიარაღებაც არ ჰქონდა, სამოქალაქო ფორმით ვიყავით, შემდეგ საწვიმრები დაგვირიგეს. ხელმძღვანელმა ზურაბ აზარაშვილმა ​სპეცრაზმის სხვა წევრებიც წამოიყვანა. სპეცდანიშნულების რაზმი იყო განსაკუთრებული, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი მომზადება, მანქანები და ასე შემდეგ.

 

7 ნოემბრის აქციის დარბევაში რამდენიმე სპეცრაზმი მონაწილეობდა. ახალი ბრძანება რომ მივიღეთ, ავედით ბაზაზე, სადაც ავიღეთ სრული აღჭურვილობა. მივიღეთ ბრძანება, რომ მივდიოდით „იმედში“. არ ვიცოდით, რა როგორ იყო. „იმედში“ შევედით და ჩვენი დანაყოფი შეხვდა ერეკლე კოდუას. უშუალოდ მისგან მივიღეთ ბრძანება, რომ უნდა შევსულიყავით შენობაში, გაგვეთიშა მაუწყებლობა და გამოგვეყვანა ჟურნალისტები. ოპერატიულის ხალხიც შიგნით იყო. არ ვიცოდით, შენობაში რა როგორ იყო, ვეძებდით სართულებზე, დავიწყეთ ჟურნალისტების გამოყვანა.

 

გიორგი თარგამაძე გამოვიყვანეთ, მთხოვა, თანამშრომლებს არ შეეხოთო, განვუმარტე კიდეც, რომ ამას არ ვაპირებდით და ვუთხარით, ბრძანება იყო, შენობა დაეტოვებინათ. ერეკლე კოდუა გასცემდა ბრძანებებს. დავიწყეთ ტექნიკის განადგურება. ასეთი იყო ბრძანება – უნდა დაგვემტვრია, სადაც აპარატურა იყო, ყველაფერი უნდა გაგვენადგურებინა“, – განაცხადა დავით დათაშვილმა.

 

„იმედის“ დარბევის შედეგად ოფიციალურად დაზარალებულად 13 პირია ცნობილი. მათ აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოძიება და სასამართლო განხილვები საქართველოში დაიწყო და სტრასბურგმა სარჩელის განხილვა შეწყვიტა.

 

2018 წელს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და  რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

 

7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა. ამის შემდეგ იყო საგანგებო მდგომარეობა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. 2008 წელს კი ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.

 

პროკურატურამ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს პატიმრობა 2014 წლის 1 აგვიტოს შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×