logo_geo
eng_logo
სუს-ი განცხადებას ავრცელებს
- +

12 მარტი. 2019. 22:59

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელიც უკავშირდება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას.

 

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირების შესახებ. სიუჟეტში საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ინფორმაცია.

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ  გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული პირები, აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაცილებით ადრე, 2018 წლის 2 ოქტომბერს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურამ   ერთობლივად   დააკავა და ორივე მათგანი ამჟამადაც საპატიმროში რჩება. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

 

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე ვავრცელებთ დამატებით ინფორმაციას. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ გ. და ადვოკატი ირაკლი გ. დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ გ. და ირაკლი გ. წინასწარი შეთანხმებით დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ ძებნილი, ამჟამად საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი, ორი პირის ნათესავს და თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მეშვეობით, მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს დიდი ოდენობის თანხის გადახდა. 2018 წლის 2 ოქტომბერს, აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ ფულადი თანხის ნაწილს-10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია“, -  აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×