logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: როცა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს
- +

18 მარტი. 2019. 16:59

 

შინაგან საქმეა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, დღეს პარლამენტის კომიტეტებზე ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას შეეხება. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, მინისტრის მოადგილემ დანაშაულის რეგისტრირებული მაჩვენებლებისა და კრიმინალის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

„როდესაც კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვსაუბრობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ცალკე აღებული ციფრები, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ შემთხვევაში ხარისხს და თუ რა ფორმით და როგორ ახდენს სამინისტრო დანაშაულის თითოეულ ფაქტზე რეაგირებას.

 

პირველ რიგში დანაშაულის ციფრების 2018 წლის მონაცემების 2017-თან შედარება არ არის სწორი. არ არის სწორი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დანაშაულის აღრიცხვიანობა მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. როდესაც სტატისტიკურ მონაცემებს ვადარებთ ერთმანეთს, უნდა შევადაროთ 2018 წლის მონაცემები 2019 წლის მონაცემებს და თუ ამას გავაკეთებთ ვნახავთ, რომ სტატისტიკის ზრდის ტემპი არის შემცირებული, 2019 წლის პირველი ორი თვის მონაცემებზე დაყრდნობით.

 

რაც შეეხება ცალკე აღებულ დანაშაულებს, ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსი და სამწუხაროა, რომ ჩვენ ასე ხშირად გვიწევს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მედიაც, საზოგადოების წევრებიც, პოლიტიკური პარტიებიც ისევ და ისევ ციფრებს უბრუნდებიან, რაც არ არის სწორი.

 

მძიმე დანაშაული დაკლებულია, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები დაკლებულია, მკვლელობებში კლება გვაქვს, ყაჩაღობაში კლება გვაქვს, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში კლება გვაქვს. ეს ზეწოლა რაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე მიმდინარეობს, რომ საუბარი დაგვაწყებინონ გაუაზრებელ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, რომელსაც გასული წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა - არ გვინდა, რომ ჩვენ იგივე შეცდომა დავუშვათ. იმიტომ, რომ თუ ამ გზით წავალთ, გაუაზრებელ სისხლის სამართლის პოლიტიკას გავატარებთ და ასე ერთი ხელის აღებით ვიტყვით, რომ ყველაფერი გასამკაცრებელია, მოდით, კანონი შევცვალოთ და ა.შ. დავბრუნდებით იგივე წრეზე და წლების შემდეგ დავდგებით ამ რეალობის წინაშე, რომელიც დღეს გვაქვს. ახლა ვნახოთ რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და ამ მიმართულებით არა ერთი ნაბიჯი გადავდგით. იქ სადაც კანონი გასამკაცრებელი იყო, უკვე გავამკაცრეთ და სადაც გასამკაცრებელია, ვამკაცრებთ. დღევანდელი კანონპროექტი ამის დამადასტურებელია. უახლოეს დღეებში პარლამენტს წარედგინება ცივი იარაღის ბრუნვის რეგულაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც მათ შორის გულისხმობს პასუხისმგებლობის გამკაცრებას ცივი იარაღის ტარებისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დანაშაულის პრევენციას, გაძლიერებულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. ასე ხელაღებით საუბარი იმაზე, რომ დანაშაულის კლების რეცეპტი არის მხოლოდ კანონის გამკაცრება, ეს სწორი არ არის. ზოგან კანონია გასამკაცრებელი, რაც უკვე გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ, ზოგან პრევენციული ღონისძიებებია გასააქტიურებელი, რაც გავაკეთეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ, ზოგან კი პოლიტიკაა გასამკაცრებელი და როცა პოლიტიკის გამკაცრებაზე ვსაუბრობთ, ადრესატი მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გახლავთ. აქ არის პროკურატურა, აქ არის სასამართლო, აქ არის სასჯელაღსრულება. ეს არის ერთიანი ჯაჭვი. სისხლის სამართლის პოლიტიკაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ პოლიტიკა უნდა იყოს გააზრებული და უნდა იყოს ანალიზზე დაფუძნებული. ჩვენ ეს გაკეთებული გვაქვს და თუ ვინმეს სურვილი აქვს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, შეგვიძლია დისკუსიები გავმართოთ.

 

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, დიახ, გაზრდილია. ჩვენ ამაზე არა ერთხელ გვისაუბრია. ზრდის 80%, სწორედ საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულებზე მოდის. ძირითადად, ეს არის ქურდობა, მათ შორის, ეს არის არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი წვრილმანი ქურდობები. მიზეზები სხვადასხვაა, მათ შორის, სოციალური ფონიც. ამიტომ მნიშვნელოვანია გააზრებული იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკა. ასეთი დანაშაულების გახსნა არც ისე მარტივია, დანაშაული ხასიათი ფარულია, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გახსნისთვის ეფექტიანი მექანიზმები დავნერგოთ, მაგალითად, როგორიც არის კამერების დამონტაჟება მთელი საქართველოს მასშტაბით. მხოლოდ გახსნაზე არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებული, ხარისხი არის მნიშვნელოვანი. გახსნის მაჩვენებელი 90-იან წლებში 80%-ზე მეტი იყო, მაგრამ მაშინ დანაშაულს მალავდნენ, ამიტომ კომპლექსურია ეს საკითხი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×