logo_geo
eng_logo
პროკურატურა: 2018 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე 17 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი
- +

15 მაისი. 2019. 14:33

 

საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეების ეფექტიანი გამოძიება.

 

საქართველოს პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სამმართველომ 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის 5 საქმეზე დაიწყო 6 ფიზიკური პირისა და 1 იურიდიული პირის მიმართ. გამამტყუნებელი განაჩენი კი 2018 წელს დადგა 17 პირი მიმართ, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ გასული წლის ანგარიშშია ნათქვამი.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების მიერ წარმოებულ ეფექტიან გამოძიებას ადასტურებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებზე დადებული ყადაღებისა და ჩამორთმეული ქონებების მოცულობა.

 

„საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე ყადაღა იქნა დადებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ შემდეგ ქონებაზე:

 

2018 წელს - 17 522 495 ევრო, 21 183 776 აშშ დოლარი, 16 629 ლარი, 142 834 ფუნტი სტერლინგი და 6 357 835.91 აშშ დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები (დაახლოებით 125 000 000 ლარი);

 

რაც შეეხება ჩამორთმეული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებების ოდენობას:

 

2018 წელს - 1 საცხოვრებელი ბინა, 7 ავტომანქანა, 690 000 ლარი, 199 975 ფრანკი, 37 899 აშშ დოლარი“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ანგარიშში.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გუშინ წარუდგინა. დოკუმენტი მოიცავს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×