logo_geo
eng_logo
ოჯახური ძალადობის შემთხვევები გასულ წელთან შედარებით, 99%-თაა გაზრდილი
- +

15 მაისი. 2019. 14:36

 

2018 წელს ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ, რაც გასულ წელთან შედარებით, 99%-იანი ზრდის მაჩვენებელია.

 

„საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტია ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც, ასევე, აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის გაზრდაშიც. 2018 წელს ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ, რაც გასულ წელთან შედარებით 99%-იანი ზრდის მაჩვენებელია“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ გასული წლის ანგარიშში.

 

დოკუმენტის თანახმად, პროკურატურის მიერ ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კვლავ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა.

 

„გაზრდილია პროკურორთა მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. კერძოდ, ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობებიდან 2018 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იყო 91%-ის მიმართ, რაც 2017 წელთან მიმართებაში ზრდის მაჩვენებელია.

 

გარდა ამისა, შემცირდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელი. 2018 წელს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა 12%-ის მიმართ, რაც 2017 წელთან შედარებით მკვეთრად კლების მაჩვენებელია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

დოკუმენტის მიხედვით, ოჯახური დანაშაულის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად, პროკურატურის სისტემაში სპეციალიზაციის მიმართულება 2016 წლიდან დაინერგა, თუმცა, 2018 წელს ამ მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანების თანახმად, პროკურატურის ორგანოებში ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების, საპროცესო ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტიანად განსახორციელებლად, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ასევე, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზე უფლებამოსილებას ახორციელებენ ის პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები, რომლებმაც ოჯახური დანაშაულის თემაზე სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს.

 

საქართველოს პროკურატურის გასული წლის ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2018 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ოჯახური დანაშაულის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებით მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი გახდა პროცესის მონაწილე და აღიჭურვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით, მათ შორის, მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე დასწრებისა და ამ მოქმედებების განმავლობაში, მათი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციით. კოორდინატორის ჩართვა პრიორიტეტულად ხდება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის საქმეებში, სადაც დაზარალებული ობიექტურად საჭიროებს დახმარებას. კოორდინატორის ჩართვის მიზანია ამ კატეგორიის საქმეებში მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერა და გაძლიერება, სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი ვიქტიმიზაციისა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გუშინ წარუდგინა. დოკუმენტი მოიცავს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×