logo_geo
eng_logo
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან ფრედ ითამაშა
- +

8 სექტემბერი. 2019. 23:06

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ევრო2020-ის შესარჩევ ციკლში დანიას დაუპირპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა ფრედ დაასრულა.

 

გუნდი მატჩს საკადრო პრობლემებით შეხვდა: ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციის გამო ისვენებდა, ნახევარდაცვაში მისი მეწყვილე ნიკა კვეკვესკირი კი ტრავმირებული იყო. ანალოგიური მიზეზით, ვლადიმირ ვაისის გუნდს დააკლდა სამი ცენტრალური მცველი (საბა კვირკველია, დავით ხოჭოლავა, ლაშა დვალი) და შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც კორეის წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი ჩაატარა. დანია კი თბილისში მთავარი მწვრთნელის გარეშე გვესტუმრა. აგე ჰარეიდე მუხლის ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა და სტუმრებს მისი ასისტენტი, დანიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი თავდამსხმელი იონ დალ ტომასონი უძღვებოდა.

 

დანიელები მაღალი პრესინგით თამაშობდნენ და ბურთის ფლობაში უპირატესობას ფლობდნენ, საქართველოს ნაკრები კი მიზნის მიღწევას კონტრშეტევებით ცდილობდა. სტუმრებმა რეალური საგოლე მომენტები მარტინ ბრეითვეიდის აქტიურობით შექმნეს, მაგრამ 24-ე და 32-ე წუთებზე, მისი შეტევების შემდეგ საქართველოს ნაკრები მეკარე გიორგი ლორიამ გადაარჩინა. მე-40 წუთზე კარის აღებას თავური დარტყმით ტომას დილეინი ცდილობდა – საქართველოს ნაკრების მეკარემ ვითარება ამჯერადაც განმუხტა.

 

საქართველოს ნაკრებს იერიშის გამწვავების რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ დანიელები საიმედოდ თამაშობდნენ და კართან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

 

მეორე ნახევარში პირველი სახიფათო მომენტი საქართველოს ნაკრებმა შექმნა: კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიშის გახსნას თორნიკე ოქრიაშვილი ცდილობდა, რომელმაც მიზანს დიდი მანძილით ააცილა.

 

მალე დანიელთა უპირატესობა გამოიკვეთა. 51-ე წუთზე კასპერ დოლბერგის ძლიერი დარტყმის შემდეგ საქართველოს ნაკრები აშკარა გოლისგან ისევ გიორგი ლორიამ იხსნა. სახიფათო იყო 56-ე წუთზე კრისტიან ერიკსენის განვითარებული შეტევაც.

 

ეპიზოდებში ფრანგი მთავარი არბიტრი ფრანსუა ლეტესიე დანიელების უხეშობაზე თვალებს ხუჭავდა, რაზეც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გაცხარდა და 66-ე წუთზე სამწვრთნელო გაფრთხილება მიიღო.

 

საქართველოს ნაკრები მხოლოდ ამის შემდეგ გათამამდა. 75- წუთზე კარისკენ ვაკო ყაზაიშვილმა გაისროლა, მაგრამ კასპერ შმეიხელის კარს მცირე მანძილით ააცილა. ამას დანიელთა შეტევა მოჰყვა და ისევ ბრეითვეითმა შეუტია. 82-ე წუთზე კი საქართველო კრისტიან გუტკერის დარტყმის შემდეგ ძელმა იხსნა.

 

საფინალო სასტვენამდე საქართველოს დანიელთა ნახევარზე სახიფათო საჯარიმოს შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ ოქრიაშვილის დარტყმას მეკარე გადაეღობა და საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან, ფიფა-ს რეიტინგში მე-13 ადგილზე მყოფ დანიასთან მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულა.

 

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის „დ“ ჯგუფში, ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა. დანიამ (ცხრა ქულა) ირლანდიის (11 ქულა) დაწევის შანსი ხელიდან გაუშვა და ისევ მეორე პოზიციაზეა. მესამეზე კი შვეიცარიაა (რვა ქულა), რომელმაც პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში გიბრალტარი 4:0 დაამარცხა.

 

საქართველო – დანია 0:0

 

08.09.2019. თბილისი. „დინამო-არენა“.

 

საქართველო: გიორგი ლორია – გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, გია გრიგალავა – ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი აბურჯანია (86. ვაკო გვილია) – ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ქვილითაია (90. მურთაზ დაუშვილი), თორნიკე ოქრიაშვილი;

 

სათადარიგოები: გიორგი მაკარიძე, ლაზარე კუპატაძე, საბა ლობჟანიძე, ლევან ხარაბაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ხვიჩა კვარაცხელია, ლევან შენგელია;

 

დანია: კასპერ შმეიხელი – ჰენრიკ დალსგორი, სიმონ კიაერი, ანდრიას კრისტიანსენი, იენს სტრუგერ-ლარსენი – მარტინ ბრეითვეიდი, პიერ-ემილ ჰეიბერგი (73. ლესე შონე), კრისტიან ერიკსენი, ტომას დილეინი – იუსუფ პოულსენი, კასპერ დოლბერგი (67. კრისტიან გუტკერი);

 

სათადარიგოები: იესპერ ჰანსენი, დანიელ ივერსენი, ანდერს კრისტიანსენი, იოაჰიმ ანდერსენი, იონას კნუდსენი, რობერტ სკოვი, მათიას იორგენსენი, ლუკას ლერაგერი, დანიელ ვასი, ფილიპ ბილინგი;

 

მთავარი არბიტრი: ფრანსუა ლეტესიე (საფრანგეთი);

 

გაფრთხილებები: გრიგალავა (42), გუტკერი (87), კაკაბაძე (89);

 

მწვრთნელთა გაფრთხილება: ვლადიმირ ვაისი (66).

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner