logo_geo
eng_logo
საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 51 მედალი მოიპოვა
- +

22 მაისი. 2017. 00:31



საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 51 მედლით დაასრულა, მათ შორის 19 ოქროს, 17 ვერცხლის, 15 ბრინჯაოს მედალია. ამასთან, გუნდური მეორე ადგილი დაიკავა მკლავჭიდის ახალგაზრდულმა ნაკრებმა.


როგორც საზოგადოებრივს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში განუცხადეს, საქართველოს ნაკრები პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში გამართულ ევროპის რიგით 27-ე ჩემპიონატზე სამ ასაკობრივ კატეგორიაში იყო წარმოდგენილი - 18 წლამდე ჭაბუკების, 21 წლამდე ახალგაზრდების და დიდების კატეგორიაში.


ახალგაზრდულმა ნაკრებმა სულ 25 მედლის (ჭაბუკები - რვა მედალი, ახალგაზრდები - 17) მოპოვება შეძლო, რითიც გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. აქედან, 18 წლამდე ჭაბუკების კატეგორიაში საქართველომ სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; ახალგაზრდების კატეგორიაში: ექვსი ოქრო, შვიდი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.


რაც შეეხება დიდების კატეგორიას, აქ საქართველოს ნაკრებმა 26 მედლის მოპოვება შეძლო, მათ შორის 10 ოქროს, რვა ვერცხლის და რვა ბრინჯაოს მედალია. აღნიშნულ კატეგორიაში ორი ოქროს მედალი (მარჯვენა და მარცხენა ხელით) მოიპოვა ირინა დრიაევამ.


მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო მძიმე წონით კატეგორიაშიც (110+), სადაც ლევან საგინაშვილმა ორი ოქროს მედლის (ორივე ხელით) მოპოვება შეძლო. ამავე კატეგორიაში გენადი კვიკვინიამ მარჯვენა ხელით ვერცხლის, ხოლო მარცხენა ხელით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


რაც შეეხება ვეტერანთა კატეგორიას, აქ გამარჯვება საქართველოს მკლავჭიდის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯამბულ ვიბლიანმა შეძლო, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა.


ევროპის რიგით 27-ე ჩემპიონატი მკლავჭიდში პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში 14-დან 21 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.


მკლავჭიდის ეროვნული ნაკრები საქართველოში 22 მაისს დაბრუნდება.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner