logo_geo
eng_logo
ფიდე-ს პრეზიდენტის მოადგილე: ახალი ეპოქა დადგება, ქართველმა ორგანიზატორებმა ამ მიზანთან მისაახლოებლად დიდი ნაბიჯი გადადგეს!
- +

23 სექტემბერი. 2018. 22:59

 

 

„უკანასკნელი თვეების მანძილზე არაერთხელ ვთქვი, რომ ფიდე-სთვის ახალი ეპოქა დადგება. დღეს ქართველმა ორგანიზატორებმა ამ მიზანთან მისაახლოებლად ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს“,- ამის შესახებ ფიდე-ს პრეზიდენტის პირველმა მოადგილე გეორგიუს მაკროპულოსმა მსოფლიოს 43-ე მსოფლიო ოლიმპიადის გახსნაზე განაცხადა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.

 

​ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გახსნის არაჩვეულებრივ ცერემონიას გილოცავთ! დარწმუნებული ვარ, საორგანიზაციო კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საჭადრაკო ოლიმპიადა რომ მივიღოთ.

 

უკანასკნელი თვეების მანძილზე არაერთხელ ვთქვი, რომ ფიდე-სთვის ახალი ეპოქა დადგება. დღეს ქართველმა ორგანიზატორებმა ამ მიზანთან მისაახლოებლად ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა ყველამ ერთად კიდევ ბევრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რათა მივიღოთ ის, რაც ჭადრაკს წაადგება და რაც უკეთესია ფიდე-სა და 189 ეროვნული საჭადრაკო ფედერაციისთვის.

 

საქართველო ისეთი ლეგენდარული მოჭადრაკეების ქვეყანაა, როგორებიც არიან ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე. ისინი 29 წლის მანძილზე ფლობდნენ ქალთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

 

დამოუკიდებელი საქართველო ოთხი ოლიმპიადის გამარჯვებულია. ბათუმში კი მსოფლიო და ევროპული დონის ტურნირები უკვე 20 წელია იმართება, რისთვისაც მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს არაჩვეულებრივ მეგობარს, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს, ბატონ ზურაბ აზმაიფარაშვილს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიადის დონე, რა თქმა უნდა, მწვერვალია. ყველაფერი ეს საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცი, 1984 და 1988 წელს საბერძნეთში ჩატარებული ოლიმპიადების ორგანიზატორი გახლდით და ეს მოგონებები კვლავ ნათლად მახსოვს. ისიც ვიცი, რომ ოლიმპიადის გამართვისთვის სახელმწიფო მხარდაჭერაა აუცილებელი. ვფიქრობ, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მეცენატ ბიძინა ივანიშვილს. ასევე უნდა გამოვხატოთ მადლიერება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიმართ“,- განაცხადა ფიდე-ს პრეზიდენტის პირველმა მოადგილემ.

 

მისივე თქმით, „თითოეული საჭადრაკო ოლიმპიადა გვახსენებს ჩვენს ოლიმპიურ ოცნებას, რომ ჭადრაკი ერთ დღესაც ოლიმპიური თამაშების სიაში მოხვდება“.

 

„ფიდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახლავთ და მადლიერნი ვართ იმ მაგალითებისა და მითითებებისთვის, რასაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გვაძლევს სახელმწიფო მართვის ხარისხისა და პოლიტიკურად და ფინანსურად დამოუკიდებელი ფიდე-სთვის.

 

ოლიმპიური დევიზია – Citius, Altius,Fortius! – „უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად!“. ფიდეს დევიზი კი Gens Una Sumus-ია, – ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!

 

მოდით გავერთიანდეთ, ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი თამაშისთვის საჭადრაკო დაფებს მიღმა და საჭადრაკო დაფებთან, ჩვენი ეროვნული ფედერაციებისა და ჩვენი საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციისთვის! ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ფიდე-მ, ეროვნულმა საჭადრაკო ფედერაციებმა, მოჭადრაკეებმა, ყველამ უნდა მოვითხოვოთ ის, რაც საუკეთესოა ჩვენი სპორტისთვის, ჩვენი თამაშისთვის და ფიდე-ს მსოფლიო იმიჯისთვის.

 

ამ ბრძოლაში კარგად ვართ შეიარაღებულნი. ცნობილი ჭადრაკის ჩემპიონები, ახალი ტექნოლოგიები, ჭადრაკი სკოლებში, და რასაკვირველია, ეროვნული ჭადრაკის ფედერაციები, რომლებიც თავდაუზოგავად და ღირსეულად შრომობენ თავიანთ ქვეყნებში ჭადრაკის განვითარებისთვის.

 

ეს ნიჭი უნდა გამოვიყენოთ, სწორი სვლები უნდა გავაკეთოთ და გპირდებით, უპირატესობა გვაქვს ოცნებების ასახდენად და მიზნის მისაღწევად – ახალი ეპოქა ფიდე-სთვის, ფიდე-სთვის, რომელიც ჭადრაკის ოლიმპიურ ბედისწერას რეალობად აქცევს. ფიდე-სთვის, რომლის წევრობაც ყველასთვის საამაყო იქნება, ყველა იამაყებს საკუთარ ქვეყანაში წარმოადგინოს წარმოადგინოს ჭადრაკი. იამაყებს საკუთარი ძლიერი, აქტიური და დამოუკიდებელი ხმით“,- განაცხადა გეორგიუს მაკროპულოსმა.

 

ბათუმი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. ოლიმპიადა დღეს საზეიმოდ გაიხსნა. დღეიდან 6 ოქტომბრამდე, ბათუმში, 190 ქვეყნის წარმომადგენელი პირველობისთვის იბრძოლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×