logo_geo
eng_logo
„ბორჯღალოსნებმა“ გერმანიის ნაკრები ანგარიშით 52:3 დაამარცხეს
- +

10 მარტი. 2019. 18:19

 

ქუთაისის „აია არენაზე“ დასრულდა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეოთხე ტურის მატჩი საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ გუნდებს შორის. შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიშით 52:3 მოიგეს. მეტოქეს მათ 8 ლელო დაუდეს. გერმანელებმა ამას მხოლოდ ერთი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს.

 

მატჩის გმირი საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მორაგბე მირიან მოდებაძე გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. ეს მისი მეშვიდე თამაში იყო ეროვნული ნაკრების მაისურით და აქამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მეტოქის ჩათვლის მოედანი აღებული. გერმანიასთან დაპირისპირებაში ანგარიში სწორედ მოდებაძემ გახსნა. ეს მან მატჩის მეორე წუთზე მოახერხა. გარდასახვა გელა აფრასიძემ ზუსტად შეასრულა – 7:0.

 

2 წუთში ანგარიში უკვე 14:0 იყო. ამჯერად თავი გამოცდილმა ლაშა ხმალაძემ გამოიჩინა. აფრასიძემ ამ შემთხვევაშიც უშეცდომოდ დაარტყა.

 

ორ ლელოს გერმანელებმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს და სხვაობა შეამცირეს – 14:3. 22-ე წუთზე გერმანელთა ჩათვლის მოედანი შალვა მამუკაშვილმა აიღო. აფრასიძეს გარდასახვის გატანა არც ამჯერად გასჭირვებია – 21:3.

 

ტაიმის ბოლოს ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამიწეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე, თუმცა მსაჯმა წინ თამაში დააფიქსირა და ლელო არ ჩაითვალა.

 

„ბორჯღალოსნები“ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდნენ. თამაშის განახლებიდან 5 წუთში ეს უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ლაშა მალაღურაძემ, რომლისთვისაც ეს 90-ე კეპი იყო, აფრასიძის გადაცემა გამოიყენა და ლელო დადო. აფრასიძის ზუსტად შესრულებული გარდასახვა და ანგარიში 28:3 გახდა.

 

ამას კიდევ ორი ლელო მოჰყვა და ორივეს ავტორი მირიან მოდებაძე გახდა. პირველ შემთხვევაში აფრასიძემ ბურთი გარდასახა, მეორედ, ურთულესი პოზიციიდან დაარტყა და ძელს მოახვედრა.

 

მე-60 წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ვასილ ლობჟანიძემ, ცუცქირიძე-შარიქაძის კომბინაცია დაასრულა ლელოთი. გარდასახვა ამჯერად სოსო მათიაშვილმა დაარტყა – 47:3.

 

მატჩის ბოლო ლელო მერაბ შარიქაძის ანგარიშზეა – 52:3.

 

ეს ამ გუნდებს შორის გამართული მერვე დაპირისპირება იყო. გერმანელებმა რვავე მატჩი წაგეს.

 

ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატში“ გამარჯვება ერთი ტურით ადრე გაინაღდეს, გერმანელები კი ბოლო პოზიციას იკავებენ.

 

მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. მატჩი 17 მარტს კრასნოდარში გაიმართება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner