logo_geo
eng_logo
მარნეულში X კლასის მოსწავლეებმა აფხაზეთი გაიხსენეს
- +

3 ოქტომბერი. 2018. 16:30

 

 

მარნეულის N 6 საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, X კლასის მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება „დაგვიანებული აღსარება“.

 

1992-1993 წლების, ქართულ-აფხაზურ ავბედით მოვლენებთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის მოძიების შემდეგ, მოსწავლეებმა სცენაზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გააცოცხლეს, ჩვენი ისტორიული ერთობის სურათები წარმოადგინეს და მესამე, ბოროტი ძალის მიერ, განზრახ ჩატეხილი ხიდის გამთლიანების სურვილი გამოთქვეს.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეებმა.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა სამსონ ბრეგვაძემ, ლაურა ახალკაცმა და უწყების ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან ამირიძემ, სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის სახელით სამადლობელი სიგელები გადასცეს.

 

„ლამაზი დღე გვაჩუქეს მარნეულის VI საჯარო სკოლის ბავშვებმა. ეს არის მრავალეთნიკური სკოლა. უამრავი სხვადასხვა ეროვნების და აღმსარებლობის წარმომადგენელი სწავლობს ამ სკოლაში, რომლებიც ერთმანეთთან უმწიკვლო სიყვარულით არიან მიჯაჭვულნი. მათ კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი, რომელიც გადის ერთადერთ, სიყვარულის გზაზე“, - განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.

 

დასასრულს, სკოლის დირექციამ და მოსწავლეებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×