logo_geo
eng_logo
როინ მეტრეველი: დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი - ოდითგანვე საქართველოსი იყო!
- +

30 მაისი. 2019. 15:19

 

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილების პრობლემა გასული საუკუნიდან მომდინარეობს. მიზეზი დავისა XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა (ამის შესახებ ქვემოთ). ამჯერად, ჩვენ გვინდა ისტორიულ ასპექტში წარმოვადგინოთ აქსიომური ჭეშმარიტება – გარეჯა, შესაბამისად გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დასაბამიდან საქართველოსია.

 

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, დავითის ლავრა თბილისიდან დაახლოებით 70 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. გარეჯა არის მთა კახეთის ქედზე. მისი სიმაღლე 2500 მეტრამდეა. გეოლოგებს მთის აგებულება წარმოდგენილი აქვთ, როგორც ზედაიურულ-ვალანჟირული ძლიერდანაოჭებული მერგელებითა და მერგელიანი თიხა-ფიქლებით აგებული. ნიშანდობლივია, რომ მთის კალთები ძირიდან შუამდე შემოსილია წიფლის ტყეებით. ზედა ნაწილი სუბალპური მდელოებითაა (გამოიყენება საძოვრებად) დაფარული.

 

სწორედ გარეჯის კლდოვან მთებში VI საუკუნეში ერთ-ერთი ასურელი მამის მიერ დაარსებულ იქნა მონასტერი. დამაარსებელი დავით გარეჯელი იყო (აქედან სახელწოდება „დავითგარეჯა“). იგი ანტიოქიიდან მოსულა და მონასტრის პირველი წინამძღვრობაც თავს უდვია. დავით გარეჯელის თაოსნობით მისმა მოწაფეებმა დოდომ და ლუკიანემ გარეჯის სანახებშივე დააარსეს ახალი მონასტრები.

 

საერთოდ, ასურელი მამების საქართველოში წამოსვლის თაოსანი იოანე ზედაზნელი ყოფილა. დავით გარეჯელის შემდეგ მოწაფეებთან ერთად სწორედ ის ჩამოსულა. წყაროებში იხსენებიან „ათორმეტი“ ან „ათცამეტი ასურელი მამანი“. სინამდვილეში, როგორც ჩანს, ისინი მეტნი ყოფილან. ისტორიამ შემოგვინახა ზოგიერთი ასურელი მამის სახელი. ესენი (ზემოდასახელებულების გარდა) არიან: აბიბოს ნეკრესელი, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, იასე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი (ხირსელი), ისიდორე სამთავნელი, მიქელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, პიმენი, ნათანე და იოანე.

 

გარეჯა (შესაბამისად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი) ძველ ქართულ პროვინციაში – კუხეთში მდებარეობდა. ეს მხარე მოიცავდა მდინარეებს – არაგვისა და მტკვრის სანაპიროს ჟინვალიდან გარეჯის უდაბნომდე. ცენტრი ქ. რუსთავი იყო.

 

ასურელი მამების სახელთანაა დაკავშირებული ქრისტიანობის განმტკიცება, ბევრი მონასტრის აშენება – მონასტერთა რიცხვმა თორმეტს მიაღწია („გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“),  მათ ჩრდილო კავკასიის მოსახლეობის გაქრისტიანებაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი დავითის ლავრა იყო. თანდათან ჩამოყალიბდა ცენტრისგან დაშორებული სამონასტრო კომპლექსის ქსელი: წამებული, ნათლისმცველი, ჩიჩხიტური, თეთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები. ვერანგარეჯა, პირუკუღმართი, პატარა ქვაბები, დავითგარეჯის მონასტრებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქართველი ხალხის კულტურულ ცხოვრებაში. მონასტერთა კომპლექსს განსაკუთრებული ამაგი დასდო დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125 წწ.), გაათავისუფლა სახელმწიფო გადასახადისაგან და ყოველმხრივ უწყობდა ხელს მათ დაწინაურებას.

 

 

ნიშანდობლივია, რომ გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეს ანტონ გნოლისთავისძეს, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა მიქელ კათალიკოსთან, გარეჯში გაუგრძელებია საქმიანობა. მეფე თამარს (1179-1213 წწ.) სწორედ აქედან ჩამოუყვანია: „მოიყვანა ანტონი გლონისთავისძე გარეჯით... დასვეს ვაზირად, მისცეს ჭყონდიდი, სამთავისი, კისისხევი და მწიგნობართუხუცესობა“.

 

ჟამთააღმწერელი შეშფოთებული აღწერს ბერქა ყაენის სარდლობით მონღოლთა ლაშქრის მიერ გარეჯისა და მისი მიდამოების დარბევას: „ბერქამან მოაოხრა ქუეყანა შირვანისა, ჰერეთი, კახეთი და ყოველი იორისპირი, და მოვიდა ლაშქარი თბილისამდე და მრავალი სულ ქრისტიანე მოსწყდეს, ხოლო ბერქა ყაენი დადგა მთათა შინა გარეჯასათა“.

 

დავითგარეჯის მონასტრები განსაკუთრებით წარმატებულნი გახდნენ დემეტრე II თავდადებულის (1270-1289 წწ.) მეფობის დროს. ამ პერიოდში ქვეყანაში დაწინაურებული იყო (ათაბაგისა და ამირსპასალარის თანამდებობები ეკავა) ტიპური მედროვე, გასომხებული ქურთის შთამომავალი სადუნ მანკაბერდელი. იგი ძირითადად საკუთარ წინსვლასა და სიმდიდრის დაგროვებას ცდილობდა. მემატიანე საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მას კარგი საქმეც გაუკეთებია (ცხადია, აქ დიდი იქნებოდა დემეტრე თავდადებულის როლიც): „... ქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა და გლახაკთა მიმართ, რომელ დღეთა ცხოვრებისა მისისასთა მან მისცა ყალანი (სალაშქრო) და მალი (სასოფლო-სამეურნეო გადასახადი) ათორმეტთა უდაბნოთა გარეჯისათა და განათავისუფლა ქვეყანა გარეჯისა და მსახურებდეს მეფეს დიმიტრის ერთგულად“.

 

დავითგარეჯა XIV საუკუნის პირველ ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობის დროს (1299/318-1346 წწ.), გაფართოვდა, განვითარდა და ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ძალად იქცა. დამანგრეველი იყო თემურ-ლენგის შემოსევები (1386-1403 წწ.), რომლის რვაგზისმა შემოსევამ მძიმე დღეში ჩააგდო ქვეყანა და შესაბამისად სამონასტრო ცხოვრება. დაიმცრო დავითგარეჯაც. საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პერიოდია ალექსანდრე I-ის (დიდი) მეფობა (1412-1442 წწ.), რომელმაც, როგორც თავად აღნიშნავს საგანგებო სიგელში, საქართველოდან ურჯულოები განდევნა და ქვეყანას მყუდროება და სიმშვიდე მოუპოვა. მის სახელთანაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიის აღდგენა. ამასთან დავითგარეჯა სწორედ სვეტიცხოველს შესწირა. მძიმე იყო სპარსელთა შემოსევები (1616-1617 წწ.), – დავითგარეჯა დაარბიეს. მონასტრებმა პრაქტიკულად არსებობა შეწყვიტა. აქ სამონასტრო ცხოვრება აღდგა თეიმურაზ I-ის დროს (1606-1648 წწ.), კერძოდ, 1639 წელს. XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის დაქვემდებარებული იყო. მონასტერს გამგებლობაში ჰქონდა სოფლები და ვრცელი მამულები. აქ მოსახლენი დავითგარეჯის ყმებად ითვლებოდნენ. მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.

 

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართული ქრისტიანული კულტურის უმნივნელოვანეს ძეგლადაა აღიარებული. განსაკუთრებულია მისი მოხატულობაც. 

 

დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მთავარი ეკლესიებისა და სატრაპეზოების მოხატულობა. დავითგარეჯის მხატვრობას მნიშვნელოვნად ხდის ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები. აღსანიშნავია ბერთუბნის ეკლესიის ფრესკა მეფე თამარი და ლაშა-გიორგი, უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიაში – მეფე დემეტრე II თავდადებული. დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ბერთუბნის სატრაპეზოს მოხატულობა, განსაკუთრებულია უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც; საინტერესოა უდაბნოს მთავარ ეკლესიაში მოხატული სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ დავითგარეჯის მონასტერში სხვადასხვა დროს საქმიანობდნენ ცნობილი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწენი: დემეტრე I, ონოფრე გარეჯელი (XVII-XVIII სს.), ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII სს.), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს.) გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს.), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვ.

 

შემორჩენილია ქართული წარწერები, მათ შორის VI-VII საუკუნეების ექვსსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა სტელაზე. 

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა გათხრებმა (აკად. წევრ-კორ., პროფ. კ.ფიცხელაური და სხვ.) დაადასტურა, რომ ძველი ქვის ხანიდან მოყოლებული აღნიშნული მხარე ადამიანის მიერ უკვე ათვისებულია, ხოლო ბრინჯაო-ადრერკინის ხანის რამდენიმე დასახლება და სამაროვანია აღმოჩენილი, რომელიც აღმოსავლურ-ქართული კულტურის ორგანული ნაწილია. ამგვარად, აქ ჩვენს წინაპრებს კომპაქტურად უცხოვრიათ ძვ. წ. VI ს-ში ეკოლოგიური პირობების გაუარესებამდე. შემდეგ კი, შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიას საძოვრებად იყენებდნენ.

1924 წლიდან მონასტრის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ამიერკავკასიის ფედერაციის აღმასრულებელი კომისიის დადგენილებით (საქართველოს აჯანყების შემდეგ!) აზერბაიჯანის სოციალისტურ რესპუბლიკას გადაეცა იმ საბაბით, რომ იქაური მომთაბარე მწყემსები საძოვრების ნაკლებობას განიცდიდნენ. ეს  დანაშაულებრივი ქმედება იყო საქართველოს ხელისუფლებისა.

 

დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი დავითგარეჯის მონასტრის ამაღლებულ მთაგორიან ნაწილზე გადის. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის 1919 წლის 16 ივნისს დადებული „თავდაცვითი ხელშეკრულება“, რომლის თანახმადაც საშიშროების შემთხვევაში ერთად დაიცავდნენ თავიანთი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას,  ხელშეკრულებაში სიტყვაც არ არის ნათქვამი რაიმე ტერიტორიულ პრეტენზიებზე. ან იმაზე, რომ დავითგარეჯის სატაძრო კომპლექსი „ალბანური კულტურის“ ძეგლია (ამჟამად არის ამის დასაბუთების ფუჭი მცდელობა) და არა ქართული ქრისტიანული სიწმინდე.

 

ეს ადგილები 1921 წელს მოინახულა და შეისწავლა აკად. გ. ჩუბინაშვილმა. მთავრობის სახელზე გაგზავნილ „გარეჯის ექსპლუატაციის“ საექსპერტო დასკვნაში ის აღნიშნავს, თუ რა უზარმაზარ კულტურულ ღირებულებათა მატარებელია ეს უნიკალური ქართული ქრისტიანობის ძეგლი. 1943 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა მონოგრაფია „დავითგარეჯის მღვიმური მონასტრები“, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს გარეჯის კომპლექსის შესახებ.

ზოგი რამ უახლესი ისტორიის შესახებ მღვდელმონაზონმა გერმოგენმა 1918 წელს დაბეჭდა გაზეთ „საქართველოს“ 2 და 14 იანვრის ნომერში ვრცელი ინფორმაცია „დავით გარეჯის უდაბნოს აკლება“. მამა გერმოგენი იტყობინებოდა: აზერბაიჯანელმა მწყემსებმა, რომლებიც ცხვარს ყარაიას ველზე აძოვებდნენ, ზამთრის სადგომებად მოითხოვეს საუკუნეების განმავლობაში რუდუნებით ნაგები და მოხატული დავითგარეჯისა და უდაბნოს სამონასტრო კომპლექსები; თავს დაესხნენ ლავრას, გაძარცვეს მონასტრები, გაანადგურეს ჯვარ-ხატები და გადაწვეს იქაურობა, წერაქვებით დაშალეს ნაგებობები. იმხანად ეს ვანდალიზმი აღკვეთეს. შემდგომ პერიოდში თვით საბჭოთა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაულებრივი აქტი: ყოველგვარი წესის დარღვევით 1922 წლის 28 იანვრიდან ყარაიასა და უდაბნოს დიდი ნაწილი სპეციალური დადგენილებით (როგორც საძოვრები და არა კულტურის ძეგლები!) საბჭოთა აზერბაიჯანს გადასცა. ამ „საძოვრებში“ აღმოჩნდა ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრები, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის, დემეტრე II თავდადებულის და ქტიტორთა დიდებული ფრესკებით. ლავრა მომთაბარე მწყემსების თავშესაფარი გახდა.

 

ამიერკავკასიის სსრ ფედერაციის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1923 წლის 30 აპრილის დადგენილებით, ელდარის სტეპი აზერბაიჯანის სსრ გადაეცა. ადმინისტრაციულმა საზღვარმა დავით გარეჯისკენ გადაინაცვლა, რომელიც ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოს ისტორიულ მიწა-წყალს წარმოადგენდა.

 

 

1925 წლის 17 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ მიწათმოქმედების კომისრების ა. გეგეჭკორისა და ი. ბუნიათ-ზადეს შეხვედრა სიღნაღისა და ზაქათლის მაზრების („უეზდების“) საზღვრების სადავო მონაკვეთების თაობაზე.

 

გადაწყდა საზღვარი ალაზანზე დარჩენილიყო, ხოლო გარეჯის მიმდებარე საძოვრები „შრომითი გამოყენების პრინციპით“ მიემაგრა აზერბაიჯანს, რადგან ისინი თითქოს „ფაქტიურად მათ შრომით სარგებლობაში იმყოფებოდა“. ამიერკავკასიის სსრ ფედერაციის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1925 წლის 6 ოქტომბრის დადგენილებით დავით გარეჯის მონასტრის კულტურის ძეგლების დაცვა დაევალა საქართველოს სსრ თბილისის მაზრის აღმასკომს. გამოიყო შეიარაღებული მცველების საშტატო ერთეულები. მოხდა რამდენიმე შეტაკება ძეგლის მცველებსა და აზერბაიჯანელ მწყემსებს შორის, რომელთაც ეწადათ საქონლის ზამთრის სადგომად გამოეყენებინათ სამონასტრო ნაგებობები. 1926 წლის იანვარში ეს კონფლიქტური სიტუაცია განხილულ იქნა „ზაკ კრაიკომის“ სხდომაზე, რომელმაც კანონიერად ცნო 1922 წლის ხელშეკრულება „საძოვრების გამოყენების თაობაზე“. 1929 წლის 18 თებერვალს ამიერ-კავკასიის სსრ ფედერაციის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო ახალი დადგენილება „გარეჯის ზამთრის საძოვრების და ელდარ სამუხის ზამთრის საძოვრების შესახებ“. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარმა ჩიჩხიტურის სერსა და იქ მდებარე კოშკზე გაიარა.

 

პრობლემასთან დაკავშირებული ყველა საბუთი რუსულ ენაზეა შედგენილი და გამოქვეყნებულია.

 

 

ვფიქრობთ, ანგარიში უნდა გაეწიოს იმას, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ეს უძველესი ქართული კულტურისა და განათლების ძეგლი ჯერ კიდევ საბჭოთა წყობილების დამყარებიდან მოყოლებული, ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად არის გამოცხადებული. 2008 წლის 24 ოქტომბრიდან გაეროს 33-ე სესიაზე შეტანილია „იუნესკოს“ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა წინასწარულ ნუსხაში. ამ კომპლექსს აზერბაიჯანელები „ქეოქდაღს“ ანუ „მღვდლის მთას“ უწოდებენ. პრობლემა მისი ტერიტორიული კუთვნილებისა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, „ღიად რჩება“. აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის თავის კულტურულ მემკვიდრეობაზე, რაც განმტკიცებულია უამრავი წყაროებითა და დოკუმენტური მასალითაც.

 

უფლებას ვაძლევ ჩემს თავს, გამოვთქვა რწმენა, რომ მოვნახავთ საერთო ენას და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად დავიცავთ ქართულ სიწმინდეებს.

ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ყველა მონასტრით საქართველოს შემადგენლობაში დარჩეს. ეს შეიძლება გადაწყდეს მთავრობათშორისი მოლაპარაკების შედეგად. საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხში უნდა დაიკავოს უაღრესად პრინციპული პოზიცია. ბატონმა ჯუმბერ პატიაშვილმა თავის ინტერვიუში (გაზ. „ასავალ-დასავალი“) განმარტა, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში მოლაპარაკების საფუძველზე საკითხი პრაქტიკულად გადაჭრილი იყო. შემდგომში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ საბოლოოდ დადებითი სურათი ვერ მოგვცა (საქმე ეხება დაახლოებით 500 ჰა სადავო მონაკვეთს). იქნებ მონაცვლეობის პრინციპზე დაყრდნობით შევძლოთ პრობლემის მართებულად გადაჭრა. ხაზს გავუსვამთ, რომ დავითგარეჯის კომპლექსს არავითარი კავშირი არა აქვს არც აზერბაიჯანის და არც ისტორიული ალბანეთის, მატერიალურ და სულიერ კულტურასთან. იგივე მდგომარეობაშია გობის საეპისკოპოსო საყდარი და ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია საინგილოში. ცნობილია, რომ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დამდგენ I რესპუბლიკის სამთავრობო კომისიაში (1918-1921 წწ.) მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილი და პ. ინგოროყვა. 1919 წელს „საქართველოს რესპუბლიკის“ სამხედრო სამინისტროს“ ეგიდით გამოსულ ივ. ჯავახიშვილისეულ გამოკვლევას: „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“ და თანდართულ რუკას თავისი დიდი მეცნიერული ღირებულება დღესაც არ დაუკარგავს. ასევეა პ. ინგოროყვას ნარკვევი: „საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ“ (რუსთაველის საზოგადოების გამომცემლობა „სარანგი“, თბ., 1990, გვ. 13-15). დიდ მეცნიერთა ნაკვლევი მასალა უსათუოდ გასათვალისწინებელია საქართველოს რეალური საზღვრების ობიექტური დადგენისათვის.

 

ამგვარად, დავითგარეჯის მონასტერთა სრული კომპლექსის საქართველოს ტერიტორიაზე არსებობა და კუთვნილება უძველესი დროიდან დღემდე აქსიომური ჭეშმარიტებაა და ვიმედოვნებთ სახელმწიფოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც არსებული მასალის (წყაროები, ლიტერატურა, ტრადიცია) გათვალისწინებით სამართლიანი იქნება.

 

 

 

 

როინ მეტრეველი

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×