logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: მამუკა და ლელო
- +

ავტორი ჯაბა ხუბუა

15 სექტემბერი. 2019. 01:13

 

ლელო და მამუკა, მამუკა და ლელო - ეს ორი სიტყვა, ეს ორი მოვლენა, ეს ორი ფენომენი ერთმანეთზე ისეა გადაწნული, ვითარცა ვაზი და ღვინო, რომელშიც არის ჭეშმარიტება.

 

ურიცხვი ქართველის წარმოდგენაში მამუკა არის ლელოს სინონიმი და ლელო არის მამუკას მეტაფორა. ბრძოლის საოცარი ჟინი, მეომრული სული, ლიდერის თვისებები, პერფექციონისტული გარჯილობა, უმაღლესი კლასი და ოსტატობა, ბოლომდე თავის დადება სამშობლოს დიდებისათვის, გულის ხორხიდან ამოღება გამარჯვების ლელოს დასადებად - ეს არის მამუკა. იგი როცა მოქმედებაშია, როცა თავის საქმეს აკეთებს, მრავალი ქართველის თვალში აცოცხლებს გარდასულ საქართველოს, თავისი ბასიანით, დიდგორით, მარაბდით, შამქორით და კრწანისით. ჰო, ზოგჯერ დამარცხებულსაც, მაგრამ არ შერცხვენილს, ჰო, ზოგჯერ ბრძოლაში დაჯაბნილ, მაგრამ ბედნიერ, ბრძოლაში ბედნიერ სამშობლოს. მამუკა ბრძოლაში ბედნიერი კაცია. მაგარი კაცია მამუკა, ქვასავით და საქართველოსავით მაგარი.

 

ერთი ხანობა, თითქოს, ფარხმალი დაყარა, გაეცალა ბრძოლის ველს, ჩათვალა, რომ მისმა დრომ ჩაიარა, სხვებსაც ეგონათ, რომ მამუკას ჩადაისებული მზე აღარ ამოდაისდებოდა, მაგრამ - არა. იმპერატორისა და კომბოსტოს ამბავივითაა მამუკასა და ლელოს ამბავი. დასჭირდა სამშობლოს მამუკა, საქართველოს ლელოს დასადებად ისევ შეიქნა აუცილებელი ბრძოლის ველზე მისი გამოსვლა და დაბრუნდა ისიც - ქართველი ატლასი, რომელსაც საკუთარი ბეჭებით უჭირავს ქართული ღირსების ცარგვალი. დაბრუნდა იმედად და მთელი მსოფლიოსათვის კიდევ ერთხელ იმის საჩვენებლად, თუ როგორია საქართველო და რას ნიშნავს ქართული სული.

 

ლელო, ლელო, საქართველო! - ეს შეძახილი მამუკასთან ერთად უფრო ოპტიმისტურად და რეალისტურად ჟღერს, ვიდრე მამუკას გარეშე.

 

ის საქართველოში ერთადერთი მამუკაა, რომელიც არის ლელოს სინონიმი და რომლის მეტაფორაც არის ლელო.

 

ის არის მამუკა გორგოძე - ბრძოლაში ბედნიერი დიდი კაპიტანი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner