logo_geo
eng_logo
„ბიძინას ბიძინასგან - არ გათეთრდების...“
- +

26 ოქტომბერი. 2019. 21:21

 

ბოლო დღეებში მომხდარმა ორმა ამბავმა მაიძულა საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა შემეწყვიტა: ა) ბოკერიასა და სააკაშვილს „ცხარე პოლემიკა“ გაუმართავთ, „არჩევნებში გამარჯვების“ შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს „ციხეში უნდა უკრან თავი“, თუ უნდა „აპატიონ ყველაფერი“; ბ) „ქართული ოცნების“ პიარის ერთ-ერთი შემოქმედი ლაშა ნაცვლიშვილი, როგორც ყოფილი პროკურორი, „გულახდილად გაგვენდო“, რომ ბოკერია, თავის ბაქრაძიანად, თურმე კაი ხნის დასაჭერები ყოფილან (თანაც, კონკრეტულ საქმეებსაც ასახელებს), მაგრამ „დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის“, თურმე, შერჩევითად, სამართალი და სამართლიანობა სადღაც უჯრაში გამოუკეტავთ(?).

 

ბავშვობიდან არ მიყვარდა ცნობილი ქუჩური „შეგონება“ - „ავადმყოფი ლოგინშიო.., თორეო...“. არ მიყვარდა, რადგან უშინაარსო სიბილწედ აღვიქვამდი. თურმე, სადა ხარ, ბიძინა დვალო?! ზემოთ მოხმობილი ორი ამბის შეჯერება გვარწმუნებს, რომ ხალხი მართლაც ბრძენია და ამ შემთხვევაში, „სიბილწე“ არა მხოლოდ მოგონილი ამბის მძაფრად აღქმის ფორმაა, არამედ პირდაპირი შინაარსის მქონე ჭეშმარიტება, ანუ მარადიული რეალობა.

 

პირველი, რაც „ოცნების“ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მინდა შევუძახო - შემირცხვენია ის დემოკრატია, სამართალი და სამართლიანობა უჯრაში რომ ჰყავს გამომწყვდეული.

 

მეორე, რაც ბოკერია-სააკაშვილის კონკრეტულ „დაპირისპირებასთან“ დაკავშირებით ლაშა ნაცვლიშვილის ბოლო ინტერვიუმდე არავისგან მომისმენია: აქამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობდნენ (ან თავს იტყუებდნენ), რომ ზოგადად, დაპირისპირება რეალურია, ოღონდ, საჭირო შემთხვევაში, აუცილებლად ისევ პოლიტიკური ქორწინებით დასრულდებაო. მინდა, დავეთანხმო ბატონ ნაცვლიშვილს (უბრალოდ, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს), რომ „გაყრაც“ და ყველა ე.წ. დაპირისპირებაც ერთობლივად შემუშავებული გეგმის ნაწილია და თითოეულ მათგანს კარგად გათვლილი კონკრეტული მიზანი აქვს.

 

რაც შეეხება უკანასკნელ „სპექტაკლს“ - ამოცანა ასეთია, საზოგადოება უნდა შეაგუონ იმ აზრს, რომ ხელისუფლება დასასჯელია, ანუ დამნაშავეა. ამით ნაცბანდა ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს: 1. თავისი დანაშაულები აზილოს „ყველა დამნაშავეას“ ტალახში და ამით ნაწილობრივ შესაჩვევი გახადოს ისინი; 2. საზოგადოებას გაუჩინოს განცდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით ისინიც დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან და არ არის გამორიცხული, ამისთვის მოეკითხოთ კიდეც, რაც ხმების გაფანტვის, ანუ მმართველი პარტიისთვის ხმების დაკარგვის პირობად უნდა იქცეს.

 

სამართლის და სამართლიანობის უჯრებში გამოკეტვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბატონი ნაცვლიშვილი „პარტნიორების რჩევებს“ ასახელებს. ეს „ახსნა“ პირველად არ გვესმის, მაგრამ ვერ ვხვდები, დღეს რა მოსატანი იყო. აკი, დავამთავრეთ კოჰაბიტაციაო? მოდით, პირდაპირ, „გაჭრილად“ დავსვათ ერთი მეტად საინტერესო და ყველასთვის მნიშვნელოვანი კითხვა - პარტნიორების გადარწმუნება გვიჭირს, თუ ეს არა რჩევა, არამედ რაღაც სხვა მიზეზით წამოყენებული მოთხოვნაა? მე უფრო მეორე მგონია და შევეცდები ჩემი „ეჭვები“ არგუმენტირებულად გაგაცნოთ. მანამდე, აზრის მობილიზების მიზნით, რამდენიმე ე.წ. რიტორიკულ შეკითხვას შემოგთავაზებდით:

 

  1. პარტნიორები დასავლეთიდან რატომ უნდა „გვირჩევდნენ“ იმას, რასაც თავის ქვეყნებში არაფრის ფასად არ გააკეთებდნენ?

 

  1. პარტნიორებს დასავლეთიდან ხომ ჩვენზე კარგად მოეხსენებათ, რომ დემოკრატია მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფოს მონაპოვარი შეიძლება იყოს, ანუ სახელმწიფოსი, სადაც სამართალი განსაზღვრავს პოლიტიკას და არა პოლიტიკა სამართალს?

 

  1. პარტნიორებს დასავლეთიდან ისიც ხომ ჩვენზე კარგად მოეხსენებათ, რომ სადაც არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა?

 

გარდა აღნიშნულისა, სრულიად დარწმუნებულმა შემიძლია ვთქვა, რომ „არ გათეთრდების ყორანის“ შესატყვისი, სხვადასხვა ინტერპრეტაციით, საუკუნეებგამოვლილი გამოცდილების საფუძველზე, პარტნიორთა ლექსიკაშიც მრავლად უნდა მოიძევებოდეს და ისიც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აქტუალობას, მაღალ ხარისხში, იქაც ჯერ კიდევ ინარჩუნებს...

 

კითხვების ნუსხა გრძელია, მაგრამ მთავარი სათქმელის ჩამოსაყალიბებლად ეს სამიც სრულიად საკმარისია. აქვე, აუცილებლად მიმაჩნია დაზუსტდეს ცნება „პარტნიორებში“ ვინ და რა უნდა იგულისხმებოდეს, რასაც ანალიზის დასკვნით ნაწილში მოგახსენებთ. მანამდე, თქვენის ნებართვით, ბრჭყალებში ჩასმულს „გაახლებთ“ ხოლმე.

 

ჩემი ღრმა რწმენით, „პარტნიორების“ „რჩევას“ ორი, ერთი შეხედვით სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთისგან გამომდინარე მიზეზი უდევს საფუძვლად:

 

  1. „პარტნიორებს“ კატეგორიულად არ სურდათ (და არ სურთ) იმის აღიარება, რომ მათი პროექტი ჩავარდა და შეპირებული „დემოკრატიის შუქურას“ ნაცვლად ქართველ ხალხს და დემოკრატიული განვითარების გარდამავალ ეტაპზე მყოფ სხვა სახელმწიფოებს (როგორც მაგალითი) „ხელში შეაჩეჩეს“ შუა საუკუნეების სისხლიანი მმართველობა. ამ დანაშაულის ტოლფასი შეცდომის ჯიუტად არაღიარების ნათელი („ბნელი“ უფრო მიესადაგებოდა) მაგალითია NDI - ის უპასუხისმგებლობისა და უტიფრობის ყოველგვარ ზღვარს გადასული „მოღვაწეობა“, რასაც ის საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში მხარდაჭერას უწოდებს (აქვე ვაანონსებ შემდეგი წერილის სათაურს - „NDI საქართველოს წინააღმდეგ“);

 

  1. პოლიტიკური პროცესი მთლიანად იყო დაცლილი ობიექტური ანალიზისა და ობიექტური შეფასებებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეფორმა“, როგორც მაშინდელი ხელისუფლების, ისე „პარტნიორების“ მხრიდან, სუბიექტური ინტერესებით იყო მართული.

 

„ნაცმოძრაობის“ ეპოქაში ე.წ. ელიტური კორუფცია რომ ჰყვაოდა, ამას უკვე სასამართლო განაჩენებიც ადასტურებენ, მაგრამ ეს ათეულობით მილიონი რა მოსატანია იმ მასშტაბებთან, რაც ძიების არეალში, ამა თუ იმ მიზეზით, ჯერ არ მოხვედრილა.

 

აგვისტოს ომის თემაზე ჩემს არაერთ წერილში ღიად ვსაუბრობდი, წინასწარ წაგებული ომის პროვოცირება რა ხეირის მომტანი უნდა ყოფილიყო სააკაშვილისა და მისი გარემოცვისთვის. გარდა იმისა, რომ „ყოფილი“ კაგებეშნიკების ჯგუფმა (მიხეილ სააკაშვილი, თემურ ალასანია, გრიგოლ ვაშაძე, სანდრა რულოვსი, კახა ბენდუქიძე და სხვ.) ამ მრავალსაფეხურიანი, დროში გათვლილი, მოღალატეობრივი ავანტურით რუსული დავალება შეასრულა, ორი დიდი სარგებელიც მიიღო - გაიმყარა პოზიციები ხელისუფლებაში (რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღესაც ფაშისტურ-ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში მოგვიწევდა ცხოვრება); ერთდღიან(!) ომზე ჩამოწერა პარტიულ თუ პირად ყულაბებში გადაქაჩული დიდი ფული - მილიარდები.

 

კარგად მესმის, რომ ბეწვის ხიდზე გავლის ტოლფასია მრავლისშემძლე „პარტნიორების“ მისამართით პრეტენზიების წაყენება. მითუმეტეს, რთულია მათი სუბიექტურ ინტერესებში დადანაშაულება, მაგრამ ასწლეულების გამოცდილებამ გვასწავლა, რომ პრობლემების დაძლევის ყველაზე ეფექტური საშუალება - სიმართლეა. სიმართლე კი ის გახლავთ, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესისადმი გარკვეული დასავლური ჯგუფების დამოკიდებულება ლოგიკის ჩარჩოებს სცდება და მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს ქვეყნისა და ხალხისთვის. სწორედ რომ - „გარკვეული დასავლური ჯგუფების“...

 

ერთი წუთითაც რომ დავიჯერო, „ნაცების“ მობრუნება არა „გარკვეული ჯგუფების“, არამედ ამერიკის ხელისუფლების ინტერესია, (სიტუაცია ამ შემთხვევაში სრულიად ტრაგი-კომიკურ შინაარსს შეიძენდა, ისეთს, ელდარ შენგელაიას გენიალურ ფილმში რომაა - „ბიძია-ბაბუა“ და მისი ახალგაზრდა თანამესაკნე, ერთი ხვრელიდან გაქცეულები, მეორე ხვრელით ისევ ჭურში რომ ამოყოფენ თავს), ვიტყოდი, ძმებო, არაფერს აზრი არ ჰქონია მეთქი, ავიკრეფდი გუდა-ნაბადს და რომელიმე მონასტერს შევეხიზნებოდი, სადმე, მთებში...

 

„პარტნიორების“ ჩემეული დეფინიცია - „გარკვეული დასავლური ჯგუფები“ - მეტი სიზუსტისთვის კიდევ ერთი სიტყვის დამატებას მოითხოვს - „გარკვეული დასავლური ინტერეს-ჯგუფები“.

 

ზემოთ „ნაცების“ მობრუნება ვახსენე (და არა „ნაცების“ გადარჩენა), რაც სიტუაციის გამძაფრების მიზნით არ გამიკეთებია. როცა შენს („პარტნიორების“) მიერ ხელდაფარებული პერსონები და დაჯგუფებები ქვეყანას თვითმიზნურად ნეგატივის საბურველში ხვევენ (დასავლური კომპეტენტური ინსტიტუტების შეფასებების საპირისპიროდ), ირგვლივ სიძულვილს სთესენ და საზოგადოებას ორ დაპირისპირებულ ბანაკად ყოფენ და ამას არ იმჩნევ, უფრო მეტიც, ამის წახალისებას ახდენ, რადგან კვლავაც გასცემ რეკომენდაციებს ამ მავნებლური საქმიანობების მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მეტი რა უნდა ვიფიქროთ?

 

როცა იცი, (არ შეიძლება არ იცოდე), რომ შენი შუამდგომლობით ყველაზე უხვად დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობოები მრავალ დანაშაულში მხილებული ყოფილი მმართველი პარტიის ჩვეულებრივი სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან და როგორც მატერიალურად, ისე მორალურად ისევ ეხიდები მათ საქმიანობას;

 

როცა სისხლის სამართლის მრავალი მუხლით გასამართლებულ სახელმწიფო დამნაშავეებს (სააკაშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვები) კალთას აფარებ (ექსტრადიციისგან იცავ) და ამით ხელს უწყობ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობას, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, რევოლუციური პროცესების ორგანიზებისკენ არის მიმართული. უფრო მეტიც, უქმნი სასათბურე გარემოს ნაძარცვი ფულის ბრუნვისთვის, რათა დივიდენდი მიმართული იყოს იმ მედიაგარემოს ჩამოსაყალიბებლად, რაც უზრუნველყოფს „ტვინების გამორეცხვის“ მექანიზმების გამართულ მუშაობას;

 

როცა დეზინფორმაციას, დესტრუქციას, საბოტაჟისკენ მოწოდებებს, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებებს, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ლანძღვა-გინებას და სხვა მრავალ უკადრებელს პლურალიზმს და გამოხატვის თავისუფლებას უწოდებ;

 

როცა სისტემატურად ატარებ ყალბ კვლევებს და უსირცხვილოდ ცდილობ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, ეწევი ნაცშტაბებად ქცეულ ოფისებში წინასწარ დაწერილი ციფრებისა და სხვა სიყალბეების პროპაგანდას;

 

როცა მუდმივად „გავიწყდება“ საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების კვლევებზე და შეფასებებზე აზრის გამოთქმა;

 

როცა,.. როცა,.. როცა,..

 

ყველაფერი ამის თვითმხილველმა საქართველოს საზოგადოებამ მეტი რა უნდა იფიქროს, თუ არა სუბიექტური ინტერესები?

 

როცა შენივე რეკომენდაციით სამხედრო დახმარების მიზნით გამოყოფილი რამდენიმე მილიარდი დოლარის „შეიარაღება“ ერთდღიან კაპიტულანტურ ომში უკვალოდ ქრება და ამის გამო ეჭვებიც არ გიჩნდება;

 

როცა აგვისტოს „ომთან“ დაკავშირებით ოფიციალური, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტების მიერ (კონდოლიზა რაისი, რიჩარდ მაილსი, ჯონ მაკკეინი, ტალიავინის კომისია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და სხვ.) გაკეთებული მძიმე დასკვნების საპირისპიროდ, ნაცვლად იმისა, რომ რეჟიმის შეცვლის რეკომენდაცია გაგეცა, ისევ სააკაშვილისა და მისი მოღალატე ხელისუფლების გადარჩენისთვის ზრუნავ და შენი ქვეყნის ხელისუფლებისგან დამატებით 4,5 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვ, რათა დამნაშავეებს გაუმყარო პოზიციები,

 

რ ა  ვ ი ფ ი ქ რ ო თ ?!

 

ეს ყველაფერი აშშ-ის ადმინისტრაციამ და პირადად დონალდ ტრამპმა უნდა იცოდნენ, არა იმიტომ, რომ იქით ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს (ასეთი გულუბრყვილო არ გახლავართ), არამედ იმიტომ, რომ მათ, როგორც რეალურმა პარტნიორებმა, უნდა იცოდნენ, რომ არასდროს დავხუჭავთ თვალს იმაზე, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია - ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის საზიანოდ მივიჩნევთ. როგორც არ „გავატარეთ“ სააკაშვილის „სულიერი მეგობრის“ ელჩად დანიშვნის მცდელობა, რითაც აშშ-ის ადმინისტრაციას არ მივეცით ორივე მხარისთვის საზიანო შეცდომის დაშვების საშუალება.

 

(ამ ისტორიაში საინტერესო ისაა, რომ ელჩობის კანდიდატის ლობისტი, ახალ ადმინისტრაციაში უკვე პოზიციებდაკარგული, სააკაშვილის კიდევ ერთი „სულიერი მეგობარი“ გახლდათ. ამ ერთი ფაქტიდანაც ჩანს, რომ გარკვეულ ჯგუფს საქართველოს მიმართულებაზე მონოპოლია აქვს აღებული და დღესაც არ აპირებს პოზიციების დათმობას). 

 

ეს ყველაფერი აშშ-ის ადმინისტრაციამ და პირადად დონალდ ტრამპმა უნდა იცოდნენ, რადგან მავანთა და მავანთა მხრიდან საქართველოს ტრაგედიებზე ხელის მოთბობა ცნება „დასავლეთის“ დისკრედიტაციას იწვევს და საზოგადოებაში აჩენს კითხვებს ჩვენი საერთო გულწრფელი არჩევანის სისწორესთან დაკავშირებით. არჩევანი კი, არათუ სწორია, არამედ, სრული რწმენით შეიძლება ითქვას - უალტერნატივოა(!).    

 

ნაცვლად იმისა, რომ „გარკვეულ დასავლურ ინტერეს-ჯგუფებს“, დამნაშავეების არდასჯის (პიროვნული გადარჩენის) „რჩევის“ სანაცვლოდ, ეზრუნათ (პასუხისმგებლობა ეკისრათ) ქართული პოლიტიკის პათოლოგიური ნარჩენებისგან გათავისუფლებაზე, აღმოჩნდა, რომ ისევ, ამ უკვე ყავლგასული „მეორადი საქონლის“ სარფიანად გამოყენებაზე ამყარებენ გეგმებს. მრავალგზის დისკრედიტირებული პრინციპი - „ის დიდი ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალაა“ - კვლავაც მოქმედებაშია.

 

შენ კი, „ქართულო ოცნებავ“, მილიარდებთან შეთამაშებული ადამიანების ბრძოლას შვიდი წლის წინანდელი სტატუს-ქვოს აღსადგენად ეგრე იოლად ნუ უყურებ. კმარა „პარტნიორების“ დაკრულზე თამაში. უფრო სწორად, კმარა „ლობიოობის“ ყოველგვარი ჯანსაღი ლოგიკიდან ამოვარდნილი „რჩევებით“ გამართლება. ხალხს უსმინე, იმ ხალხს, ტირანიასთან ბრძოლაში უშიშრად რომ ამოგიდგა მხარში.

 

ხალხი ითხოვს სამართლიანობას და სამართალს, რადგან ხალხს მშვიდობა სწყურია. მშვიდობა კი მანამდე ვერ გამოანათებს, ვიდრე ქვეყანა დაუნახაობის, უმადურობის, უსიყვარულობის ნისლში იქნება გახვეული, ვიდრე მტრობა, სიძულვილი, შეურაცხყოფა და ზოგადად - ნეგატივი იქნება წახალისებული, იქნება ჩვენი ყოველდღიურობის მთავარი ხაზი და ნიშანი.  

 

ფაქტებს და მოვლენებს უნდა დაერქვას თავისი სახელები. ნაცისტურ-ბოლშევიკურ რეჟიმს უნდა მიეცეს პოლიტიკური შეფასება. უნდა მოიხსნას მორატორიუმი რეჟიმზე პასუხისმგებელ პირთა სისხლის სამართლის საქმეებზე. 

 

სხვა შემთხვევაში „კოჰაბიტაცია დასრულდა“ სიყალბე, თავის მოტყუება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იქნება.

 

საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი დაგვანახებს მომავლისკენ მივდივართ, თუ წარსულისკენ. სადავეები „ქართულ ოცნებას“ უპყრია და არავის სხვას.

 

მოქმედების დროა!

 

 

ბიძინა დვალი 

24.10.2019

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner