logo_geo
eng_logo
„NDI“ და „IRI“ საქართველოს წინააღმდეგ
- +

4 დეკემბერი. 2019. 19:07

 

 

 

საქართველოს საგარეო პოლიტიკის და მთლიანად - საქართველოს განვითარების დასავლური კურსი, საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული არჩევანია. დასავლურ სტრუქტურებში მჭიდროდ ინტეგრირებული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენება, ჩვენი, როგორც ქრისტიანული ღირებულებებით ნასაზრდოები ერის, ისტორიულად ჩამოყალიბებული შინაგანი ნების გამოხატულებაა.

 

საუბრები ნეიტრალიტეტზე, „შვეიცარიული გაბრწყინების“ პერსპექტივით, წინასწარ დამარცხებისთვის განწირული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ცუდად შენიღბული რუსული გეგმის თავზე მოხვევის უბადრუკი მცდელობაა.

 

პირველი ორი აბზაცი გახლავთ აუცილებელი შესავალი იმ „ხმამაღალი ფიქრების“ (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მნიშვნელობით) ობიექტური ანალიზისთვის, რომელთაც წინამდებარე წერილში შემოგთავაზებთ.

 

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ძველმა ეროვნულ-დემოკრატმა, გია ჭანტურიას თანამებრძოლმა, გიორგი კობახიძემ ასეთი რამ განაცხადა - „გიას მკვლელობის დღეს, პირველივე ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას - „ვინ მოკლა გია ჭანტურია?“ - ასე ვუპასუხე: მკვლელების მხილება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდება, დამკვეთის ვინაობა შეიძლება ვერც ვერასოდეს გავიგოთ, მაგრამ მთავარ კითხვაზე - რატომ მოკლეს გია ჭანტურია - შემიძლია დღესვე გიპასუხოთ... ის მოკლეს იმათთვის, ვინც შევარდნაძის მერე უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში.“

 

მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიასა და გია ჭანტურიას პოლიტიკური პროცესიდან ჩამოშორება რუსული გეგმის წარმატების აუცილებელი პირობა იყო, რომლის გარეშეც იმპერიის სამხრეთის საზღვრებთან პოზიციების შენარჩუნება, ანუ საქართველოში გავლენების შენარჩუნება, ყოვლად უიმედო, შეუძლებელი პერსპექტივა იქნებოდა.

 

პროცესების უშუალო მონაწილის მიერ შიგნიდან დანახული მომავალი მძიმე რეალობად დაგვატყდა თავს - შევარდნაძის შემდეგ მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ ზედმიწევნით შეასრულა რუსული დავალება: რუსული სამხედრო ნაწილები საქართველოში დააბრუნა და სრულად უზრუნველყო უპირობო რუსული მმართველობა ახლა უკვე დე-ფაქტო „დამოუკიდებელ სახელმწიფოებში“.

 

შემოთავაზებულ ანალიზში ერთი შეუსაბამობა იჩენს თავს - ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობისა“ და მისი ლიდერების „ღვაწლი“ რუსულ გეგმაში შემდგარი ფაქტია და ამის ყველაზე ნათელი დასტური 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და შედეგებია, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ მოღალატეებად შერაცხულ და მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებულ ძალას, მთელი მმართველობის და შემდგომ პერიოდშიც, ყველაზე დიდ მხარდაჭერას, უფრო მეტიც - მფარველობას უწევდნენ მაღალი პასუხისმგებლობის ოფიციალური (სამთავრობო და არასამთავრობო) ამერიკული ინსტიტუციები, მაღალი პასუხისმგებლობის პერსონები და სხვა სუბიექტები.

 

ჩემი ბოლო პერიოდის წერილების ადრესატები ქვეყნის მმართველი გუნდი და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, აგრეთვე,  პოლიტიკით სიღრმისეულად დაინტერესებული საზოგადოება იყვნენ. ამჯერად, მსურს, აშშ-ის ადმინისტრაციის საქართველოზე პასუხისმგებელი სუბიექტების ყურადღება მივიპყრო.

 

ბოლომდე არასდროს ვყოფილვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ხელისუფლება სისტემატურად ახდენს „გარედან დანახულის“ ანალიზს, მაგრამ სრული რწმენით შემიძლია ვთქვა, რომ აშშ-ის შესაბამისი სამსახურები „ქვემოდან“ მიწოდებულ ყველა სიტყვას ჯეროვან ყურადღებას უთმობენ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ რეაგირება არ დააყოვნებს, მაგრამ...

 

ზემოთ სიტყვა „შეუსაბამობა“ ვახსენე. ყველა შეუსაბამობას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. როდესაც გარემოებათა ობიექტურ ნიშნულებს შორის აცდენაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქმედებას სუბიექტური ინტერესები ედო საფუძვლად.

 

რუსული გეგმის მთავარ ფიგურად შეირჩა, ძალიან ქართულად რომ ვთქვათ, უჯიშო და უსულგულო მედროვე და, აქედან გამომდინარე, ყველაფერზე ხელის მომწერი მიხეილ სააკაშვილი. თითქმის იმავე პრინციპით („ის ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალაა“) ამერიკელებმაც, თავისი გეგმებისთვის, ამ მცირე მასშტაბის ავანტურისტზე შეაჩერეს არჩევანი. ამ დამთხვევაში გასაკვირი არაფერია, ოცდამეერთე საუკუნე ორმაგი აგენტების ხანაა. აქ მთავარი სხვა რამაა:

 

ამ არჩევანით რატომ დარჩა წაგებული საქართველო, ხოლო მოგებული რუსეთი? და კიდევ ერთი - ამ წარუმატებელი ექსპერიმენტიდან (ძალიან მიმძიმს ამ სიტყვის ხმარება, როცა საქმე ჩემ ქვეყანას ეხება) რა დასკვნები გამოიტანეს ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა? 

 

ჩემს წინა წერილში („რეპორტიორი“ - 26.10.2019) ვწერდი: „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესისადმი გარკვეული დასავლური ჯგუფების დამოკიდებულება ლოგიკის ჩარჩოებს სცდება და მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს ქვეყნისა და ხალხისთვის.“ ეს მძიმე შეფასება, ბუნებრივია, ფაქტებითა და არგუმენტებით იყო გამყარებული. მთავარი დასკვნა კი ის გახლდათ, რომ მიზეზად სუბიექტურ ინტერესებს ვასახელებდი. მეტი კონკრეტიკისთვის დავამატებდი, რომ არ არის გამორიცხული კერძო, მერკანტილურ ინტერესებთან გვქონდეს საქმე.

 

სამაგალითოდ, შეიძლება განვიხილოთ საქართველოში ორი ამერიკული ორგანიზაციის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქმიანობა. საქართველოს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი და დამანგრეველი „მოღვაწეობით“ გაწამებული და შეურაცხყოფილი ადამიანების (ასი ათასობით ადამიანის) მხრიდან ყველაზე მეტი უკმაყოფილება სწორედ ამ ინსტიტუტების მიმართ გამოითქმოდა და გამოითქმის.

 

უბრალო ენით რომ ვთქვათ, საქართველოში ერთ კაცს ვერ ნახავთ, NDI-ისა და IRI-ის „პოლიტიკურ ანგარიშებთან“ დაკავშირებით ერთხელ მაინც არ წამოცდენოდეს  - „მაშ, მტყუანის...“ და ერთ ქალს ვერ ნახავთ, ერთხელ მაინც არ აღმოხდენოდეს - „ისე თქვენ გაიხარეთ...“, ან - „მაგ სიმართლით იარეთო“.

 

„სამართლიანობისთვის“ უნდა აღინიშნოს, რომ უკმაყოფილების განცდა ბევრმა სხვამაც დაგვიტოვა (მეთიუ ბრაიზა, ბრიჯით ბრინკლი, ვიქტორია ნულანდი, რამდენიმე ელჩი,..), მაგრამ ამ სიმრავლეშიც ენ-დი-აი და აი-ერ-აი მაინც სხვანაირად „გამორჩეულები“ იყვნენ.

 

აშკარა და თვალშისაცემი გახლდათ, პირველ რიგში NDI-ის, ამ მაღალორგანიზებული სუბიექტის მეწინავე როლი განწყობების შექმნის თვალსაზრისით, როგორც საქართველოში, ისე, უწინარეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში. უნდა ვივარაუდოთ, ეს პატივი მან იმით დაიმსახურა, რომ მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებიდან პირველი იყო, ვინც აქტიურად ჩაერთო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

ისიც აშკარა იყო, რომ IRI დამხმარე ძალის, ზურგის გამმაგრებლის როლს ასრულებდა, ანუ ფუნქციები იმთავითვე მკაცრად იყო განსაზღვრული და გამიჯნული და ერთ მთლიან ინტერესს ემსახურებოდა.

 

NDI-ისა და IRI-ის  საქმიანობების უარყოფითად შეფასების მთავარი თვალსაჩინო მახასიათებელი, შეიძლება ითქვას - „საფირმო ნიშანი“, არის ე.წ. სოციოლოგიური კვლევები. თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში შედგენილი ათეულობით დოკუმენტიდან ვერ გაიხსენებთ რეალობასთან ოდნავ მაინც მიახლოებულ ერთ ანგარიშსაც კი. პოლიტიკოსთა უკმაყოფილო ნაწილი  დიპლომატიური ხერხებით ცდილობდა (და ცდილობს) ისრები დაკვეთის შემსრულებელი ორგანიზაციებისკენ მიემართა, იმის იმედით, რომ ამერიკის ადმინისტრაცია და მისი წარმომადგენლობა, საელჩოს სახით, დააფასებდნენ ორმხრივი ურთიერთობის გაფრთხილების ამგვარ გამოხატულებას.

 

სამწუხაროდ, ვითარება არ იცვლება - ავტორიტეტულ ამერიკულ ინსტიტუტებს 25-ზე მეტი წლის წინ არჩეული „კურსიდან“, რაც არა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში დახმარებას, არამედ „თავისი ნაძირლებისთვის“ პოზიციების გამაგრებას გულისხმობს, არ გადაუხვევია.

 

ამ წერილის გამოქვეყნება ერთი თვის წინ დავაანონსე („რეპორტიორი“ – 26.10.2019). პირობა სამი დღის თავზე შესრულებული მქონდა, მაგრამ დასაბეჭდად გადაცემაზე ფეხს ვითრევდი, რადგან ვშიშობდი, დიდ კაცებთან ჩემისთანა პატარა კაცის შეჯახება „ოცნებისთვის“ ზიანის მომტანი არ ყოფილიყო, მაგრამ...

 

მაგრამ, „არ არს დაფარულ, რომ არ გაცხადდეს“ -

უცაბედად, „ცარიელ ადგილზე“ სკანდალმა იფეთქა! სწორედაც რომ უდიდესი საერთაშორისო სკანდალია ის ინფორმაცია, რომელიც ქართველმა ექსპერტებმა მოიძიეს აშშ-ის ოფიციალურ წყაროებში - „IRI-ის  თავმჯდომარის მოადგილე რენდი შენემანი, რომელიც ასევე ფლობს PR-კომპანია Orion Strategies, 2004 წლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური აგენტია (ლობისტია) ამერიკის შეერთებულ შტატებში.“

 

სახეზეა ისეთი ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც, დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყნის ავტორიტეტიდან გამომდინარე, დღემდე შეუძლებლად მიგვაჩნდა. სახეზეა კერძო ინტერესებისა და ორი პარტნიორი სახელმწიფოს ინტერესების დაპირისპირება, რომელშიც დაზარალებული საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატებია(!), ხოლო მოგებული - რუსეთი და ერთი კერძო ლობისტური კომპანია(?).

 

მეხივით გამსკდარმა ახალმა ამბავმა გაამყარა ჩემი ანალიზი და საკმაოდ მძიმე და უაღრესად სამწუხარო დასკვნები.

 

NDI-ის როლი ქართული პოლიტიკის განსაზღვრაში განვითარების ყველა ეტაპზე თვალსაჩინო გახლდათ. თბილისის ოფისის პირველმა ხელმძღვანელმა, დენიელ კუნინმა, მოღვაწეობის საწყის პერიოდშივე გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა, რომ ქართველ ხალხს თავისი ქვეყნის მომავალი ჟვანია-სააკაშვილის ტანდემისთვის უნდა მიენდო. მესმის, რომ ეს ყველაფერი ძალზე შეურაცხმყოფელად ჟღერს, მაგრამ ამ გადასახედიდან ფაქტები სხვა შეფასებების გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს.

 

 

„ახალგაზრდა რეფორმატორებად“ სახელდებული გუნდისთვის მხარდაჭერა როგორც ღია (პოზიტიური „დაკლადები“), ისე ფარული სახითაც („გადაცდომებზე“ თვალის დახუჭვა) ხდებოდა. „გადაცდომებში“, მაგალითად, არც მეტი, არც ნაკლები, სხვადასხვა დონის (უკლებლივ ყველა!) არჩევნების ფართომასშტაბიანი გაყალბებები იგულისხმება.

 

 

არჩევნების თემა ხაზგასმით იმიტომ გამოვყავი, რომ NDI-ის, IRI-ისა და „ახალგაზრდა რეფორმატორების“ გეგმის მთავარ მიზნად, იმთავითვე, ახალი ტიპის ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბება იქცა. სიახლე, ერთი მხრივ, პოლიტიკური ველის მოსუფთავებას, ხოლო მეორე მხრივ, როგორც დემოკრატიული, ისე არადემოკრატიული სამყაროსთვის სრულიად „ნოუ-ჰაუ“ სისტემის, თვისებრივად ახალი მონსტრის, „მრავალთავიანი გველეშაპის“ მოდელირებას გულისხმობდა.

 

 

აღნიშნულ თემაზე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, მაგრამ, ვინაიდან ეს მახინჯი სისტემა დღესაც მუშაობს, ვფიქრობ, ღირს, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენო მისი არსი - მმართველი პარტიის (ჯერ „მოქალაქეთა კავშირი“, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“) ირგვლივ იქმნება  ფსევდოოპოზიციური სატელიტი პარტიების, მართვადი მედიის, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებისა და ე.წ. ექსპერტების ერთიანი ქსელი. ეს ერთობა მთლიანად ავსებს ჭეშმარიტი ოპოზიციური აზრისგან მთლიანად გაწმენდილ პოლიტიკურ ველს და გარე თვალისთვის ქმნის ფსევდოდემოკრატიულ სურათს („კარწინკას“).

 

 

ჟვანია-სააკაშვილისა და მათი მეგობრებისთვის შექმნილი ახალი „სიბრძნე სიცრუისას“ მეტი თვალსაჩინოებისთვის, ახლო წარსულის ქართული რეალობიდან, ერთი ასეთი მაგალითი შეიძლება მოვიტანოთ - მაშინ, როცა ღვინის ფალსიფიკაცია „მოდაში იყო“, „კრეატიული ქართველებით“ დასახლებულ ერთ რეგიონში ასეთი მარკეტინგული ხერხი გამოიგონეს: მიწაში ჩამარხულ ერთ მრავალტონიან ცისტერნას ათამდე ქვევრის თავს მოარგებდნენ ხოლმე და ღვინის საყიდლად მისულ „კლიენტს“ სთავაზობდნენ, „რამდენიმე ჭურჭლიდან“ თვითონ გაეკეთებინა არჩევანი. სწორედ ასეთ ფალსიფიკაციასთან გვქონდა და გვაქვს საქმე ნაცრეჟიმისთვის შექმნილი სისტემის შემთხვევაშიც.

 

 

შეიძლება NDI-ისა და IRI-ის მესვეურებმა იუარონ, ჩვენ ამ საქმეში მონაწილეობა არ მიგვიღიაო და მტკიცებულებები მოითხოვონ, მაგრამ რეჟიმის მუდმივი და უპირობო მხარდაჭერა და შემდეგ ამ მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებული მავნებლებისთვის „ხრამში გადაყოლა“ განა მტკიცებულება არაა, „კვლევებით“ მუდმივ მანიპულირებაზე რომ არაფერი ვთქვათ? სადაა აქ საქართველო და ქართველი ხალხი?

 

 

შემთხვევითი არაა, რომ დენიელ კუნინი და მის შემდეგ მოსული NDI-ის თითქმის ყველა ხელმძღვანელი, ვადის ამოწურვის მიუხედავად, დიდხანს შემორჩნენ საქართველოს, ვიტყოდი - როგორც ბუზი თაფლს. მაგალითად, იგივე ბატონი კუნინი, ყველას რომელიმე სხვა „ახალი დემოკრატიის“ ქვეყანაში რომ გვეგონა გამწესებული, რადგან ჩვენთან მისი ორგანიზაციის უკვე მეოთხე თუ მეხუთე ხელმძღვანელი იყო დელეგირებული, „უცაბედად“, ავადსახსენებელ ჯორჯ სოროსთან ერთად წარმოგვიდგა ახლად გაპრეზიდენტებული სააკაშვილის პირველ უცხოურ პრესკონფერენციაზე, როგორც ჩვენი ქვეყნის პირველი პირის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

 

 

NDI-ის ნეგატიური როლი ქართულ პოლიტიკურ პროცესში არც „გარედან“ მაყურებლისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი. მხოლოდ ერთ მაგალითს შეგახსენებთ - NDI-ის გამოცდილი თანამშრომელი, მრავალ პრობლემურ ქვეყანაში ნამუშევარი ამერიკელი ექსპერტი, გრეგორი მინჯეკი, ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე წერდა (მოვიტან ამონარიდებს მისი ინტერვიუდან):

 

 

„დღევანდელი NDI-ის ქართული ოფისის საქმიანობით გაკვირვებული ვარ.“ „ის, რასაც NDI  აკეთებს საქართველოში, არ ემსახურება დემოკრატიის მშენებლობას.  ის (NDI) ხელს უწყობს სააკაშვილის დანაშაულებსა და შეცდომებს.“ „ის მეთოდები, რომლებითაც საქართველოში NDI მუშაობს, სრულიად გაუგებარია.“ „ჩავეძიე, თუ როგორ ატარებენ გამოკითხვას, რა მექანიზმით და მივიღე ძალზე არასახარბიელო პასუხი. ამ თემაზე პრესაში ვერ ვილაპარაკებ...  მათი დასმული კითხვები და კვლევის მეთოდები არ შეესაბამება ორგანიზაციის მუშაობის წესებს. კითხვები არასწორად არის შედგენილი. აშკარაა ინტერესთა კონფლიქტი, რაც კანონით ისჯება.NDI-ისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ყოფილი თანამშრომლები მმართველი პარტიის სიით იყრიან კენჭს.“ „პირდაპირ გეტყვით - NDI-ის ამერიკელი თანამშრომლები მუშაობენ სააკაშვილისთვის.“

 

 

ინტერვიუს დასკვნით ნაწილში, ბატონი მინჯეკი იმედს გამოთქვამს, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგან NDI-ის სათავო ოფისს უკვე აქვს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს NDI-ის საქართველოს ოფისი“.

 

 

აქ დგება მომენტი, როცა სათქმელი საზოგადოებამ უნდა თქვას (ხელისუფლება, როგორც ჩანს, მართლაც შეზღუდულია იმ მიზეზიდან გამომდინარე, რაზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრე), რადგან NDI-ის სათავო ოფისს ნულოვანი რეაქცია აქვს იმ ყველაფერზე, რა უმსგავსობასაც NDI-ის საქართველოს ოფისი სჩადიოდა და სჩადის ათწლეულების განმავლობაში.

 

                                                         (გაგრძელება იქნება)

 

ბიძინა  დვალი

02.12.2019

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner