logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: რიგითი ქართველი ამომრჩევლის თხოვნა აშშ-ის დემოკრატიისადმი...
- +

31 იანვარი. 2020. 13:05

 

 

რიგითი ქართველი ამომრჩევლის  თხოვნა აშშ-ს დემოკრატიისადმი - დაგვეხმარეთ ძველი ქართული ანდაზის აღსრულებაში: „ძაღლი ვინაც მოკლა, მათვე გადაათრიონო“.

 

ჩემს ახალგაზრდობაში აშშ, ანუ როგორც მაშინ ვეძახდით, უბრალოდ ამერიკა, გაიგივებული გვქონდა თავისუფლებასა და დემოკრატიასთან.

 

და ეს ასეც იყო, საღამოობით მივუსხდებოდით  რადიომიმღებებს და გაფაციცებით ველოდებოდით თავისუფლების ბასტიონიდან „ამერიკის ხმის“ გადაცემების დაწყებას საბჭოთა კავშირში არსებული რეალური ვითარებისა და დემოკრატიის შესახებ.

 

რომელსაც უღვთოდ ახშობდა კომუნისტური მარაზმი.

 

ვაშინგტონმა  უდიდესი წვლილი შეიტანა  იმაში, რომ საქართველომ მოიპოვა  და შემდეგ განიმტკიცა დამოუკიდებლობა.

 

ჩვენი ღრმა რწმენით, სწორედ  დასავლური დემოკრატიის ძალისხმევამ აიძულა(დიახ, ასე იყო!) ზოგნი, ეცნო 2012 წლის ოქტომბერში განხორციელებული ქართველი ხალხის ნება და ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წასულიყო.

 

ამიტომაც ქართველი ხალხი არასდროს არ დაივიწყებს ამერიკელი ხალხის და აშშ-სახელმწიფოს მიერ საქართველოსადმი განხორციელებულ უდიდეს და უანგარო  ამაგს.

 

მაგრამ უკანასკნელ ხანებში ხდება ზოგიერთი გაუგებრობა, სახელდობრ ის, რომ  ამერიკელ პოლიტიკოსთა მცირე ნაწილი სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო უარყოფითად განეწყო ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ.

 

და ეს იმ დროს, როდესაც ისეთი მაღალი ხარისხის დემოკრატია, როგორიც ამჟამად საქართველოშია, აქ, დედამიწის ამ პატარა და უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში  არც არასდროს არ ყოფილა(შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ იდეალური და დასავლურთან ძალზედ მიახლოებულია, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში ნამდვილად სამაგალითოა).

 

მე მიმაჩნია, რომ ამ ამერიკელ მეგობრებს ნამდვილად კეთილი ზრახვები გააჩნიათ ჩვენი სამშობლოს მიმართ და ამიტომაც მიგვითითებენ, გვაკრიტიკებენ და გვისახავენ გამოსწორების გზებს, მაგრამ

 

 აი, სწორედ ეს „მაგრამ“ უნდა აგიხსნათ, ჩვენზედ დამაშვრალნო ძვირფასო მეგობრებო, ანუ თქვენ, ძვირფასებო, ინფორმაციებს იღებთ  ხელისუფლებაში მყოფი და ახლა უკან დაბრუნებით გავეშებული იმ პოლიტიკური  სუბიექტებისაგან, რომლებიც ქართველმა ხალხმა მმართველობიდან გადაირჩია დემოკრატიის უპირველესი ღირებულების - ადამიანის უფლებების უხეშად ფეხქვეშ გათელვის გამო.

 

მაგალითები: ახალგაზრდების ქუჩებში ჩახოცვა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ციხეებში პატიმრების წამება, უკანონო ფარული მიყურადება-მოსმენები, პრესისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა,  27 ათასი უკანონოდ გადაღებული ფაილი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ...

 

კი მაგრამ, იტყვით, ამდენი ფაქტი თუ ჰქონდა სახელმწიფოს, რატომ არ დასაჯაო?

იტყვით და ნაწილობრივ მართალნიც იქნებით.

მაგრამ....

და კიდევ „მაგრამ“...

უპირველესად იმის გამო არ დაისაჯნენ ეს ქრისტეს ფეხის მკვნეტელები, რომ ჩვენმა საზღვარგარეთელმა მეგობრებმა ასე გვირჩიეს და მაშინდელი ცნობილი რესპუბლიკელის პირით „ქართული დემოკრატიის მთავარ ამოცანად „ნაცმოძრაობის“ გადარჩენა“ დაგვისახეს.

 

დაგვისახეს და გადაარჩინა ქართულმა სახელმწიფომ ეს  ანტიხალხურ ძალად იავარქმნილნი პოლიტიკური ძალა...

 

შედეგი?  შვიდი წლის შემდეგ მოსულიერდა, მოძლიერდა, გაშინაურდა და დაიწყო ანტიკონსტიტუციური მეთოდებით ბრძოლა ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის და ნახეთ, რა ლოზუნგებით ამომრჩევლის მიმართ:

 

„გიმახსოვრებთ, დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ, მოგგუდავთ, მოგკლავთ,  მუცელზე გაგხეთქავთ“.

 

რაც მთავარია,  ე.წ. ოპოზიცია ადგენს „შავ სიებს“ და რომელსაც ლოგიკურად უნდა მოჰყვეს „შავი რაზმების“ შექმნა.

 

ასე რომ, ბატონო ჩვენო მეგობარო ამერიკელო პოლიტიკოსებო, თქვენი საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართ გამოგზავნილი კრიტიკული წერილებით გულმოცემული რევანშისტები ისევ აჟიტირდნენ და განადგურებით გვემუქრებიან.

 

პატივცემულო ბატონებო, ზემოთ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ - საქართველოს მოსახლეობა  არასდროს არ დავივიწყებთ იმ უდიდეს დახმარებას, რომელსაც აშშ - ხალხი და სახელმწიფო გვიწევთ  განვლილი წლების მანძილზე და მორიდებით, როგორც გამორჩეულ მეგობართან  გვაქვს კიდევ ერთი უდიდესი თხოვნა:

 

დაგვეხმარეთ თქვენი კეთილი და მეგობრული რჩევებით იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოში პოლიტიკური ველიდან იმ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის მოშორება, რომლის სახელი და გვარია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები.

 

ანუ  დაგვეხმარეთ ძველი ქართული ანდაზის აღსრულებაში: „ძაღლი ვინაც მოკლა, მათვე გადაათრიონო“.

 

ამით უდიდეს სამსახურს გაუწევთ ქართველ ხალხს და მთლიანად დემოკრატიული პროცესების განვითარებას რეგიონში.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner