logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ისეთმა რა ფრინველმა გადაუფრინა საქართველოს – „გუგულის ბუდეს“, რომ გიჟების მძევლობიდან თავი ვერ დაგვიღწევია?
- +

7 თებერვალი. 2020. 17:22

 

 

ერთი უცხოური ფილმის სიუჟეტი მახსენდება: ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები მომსახურე პერსონალს მძევლად აიყვანენ და თვითონ დაუწყებენ მკურნალობას.

 

მათი „მკურნალობის“ მიზანიც იგივეა, რაც მედპერსონალის იყო – „მოაჭკვიანონ“ „პაციენტები“, რომლებსაც, მათი აზრით, ფსიქიკური პრობლემები აქვთ და არაადეკვატურად, ანუ ისე არ იქცევიან, როგორც მათი ახლად გამოჩეკილი „ექიმები“.

 

ჭკვიანებისთვის თუ გიჟები არიან ფსიქიკურად დაავადებულები, გიჟებისთვის ჭკვიანები არიან შეურაცხადები.

 

ჩვენი საბრალო საქართველოს ამბებს რომ ვაკვირდები, ჩვენც, მგონი, გიჟებმა აგვიყვანეს მძევლად 2003 წელს და იმის შემდეგ „გვმკურნალობენ“ და „გვმკურნალობენ“.

 

მკურნალობის ცხრაწლიანმა კურსმა, მათი აზრით, ბოლომდე ვერ განგვკურნა და ახლა რვაწლიანი პაუზის შემდეგ ხელახლა უნდათ „გვიმკურნალონ“, რომ მათი ხელახლა ხელისუფლებაში მოსვლის იდეა როგორმე მოგვეწონოს.

 

ღია სტაციონარ „მთავარი არხიდან“, დილიდან საღამომდე „მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით“ დაკომპლექტებული კონსილიუმი უფასო კონსულტაციებს გვიწევს და ჰაერისგან „დამზადებულ“ უფასო აბებსაც გვირიგებს, რომელიც ჭკუასუსტობას შეცვლის თურმე.

 

ფსიქოკლინიკა „მთავარის“ მთავარი ადმინისტრატორი და მთავარი სპეციალისტი, „დოქტორი“ ნიკუტა, რომელსაც, სხვა სპეციალისტების აზრით, თავადაც კარგა გვარიანად აქვს კრამიტი დაცურებული, ჯიუტად ცდილობს ჩვენს მორჯულებას, ანუ ჩვენს ჭკუაზე მოყვანას და ამასთან ერთად, შიგადაშიგ, დედასაც გვაგინებს, რომ უფრო კარგად შევიდეს ჩვენს გაყინულ ტვინებში მისი ბრძნული შეგონებანი.

 

როგორც ვთქვით, „დოქტორი“ ნიკუტა, დიდი ალბათობით, თვითონ არის გიჟი, მაგრამ გიჟები ისინი ჰგონია, ვინც მის ნაბოდვარს ყურს არ უგდებს და სხვა მხარისკენ იყურება.

 

ნიკუტას კონსილიუმში ბევრი გიჟი იღებს მონაწილეობას, მაგრამ ერთი გიჟი მაინც განსაკუთრებული სიგიჟეებით გამოირჩევა და სტატუსიც განსაკუთრებული აქვს – პრეზიდენტი!

 

„– ვერავინ წარმოიდგენდა, ეგ თუ პრეზიდენტი გახდებოდა. ზურგს უკან დასცინოდნენ და გიჟს ეძახდნენ. მართლა გიჟივით იქცეოდა, რაღაცნაირი არასერიოზული და არაპროგნოზირებადი საქციელები ჰქონდა.

ერთხელ სამთავრობო სხდომაზე ერთ საკითხთან დაკავშირებით წავკამათდით, მოგვიანებით დამირეკა, ყვიროდა, ილანძღებოდა, იმუქრებოდა.

– შენ ვის უყვირიხარ, შენი თავი პრეზიდენტი ხომ არ გგონია-მეთქი, ვუთხარი.

– კი არ მგონია, პრეზიდენტი ვიქნები სულ მალე და მაგ პოსტიდან კინწისკვრით გაგაგდებო, მითხრა.

სიცილი ამიტყდა – შენ იქნები პრეზიდენტი? შენ გახდები პრეზიდენტი და მე გამაგდებ? კარგი რა, ნუ მაცინებ.

– დიახ, დიახ, სულ მალე პრეზიდენტი გავხდები და მერე ვნახოთ, ვინ გაიცინებსო, – მითხრა და ყურმილი დამიხეთქა.

სულ მალე არა, მაგრამ ორ წელიწადში ის მართლაც გახდა პრეზიდენტი და მოხსნითაც, ალბათ, პირველს მე მომხსნიდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მე უკვე წამოსული ვიყავი იმ თანამდებობიდან.

ყველაზე შემაძრწუნებელი და გამაოგნებელი ამ ამბავში, იცით, რა არის? სააკაშვილმა ორი წლით ადრე იცოდა, პრეზიდენტი რომ გახდებოდა, ის ამაში ღრმად იყო დარწმუნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვიღაცები უკვე ამზადებდნენ საპრეზიდენტოდ და უკვე არსებობდა მკაცრად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები და რას რა უნდა მოჰყოლოდა.

საქართველოში ჭკვიანი და გონებადამჯდარი ადამიანების მეტი რა არის, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატად მაინცდამაინც ეს „ვანკა დურაჩოკი“, ეს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი ამოირჩიეს, რადგან იცოდნენ, რომ მას უფრო ეფექტურად გამოიყენებდნენ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გასახორციელებლად.

ყველაფერი წინასწარ გათვალეს და აწონ-დაწონეს, გაითვალისწინეს მისი ხასიათის ყველა ნიუანსი, ყველა შტრიხი და 2008 წელს, როცა დრო დადგა, ამ შლეგს საკუთარი ქვეყანა საკუთარი ხელით დაანგრევინეს, მანამდე კი უმთავრესი ეკონომიკური ბერკეტები დაათმობინეს.

რა პროდასავლური და რისი პროდასავლური – წმინდა წყლის რუსული პროდუქტია, რუსული სპეცსამსახურების ლაბორატორიაში გამოყვანილი ზომბია ეგეც და მისი თანამოაზრეებიც.

ახლა უკან უნდათ მოაბრუნონ, რომ ბოლომდე განახორციელონ თავიანთი გეგმა, რომელსაც არც მალავენ – ქართული სახელმწიფოს დაშლა!

ხომ გაქვთ წაკითხული მათი მთავარი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ქართული სახელმწიფოს დემონტაჟი.

ნაწილი ამ პროექტისა, უკვე განხორციელებულია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოდან ჩამოშორებით, დანარჩენ რეგიონებსაც „მიხედავენ“ ნელ-ნელა.

ისე გათავხედდნენ, კინაღამ კგბ-ს მაღალჩინოსანი ვაშაძე დაგვისვეს პრეზიდენტად.

სხვათა შორის, რომ იცოდეთ, არც ვაშაძეა ფსიქიკურად მთლად ნორმალური და ჯანმრთელი.

კიდევ ერთი დეტალი: ეს კაცი, ჩვენ ჭკუამხიარული ტაკიმასხარა და დებილი რომ გვეგონა, როგორც კი ძალაუფლება აიღო ხელში, მყისვე იქცა ურჩხულად, დესპოტად, დაუნდობელ, სისხლისმოყვარულ, ვერაგ მონსტრად.

ღმერთმა დაგვიფაროს, ის უკან რომ მობრუნდეს, სისხლის ტბები დადგება საქართველოში.

გული მწყდება, ქართველი ხალხის ნაწილი რომ ვერ ხვდება, სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ სახით, რა ეროვნულ უბედურებასთან აქვს საქმე. არადა, მისახვედრი, გასაშიფრი და ამოსახსნელი არც არაფერია – ყველაფერი ზედაპირზე დევს, ყველაფერი სახეზეა.

ინაუგურაციის შემდეგ დამირეკა: – ახლა თუ ხარ სიცილის ხასიათზეო? – მკითხა.

ამას რომ მეუბნებოდა, თან იცინოდა თავისი უცნაური, დემონური სიცილით, თითქოსდა ქვესკნელიდან ამოხეთქილი ხმებს რომ აყოლებს ზედ.

2004 წლის შემდეგ ჩემთვის ყველა კარი დაიკეტა...

სული მიდგას, თორემ დიდი ხანია მკვდარი ვარ“.

 

ეს ამბავი ერთმა ადამიანმა მიამბო, რომელიც „ვარდების რვოლუციის“ წინა წლებში ძალიან მაღალ თანამდებობას იკავებდა და რომელმაც ზუსტად, დოკუმენტურად იცის, სინამდვილეში რას წარმოადგენს სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“.

 

ამ ადამიანთან ერთად მათი ბნელი წარმომავლობის ისტორია იციან სხვებმაც, მაგრამ მერე რა, რომ იციან – ისინი მაინც დემოკრატიის მედროშეებად ითვლებიან.

 

დემოკრატიის მედროშეები ჯოჯოხეთის მაშხალით ხელში – აი, ის გამაოგნებელი სურათი, რასაც ოც წელზე მეტია საქართველო უყურებს.

 

***

 

გიჟები გიჟებად, მაგრამ ამ ჭკვიანებს რა სჭირთ, ასე ადვილად რომ ექვემდებარებიან გიჟების მიერ დაწესებული მკურნალობის მეთოდებს და ურას და ვაშას ძახილით რომ მისდევენ უკან შეურაცხად ლიდერებს?

 

როგორც ამბობენ, 400 ათასამდე მყარი და სტაბილური მხარდამჭერი ჰყავთ, თუმცა, ეს ისედაც საგანგაშო ციფრია, ზოგჯერ იმატებს კიდევაც, ხან 500 ათასი ხდება, ხან 800 ათასამდეც კი აღწევს.

 

ასეთი კატასტროფულად მაღალია გიჟების მიერ „ნამკურნალევთა“ და „დაჭკვიანებულთა“ რიცხვი და თუ ასე გაგრძელდა, ეს რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

 

საკითხი იმდენად დელიკატური და სპეციფიკურია, სჯობია, ამ თემაზე ფსიქიატრებმა და ფსიქოლოგებმა იმსჯელონ, თუმცა, ისინი რატომღაც მრავალმნიშვნელოვნად დუმან და შორიდან მშვიდად უყურებენ, როგორ „კურნავენ“ მათი პაციენტები მძევლად აყვანილ ქვეყანას.

 

მსგავსი ფსიქოეპიდემია მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა, იგივე უბედურება ტრიალებდა გასული საუკუნის 30-იან წლებში შუაგულ ევროპაში, გერმანიაში, თუმცა, გერმანელებს, ჩვენგან განსხვავებით, დამნაშავე ნაცისტებთან კოაბიტაცია კი არ შეუკრავთ – დამნაშავეები გაასამართლეს, ნაცისტური პარტია კი სამუდამოდ აკრძალეს.

 

გერმანელებს დღემდე რცხვენიათ და ეუხერხულებათ, მათი თანდასწრებით ვინმე ადოლფ შიკლგრუბერის (ჰიტლერის) სახელს თუ ახსენებს. ჩვენ კიდევ გვრცხვენია და გვეუხერხულება კი არა, ხარბად ვუსმენთ, რა ინსტრუქციებს მოგვცემს ქართული წარმოშობის ფიურერი კიევიდან, ან რას გვეტყვის ბოკერია ან უგულავა, რომლებიც, როგორც ამბობენ, არც არავისზე ნაკლები გიჟები არიან და არც არავისზე ნაკლები დანაშაულები აქვთ ჩადენილი.

 

გერმანელებს, ჩვენსავით, თავიანთ პარლამენტში, ანუ ბუნდესტაგში დეპუტატებად კი არ შეუშვიათ ფიურერის თანაპარტიელები და თანამებრძოლები და არც მათთან დამსხდარან საბჭოდ და სათათბიროდ – როგორი საარჩევნო სისტემა უნდა ავირჩიოთ სამომავლოდო.

 

***

 

ისეთმა რა ფრინველმა გადაუფრინა საქართველოს – „გუგულის ბუდეს“, რომ ვერა და ვერ ვთავისუფლდებით გიჟების მძევლობისგან?

 

ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება, მთელი ქვეყანა ერთ დიდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ იქცეს, სადაც ჭკვიანებისა და ნორმალურებისთვის, უბრალოდ, ადგილი არ დარჩება.

 

 

ვახტანგ ხარჩილავა

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner