logo_geo
eng_logo
1891 წლის 8 თებერვალს გრაფიკოსი და მხატვარ-ავანგარდისტი მიხაილ ლე-დანტიუ დაიბადა
- +

8 თებერვალი. 2020. 15:06

 

 

დღეს წარმოგიდგენთ ბევრისთვის უცნობ და ძალზე საინტერესო მხატვარს, რომელმაც პირველმა აუღო ალღო ნიკო ფიროსმანის „პრიმიტიულ“, მაგრამ კოსმიურ ნიჭს, პირველმა შეაფასა, დააფასა და სხვებსაც დააფასებინა ნიკალას გენია, პირველმა დაინახა და სხვებსაც დაანახა ფიროსმანის განსაკუთრებულობა და ამით ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. ფიროსმანს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მის სიცოცხლეში ყველა და, ამავდროულად, არავინ იცნობდა. ის კი არადა, იმ დროის დიდი ხელოვანები, მხატვრები, მწერლები თუ სხვა წარჩინებულნი, მათ შორის ძმები ზდანევიჩები, რომლებიც, განსხვავებით ჩვენი დღევანდელი იუბილარისგან, პირადად იცნობდნენ ნიკო ფიროსმანს, ერთგვარი სკეპსისით უყურებდნენ თვითნასწავლის „ხელობას“ და „გამორჩეულობას“ და ეს ხდებოდა მანამ, სანამ ავანსცენაზე არ გამოჩნდა ჩვენი იუბილარი - რუსი მხატვარი მიხაილ ლე-დანტიუ, რომელიც დღეს უპირობოდ მიიჩნევა ქართველების ეროვნული გენიის - ნიკო ფიროსმანის ნამდვილ პირველაღმომჩენად და ქართველი პრიმიტივისტის შედევრების პირველ კოლექციონერად, იმ „პრიმიტივი“ ნიკალასი, რომელიც, ლადო ასათიანს თუ დავესესხებით:

 

„...არც კოხტა იყო საცოდავი და არც ართვალი,

ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან,

ეხ… ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი,

უფასოდ გაქრა, უფასოდ, და ახლა დაფასდა!“

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1891 წლის 8 თებერვალს ტვერის გუბერნიაში მცხოვრები ფრანგული წარმომავლობის ექიმ ვასილ ლე-დანტიუსა და ზინაიდა სავოსტიანოვას ოჯახში დაიბადა სახელოვანი რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი და მხატვარ-ავანგარდისტი მიხაილ ლე-დანტიუ, რომელიც არასოდეს მიიჩნევდა თავს ფრანგად და არასოდეს და არსად მოიხსენიებოდა და მოიხსენიება ფრანგ მხატვარ მიშელ ლედანტიუდ, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ქართულ წყაროს, რომელიც მას ფრანგ მხატვარ მიშელ ლედანტიუდ ასახელებს, თანაც მაშინ, როდესაც მხატვრის ჯერ კიდევ დიდი ბაბუა - პეტრე ლე-დანტიუ - გახლდათ რუსეთის საინჟინრო არმიის ოფიცერი და აქტიურად მონაწილეობდა ბაიკალის მაგისტრალის მშენებლობაში, ხოლო მამამ - ვასილ ლე-დანტიუმ - წარმატებით დაამთავრა რუსეთის საიმპერატორო სამხედრო-სამედიცინო აკადემია და პრაქტიკოსი ექიმი იყო, რომელიც ავადმყოფიდან გადადებული ქოლერით გარდაიცვალა. მართალია, მოგვიანებით ვასილი ნაროდნოვოლცების მოძრაობაში გაერთიანდა, დააპატიმრეს და ტვერის გუბერნიაში გადაასახლეს, მაგრამ მას არასოდეს უარუყვია, რომ რუსი იყო. მიხაილ ლე-დანტიუ თავადაც რუსი ოფიცერი გახლდათ და სიკვდილამდე რუსეთის არმიაში მსახურობდა.

 

მიხაილ ლე-დანტიუს გვარის ფრანგული ჟღერადობა მრავალი ლეგენდის საბაბი გახდა ჩვენს ქვეყანაში, რის გამოც ძველი ქართული წყაროებიდან ვიგებთ, რომ საქართველოში კარგა ხნის მანძილზე მიაჩნდათ, რომ ნიკო ფიროსმანის აღმომჩენი ფრანგი მხატვარი იყო. გასაგებია, ეს იყო ადრე, როდესაც ინტერნეტი ხურმასავით უცხო ხილი იყო, მაგრამ დღეს ცოტა უხერხულია, როდესაც ზოგიერთი თანამედროვე ქართული წყარო (და მთელ დუნიაზე სხვა არავინ) რუს მხატვარ მიხაილ ლე-დანტიუს ფრანგ მიშელ ლედანტიუდ იხსენიებს. ჩემი მოკრძალებული აზრით, ნიკო ფიროსმანის ნამდვილ აღმომჩენზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება და მისი ფრანგ მხატვარ მიშელ ლედანტიუდ მოხსენიება განუზომლად სცილდება რუსოფობიის საზღვრებს და რაღაც სხვა „ფენომენზე“ მიგვანიშნებს, რომლის დასახელებისგანაც თავს შევიკავებ. მიმაჩნია, რომ როდესაც ფიროსმანის აღმომჩენის თემას ეხები, აუცილებლად უნდა მოიძიო სხვადასხვა მასალა, მათ შორის მისი თანამედროვეების ჩანაწერები, ან სახელოვანი ქართველი ძმების კირილ და ილია ზდანევიჩების წერილები, რომლებშიც გარკვევით წერია. რომ მიხაილ ლე-დანტიუ რუსი მხატვარი იყო. დავით კაკაბაძისადმი მიწერილ ილია ზდანევიჩის წერილში წერია: „ძვირფასო დავით, ნიკო ფიროსმანაშვილი აღმოაჩინეს მიხაილ ვასილის ძე ლე-დანტიუმ და ჩემმა ძმამ 1912 წლის აპრილ-მაისში. ლე-დანტიუ, რასაკვირველია, რუსია და თანაც გამოჩენილი მხატვარი...“.

 

ახლა რაც შეეხება ფიროსმანის აღმოჩენას, ძმებ ზდანევიჩებს, რომლებიც ჯერ კიდევ ლე-დანტიუმდე იცნობდნენ ფიროსმანის ნამუშევრებს, აქცენტი არასოდეს გაუკეთებიათ მის განსაკუთრებულობაზე. ამიტომ, სწორედ მიხაილ ლე-დანტიუ ითვლებოდა და ითვლება ფიროსმანის ნამდვილ აღმომჩენად. რაც შეეხება მის ფრანგად „გასაღებას“, ვფიქრობ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველებისთვის აგრერიგად დამახასიათებელ მატრაკვეცობას... განა არ სჯობს ნიკალას აღმომჩენი და მისი ნახატების კოლექციონერი „ფრანცუზი“ იყოს და არა ვიღაც რუსი?! ფაქტია, ქართული „მატრაკვეცობა“ მართლაც უსაზღვროა და ამან შეცდომაში შეიყვანა მრავალი ქართველი და თვით ნიკალაც, ესაოდა „ფრანცუზ“ მხატვარს მოვწონებივარ და „საფრანგეთშიც კი მიცნობენ“-ო... გამოითქვა ვარაუდი, რომ ახალგაზრდა ილია ზდანევიჩმა უბრალოდ წაახალისა ნიკალა, ესაოდა ჩემს ფრანგ მეგობარს მოსწონხარ და პარიზშიც მოგიწყობს გამოფენასო... აქვე გეტყვით, რომ თავად ლე-დანტიუ, განსხვავებით ძმები ზდანევიჩებისგან, პირადად არასოდეს შეხვედრია ფიროსმანს. იწერება ისიც, რომ 1912-1914 წლებში თავად ილია ზდანევიჩი ცდილობდა ნიკო ფიროსმანის გამოფენის მოწყობას პარიზში, წერდა, თუ მოვახერხე, მინდა, რომ ნიკალას გამოფენა მოვაწყო პარიზში და კატალოგის წინასიტყვაობაც დავწეროო.

 

1912 წელს მიხაილ ლე-დანტიუ თბილისში ჩავიდა და მისი ქართველი მეგობრების ილია და კირილ ზდანევიჩების მშობლების სახლში დაბინავდა. დედით ქართველი და მამით პოლონელი ზდანევიჩები ქართველობით ამაყობდნენ, დედით რუსი და მამით ფრანგი ლე-დანტიუ კი ცნობილი რუსი მხატვარი გახლდათ. ანუ, როგორც ლე-დანტიუს დიდი ბაბუა რუსეთში გადასახლებამდე იტყოდა - C'est la vie, ანუ „такова жизнь“.

 

თბილისში ყოფნისას კირილ ზდანევიჩმა მიხაილ ლე-დანტიუ ვაგზლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ დუქან „ვარიაგში“ წაიყვანა. ცნობილია, რომ ლე-დანტიუ გატაცებული იყო აბრებით, ამიტომ მისი ყურადღება უმალ მიიპყრო ჯერ დუქნის შესასვლელში გაკრულმა აბრამ, შემდეგ კი მის კედლებზე გამოფენილმა ნამუშევრებმა, რომელთა დანახვისთანავე აღფრთოვანებულმა მიხაილ ლე-დანტიუმ შესძახა“ „ეს ხომ თანამედროვე ჯოტოა!“ რაოდენ დიდი იყო მიხაილ ლე-დანტიუს გაკვირვება, როდესაც გაიგო, რომ ქართველი „ჯოტო“, რომელსაც თბილისის თითქმის ყველა სამიკიტნო და დუქანი ჰქონდა მოხატული, ერთი ღატაკი, თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი იყო და სახლ-კარიც არ გააჩნდა. ბულატ ოკუჯავას საოცარი ლექსი გამახსენდა:

 

„Что происходит с нами,

когда мы смотрим сны?

Художник Пиросмани

выходит из стены...

и продает картины

за порцию еды…“

 

აი, სწორედ 1912 წლის იმ დღიდან დაიწყო მიხაილ ლე-დანტიუმ ნიკალას ნამუშევრების შეძენა, მიუხედავად იმისა, რომ დედის მიერ გამოგზავნილი ფული ხშირად პირველადი საჭიროებისთვისაც არ ჰყოფნიდა. ასე იქცა მიხაილ ლე-დანტიუ ნიკო ფიროსმანის შედევრების პირველ კოლექციონერად - პროფესიონალ მხატვრებს შორის.

 

ახლა კი კვლავ დავუბრუნდეთ მიხაილ ლე-დანტიუს ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

 

მიშა ლე-დანტიუ სწავლობდა პეტერბურგის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ კი, მწირი მატერიალური შესაძლებლობების მიუხედავად, მიუნჰენში გაემგზავრა, რათა დედის ოცნება აეხდინა და მიუნჰენის სამხატვრო აკადემიაში ესწავლა. მიშა მალევე დაბრუნდა პეტერბურგში და დედასთან თავი იმართლა, გერმანული ხელოვნება დიდად არ მეპიტნავაო. რუსეთში დაბრუნებული ლე-დანტიუ მრავალი „მოლაპარაკე“ სახელის მქონე ჯგუფში გაწევრიანდა, რომელთა შორის იყო ფუტურისტული ჯგუფი „უსისხლო მკვლელობა“ და ცნობილი შემოქმედებითი ჯგუფი „ვირის კუდი“. 1912 წელს მოსკოვში მოეწყო ამავე სახელწოდების ეპატაჟური გამოფენა, რომელზეც საქართველოდან ახლად დაბრუნებულმა ლე-დანტიუმ პირველად „გააბრწყინა“ ნიკო ფიროსმანს რამდენიმე შედევრი, რის შემდეგაც პრიმიტივისტი ნიკალას დიდოსტატური ხელწერით უამრავი ქვეყანა და ხელოვანი დაინტერესდა.

 

მიხაილ ლე-დანტიუმ დაამთავრა რუსეთის სამხედრო სასწავლებელი და ოფიცრის ჩინიც მიიღო, რის გამოც პირველი მსოფლიო ომი მასაც შეეხო. ომში წასული მიშა სასიყვარულო წერილებს უგზავნიდა თავის ულამაზეს საცოლეს ოლგა ლეშკოვას და არც მეგობარ ზდანევიჩებს ივიწყებდა. რომლებთანაც აქტიური ეპისტოლარული ურთიერთობა ჰქონდა.

 

1917 წელს ომიდან დემობილიზებული 26 წლის მიხაილ ლე-დანტიუ მატარებლის კიბეებიდან დაცურდა და დაიღუპა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, იგი დეზერტირმა რუსმა სამხედროებმა გადააგდეს მატარებლიდან. ასე იყო, თუ ისე, 26 წლის ახალგაზრდა ხელოვანი ტრაგიკულად დაიღუპა. 1918 წელს, მეგობრის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, თბილისის „ფანტასტიური სამიკიტნოს“ შენობაში გამოვიდა ილია ზდანევიჩი და წაიკითხა მიხაილ ლე-დანტიუს ხსოვნისადმი მიძღვნილი მოხსენება, რომელიც მოგვიანებით თავის წიგნშიც შეიტანა: „ლე-დანტიუ იყო კუბოფუტურისტი, რომელიც უდიდეს ყურადღებას უთმობდა კომპოზიციურ ამოცანებს, პარალელურად იგი გატაცებული იყო აბრებით, რამაც იგი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის აღმოჩენამდე მიიყვანა, რამაც, თავის მხრივ, უდიდესი კვალი დაატყო ერთ-ერთი უნიჭიერესი რუსი ფუტურისტის მთელ შემოქმედებას. იგი გარდაიცვალა იმპერიალისტური ომის დროს და მისი ნიჭი შუა გზაზე ჩაიწვა...“ რაც შეეხება მიშა ლე-დანტიუს მეორე მეგობარს, კირილ ზდანევიჩს, იგი დაწერს: „.ნიჭიერი მხატვრის მიხაილ ლე-დანტიუს ხსოვნა განუყოფლად უკავშირდება მისთვის საყვარელი ნიკო ფიროსმანაშვილის სახელს, რომელიც მას ქართველი ხალხის შემოქმედებითი საწყისის მატარებლად მიაჩნდა. ფიროსმანაშვილის მეშვეობით ლე-დანტიუმ ღრმად შეიყვარა საქართველო, ნიჭით დაჯილდოვებული ქართველი ხალხი და ქართული ხელოვნება.“

 

დღესდღეობით მიხაილ ლე-დანტიუს ნამუშევრების უდიდესი ნაწილი დაცულია ტრეტიაკოვის გალერეაში, ხოლო „ილია ზდანევიჩის პორტრეტი“ ინახებოდა საქართველოში მცხოვრები დ. ალანიას კერძო კოლექციაში. მისი ახლანდელი ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია.

 

და ამ სტატუს-მოგონებას კვლავ ლადო ასათიანის საოცარი სიტყვებით დავასრულებ:

 

„ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი,

ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება!

თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი

დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად...“

 

P.S. ქვევით გთავაზობთ მიხაილ ლე-დანტიუს „ქართულ ციკლს“ და საქართველოში შექმნილ რამდენიმე ნამუშევარს, მათ შორის კირილ და ილია ზდანევიჩების პორტრეტებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner