logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: რა ღირს სახელმწიფოს ღირსება - 500 მილიონი ევრო?
- +

16 მაისი. 2020. 00:21

 

 

 

რა ღირს სახელმწიფოს ღირსება - 500 მილიონი ევრო?
****************************************************************

 

ამ წამს არაფერი მაინტერესებს, გარდა ერთისა: ევროკავშირი გვაჩუქებს 500 მილიონ ევროს კორონავირუსის შედეგების აღმოსაფხვრელად თუ არა?

 

ჰოდა, პასუხი ამ შეკითხვაზე ყველას(!!!) და ყველაფერს(!!!!) მიუჩენს კუთვნილ ადგილს.

 

არადა, მართლა საინტერესოა: 500 მილიონი ევრო „ორი ტრუპის“ (ზ.შათირიშვილის ტერმინი) გათავისუფლების საფასურია თუ საქართველოს სახელმწიფოებრივი ღირსების „დაკრძალვის“ ხარჯები?

 

და კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი შეკითხვა: მართლა იყო თუნდაც სიტყვიერი შეთანხმება ე.წ. „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების შესახებ?

 

თუ იყო, მაშინ აქამდეც უნდა დაეტოვებიათ საპატიმრო. საკუთარ სიტყვას და პირობას პატივი უნდა სცეს ყველამ და ყოველთვის.

 

ამასთან, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მათ, ვინც „ქართული ოცნების“ სახელით იძლეოდა დაპირებებს. სამწუხაროდ, სამარცხვინოს და ანტიკონსტიტუციურს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უმწვავესად და მოურიდებლად უნდა მოითხოვოს პასუხი შეკითხვაზე: „კულუარული შეთანხმება“ თუ იყო, ვინ მისცა უფლება ნებისმიერ თანამდებობის პირს, თავი დაეყენებია ქვეყნის მართლმსაჯულებაზე მაღლა? რას ვედავებოდით წინა ხელისუფალთ - ყველას?

 

და თუ დაპირისპირებულმა პოლიტძალებმა „ვაჭრობა“ გამართეს ამ საკითხზე და ეს დადასტურდა, ამის შემდეგ რომელი პოლიტიკოსიც ხმას ამოიღებს კონსტიტუციის და მართლმსაჯულების პატივისცემაზე, იმას... ენა უნდა ამოაძრო.

 

და ერთიც: თუ ამ ვაჭრობაში ნებისმიერი სახით მონაწილეობა მიიღეს დიპლომატებმა, ეს უნდა ეცნობოს იმ ქვეყნების პარლამენტებს, საზოგადოებას და მედიას, როგორც მათი წარმომადგენლების უღირსი საქციელი.

 

რაც შეეხება შეწყალების აქტის ავტორს სალომე ზურაბიშვილს: პრეზიდენტობის მაძიებელ პერსონას უმწვავესად ვაკრიტიკებდი წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ ბ.ივანიშვილის მოწოდების საპასუხოდ არა მარტო მაინც მას მივეცი ხმა, არამედ ყველა ჩემ მეგობარს მოვუწოდე, მხარი დაეჭირათ „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის.

 

ამასთან, ვერასოდეს ვკადრებ ჩემ თავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი უპატივცემულობას, ვინც არ უნდა იკავებდეს ამ პოსტს. მაგრამ მაქვს მორალური უფლება, მივმართო მას, როგორც ჩემი ქვეყნის მ ო ქ ა ლ ა ქ ე ს:

 

ქალბატონო, სიბრძნეს თავი რომ დავანებოთ, პაწია ჭკუა იყო საჭირო, სულ პაწია გათვლა, რომ ეგ შეწყალების აქტი სწორედ დ ღ ე ს არ გამოგეცათ. არ იცოდით, არ გახსოვდათ, არავინ გიკარნახათ, რომ 15 მაისი გახლავთ მ ო ს ა მ ა რ თ ლ ი ს დღე, ანუ, ქართული დამოუკიდებელი მ ა რ თ ლ მ ს ა ჯ უ ლ ე ბ ი ს დღე.

 

და თქვენ ამ ნაბიჯით პოლიტიკურ კონიუნქტურას და „აქაური“ თუ „შორეული“ პოლიტიკანების მუქარანარევ რიტორიკას და ე.წ. „მიზნობრივ ზეწოლას“ ვერ გაუძელით და მათ პირად თუ „სხვა“ ინტერესებს ანაცვალეთ ჩვენი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, დამოუკიდებელი სასამართლოს ღირსება, რაც უყოყმანოდ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს ღ ირ ს ე ბ ა დ.

 

როგორ, რა სიტყვებით შეიძლება შეფასდეს ეს საქციელი?

 

თქვენ, პრაქტიკულად, ქართველ საზოგადოებას, სამართლის სფეროში მომუშავე და მოღვაწე ყველა ადამიანს თავზე გადაახიეთ ჩვენი სახელმწიფოს კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ა, რომლის გ ა რ ა ნ ტ ი ც თავად უნდა ბრძანდებოდეთ.

 

დანარჩენი სხვა დროს. ახლა - წერტილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner