logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: ღმერთი მიყურებდა მისი თვალებიდან...
- +

5 აგვისტო. 2020. 12:11

 

 

 

კვირის წირვის მერე ყოველთვის სახლში მოჰყავდა ჩემს დიდ ბებიას ლიდა.

 

ჩვენი სოფლის სკოლის ძველი დირექტორი იყო ლიდა.

 

იმჟამად ჭკუიდან შემცდარი. გიჟი იყო მოკლედ, მაგრამ ადამიანებისთვის საშიში არა.

 

მე მისი ფსიქიურად დაავადების ისტორიაც ვიცოდი.

 

ამ კომუნისტ ქალს, სოფლის ძველი საყდრიდან ზარი წამოუღია და სკოლაში დაუკიდია.

 

- რაც ღმერთისაა, ხელი არ უნდა ახლო, - ასე ხსნიდა ამ ამბავს დადი.

 

მე ვპატიობდი ლიდას, იმიტომ რომ სკოლაში წამოიღო ზარი, სახლში ხომ არა და არც ისე ცუდ საქმეს ემსახურებოდა ის ზარი.

 

მაგრამ დადის თავისი ახსნა ჰქონდა - ღვთის სახლი დაარბიეს კომუნისტებმა, მოშალეს საყდარი და ლიდამ კიდევ, რაც იმათ დატოვეს, ის მოიპარა.

 

ჰოდა, ყოველ კვირას დადის ლიდა სახლში მოჰყავდა და ასადილებდა.

 

წესად იყო უკვე ჩვენს სახლში ეს ამბავი ქცეული.

 

იჯდა ლიდა და გემრიელად ილუკმებოდა.

 

იმ დილით, აღარ მახსოვს, რატომ შევედი სამზარეულოში.

 

ლიდას მივესალმე და მაგიდასთან მივუჯექი.

 

ფანჯრის რაფაზე მაგიდის ტილო იდო და ჭიანჭველები დახვეოდა.

 

თან ჭამდა ლიდა და თან ფანჯრის რაფაზე ტილოს თვალს არ აშორებდა.

 

ორი თითი წავავლე ტილოს, წყლის ჭავლს მივუშვირე და ნიჟარაში ჩავრეცხე.

 

ჭამა მიატოვა ლიდამ, თვალი თვალში გამიყარა და - უღმერთო ხარო, - მითხრა.

 

ლიდამ, ეკლესიიდან ზარის წამომღებმა ლიდამ.

 

ღმერთი მიყურებდა მისი თვალებიდან, არ ვაჭარბებ, მართლა ღმერთი.

 

ვიდექი უღმერთო და არ ვიცოდი, სველი ხელები სად წამეღო.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner