logo_geo
eng_logo
„ნაცებმა" გამოგვაგდეს!
- +

11 აგვისტო. 2020. 17:54

 

 

 

ზუსტად 13 წლის წინათ, 2007 წლის 10 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა გამომცემლობა „სამშობლო“ და „ასავალ-დასავალის“ რედაქცია დაარბია!

 

ზუსტად 13 წლის წინათ, 2007 წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას, სააკაშვილის რეჟიმმა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩის 14 ნომერში მდებარე გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა.

 

„ნაცრეჟიმის“ ბლიც-კრიგი თავისუფალი პრესის, უპირველეს ყოვლისა კი, „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლის ოფისიც გამომცემლობა „სამშობლოს“ მეხუთე სართულზე მდებარეობდა.

 

ჩვენ გარდა იქ იყო ასწლოვანი ისტორიის მქონე გამოცემების – გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკისა“ და საბავშვო ჟურნალ „დილას“ რედაქციები; იყო ათობით სხვა ჟურნალ-გაზეთისა და ორი ტელევიზიის ოფისები; ფუნქციონირებდა არაერთი გამომცემლობა და სტამბა, მუშაობდა 3 ათასზე მეტი ადამიანი, დუღდა და გადმოდუღდა კულტურულ-ინტელექტუალური ცხოვრება.

 

2007 წლის 10 აგვისტოს კი, დილის 4 საათზე, გამომცემლობა „სამშობლოს“ პოლიციისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის რაზმები შემოესივნენ, რომლებიც სამართალდამცავებივით და საჯარო მოხელეებივით კი არა, ზონდერებივით და მაროდიორებივით იქცეოდნენ: არბევდნენ რედაქციების ოფისებს, ფანჯრიდან ყრიდნენ წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს, ფეხებით თელავდნენ უნიკალურ არქივებს, მეხუთე სართულიდან გადაგდებით ემუქრებოდნენ ჩვენი რედაქციის ქალ თანამშრომლებს...

 

მოკლედ, ეს იყო ნამდვილი განკითხვის დღე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა თავისუფალ პრესას მოუწყო და ცივილიზებული სამყაროს ისტორიას, ალბათ, არც ახსოვს სხვა შემთხვევა, ერთბაშად ამდენ მედიასაშუალებას სახელმწიფო ასე ვანდალურად მოქცეოდეს.

 

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, გამომცემლობა „სამშობლოს“ ოკუპაციითა და რედაქციების დარბევით სააკაშვილის ხელისუფლებამ ტელეკომპანია „იმედის“ დაპყრობის გენერალური რეპეტიცია გაიარა: „ასავალ-დასავალისა“ და ათობით მედიასაშუალების აწიოკებიდან სულ რაღაც სამ თვეში „ნაცრეჟიმის“ სადამსჯელო რაზმები ოპოზიციური ტელევიზიის შენობაში შეცვივდნენ და იქაურობა მიმოლეწეს.

 

რაღა ბევრი გავაგრძელოთ, თავისუფალი სიტყვის ღაღადებისთვის, რეჟიმის კრიტიკისა და მხილებისთვის დავისაჯეთ, ხოლო „სამშობლოს“ შტურმით აღებისა და რედაქციების მასობრივი დარბევის ყველა სხვა მიზეზი კი მხოლოდ ფორმალური და თითიდან გამოწოვილი იყო.

 

გამომცემლობა „სამშობლოს“ ეგზეკუციიდან და ჩვენი დარბევიდან ზუსტად 1 წელიწადში, 2008 წლის 10 აგვისტოს, გორში ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ადგილიდან ისე მოძუძგა, საკუთარი დაცვა ბუჩქებთან ძლივს დაეწია, რაც სრულიად კანონზომიერი და სიმბოლური მოვლენა იყო:

 

პრეზიდენტმა, რომელმაც 1 წლით ადრე „ასავალ-დასავალსა“ და თავისუფალი პრესის სხვა საშუალებებს ძალის დემონსტრირება მოუწყო, ზუსტად ერთი წლისთავზე მსოფლიო პრესის თვალში საკუთარი უძლურებისა და მორალური ცვედნობის დემონსტრირება მოახდინა!

 

საერთოდ, სააკაშვილის პიროვნულ და პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ბევრი სამარცხვინო დღე არსებობს, მაგრამ იმათ შორის 10 აგვისტო ორმაგად სამარცხვინოა, რადგან 2007 წლის 10 აგვისტოს სააკაშვილმა გამომცემლობა „სამშობლოს“ ოკუპაცია მოახდინა,20087 წლის 10 აგვისტოს კი სამშობლოს ოკუპანტების წინაშე ჩაისვარა!

 

კანონზომიერი და სიმბოლურია ისიც, რომ სააკაშვილის რეჟიმის მშვიდობიანად გასტუმრებაში დიდი წვლილი სწორედ მის მიერ დარბეულმა „ასავალ-დასავალმა“ ითამაშა და ეს, საქართველოდან გაქცევის წინ, თვითონ სააკაშვილმაც აღიარა, როცა ტელეკამერების წინ სიმწრით აღმოხდა – იმიტომ დავმარცხდით, რომ ქართველმა ხალხმა „ასავალ-დასავალის“ პროპაგანდას დაუჯერაო!

 

სააკაშვილის რეჟიმი „ასავალ-დასავალის“ „პროპაგანდამ“ კი არა, „ასავალ-დასავალის“ სიმართლემ დაამარცხა და დღესაც სწორედ ეს სიმართლეა ერთ-ერთი მთავარი წინაღობა, რომელიც მას ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.

 

მერაბ კოსტავას ქუჩის 14 ნომერში, სადაც ადრე გამომცემლობა „სამშობლო“ იყო, დღეს ელიტური სასტუმრო და კაფე „სტამბა“ ფუნქციონირებს. ეს ადგილი და ეს შენობა იმდენად ორგანულად იყო დაკავშირებული ბეჭდურ სიტყვასთან, პოლიგრაფიასა და ტიპოგრაფიასთან, რომ მფლობელმა სასტუმროსა და გასტრონომიულ ობიექტსაც კი „სტამბა“ დაარქვა.

 

არადა, სად – სტამბა და სად – სასტუმრო! სად – სტამბა და სად – კაფე!

 

ჩვენთვის და ალბათ, ბევრი სხვისთვისაც, ვისაც „სამშობლოს“ შენობაში არსებულ რედაქციებში, გამომცემლობებსა და სტამბებში წლობით ღამეები უთენებია, ახლა იქ სასტუმრო და კაფე „სტამბის“ არსებობა ერთგვარად ცინიკური ფაქტია! თითქოს, ნიშანს გვიგებენ – აი, სადაც თქვენ ქართულ სიტყვას ეფერებოდით და ჟურნალ-გაზეთებს აკეთებდით, ახლა ნიგვზიან ბადრიჯანს, ხაჭაპურსა და პიცას ვაკეთებთო! სადაც თქვენ ხალხისთვის სულიერ საზრდოს ამზადებდით, ჩვენ ელიტურ და ფულიან კლიენტებს კუჭს ვუვსებთო!

 

გამომცემლობა „სამშობლოს“ ოკუპაციასა და დარბევაში თბილისის მაშინდელი მერის გიგი უგულავას იანიჩრები მონაწილეობდნენ.

 

2007 წლის 10 აგვისტოს გამომცემლობა „სამშობლოდან“ რომ გამოგვყარეს, „ასავალ-დასავალის“ საგანგებო ნომერი საველე პირობებში გავაკეთეთ და მეორე დღეს, 11 აგვისტოს გამოვეცით.

 

ის იყო გაზეთის 33-ე ნომერი.

 

დღეს კი, ჩვენი დარბევიდან და გამოგდებიდან ზუსტად 13 წლისთავზე გამოსული „ასავალ-დასავალის“ ახალი ნომერიც 33-ეა.

 

ალბათ, ამაშიც არის რაღაც სიმბოლური და კანონზომიერი!

 

ალბათ კი არა, ნამდვილად არის!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner