logo_geo
eng_logo
არ უპასუხოთ და დაბლოკეთ, ანუ მოკლე ტექსტური შეკიკინება გ. ვაშაძის მხრიდან
- +

11 აგვისტო. 2020. 18:04

 

 

ვაფრთხილებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს: როცა თქვენს ტელეფონზე ფიქსირდება ნომერი 995322 111 878, იცოდეთ, რომ „სტრატეგია ილ-ღაზიდან“ გირეკავენ!

 

როცა ქართულ პოლიტიკაში არსებობს ორი ვაშაძე, ორივე „ნაცი“ და ორივეს სახელი ასობგერა „გ“-ზე იწყება, ადვილი არ არის, უცებ გაერკვე, რომელი „გ. ვაშაძე“ გიგზავნის მობილურ ტელეფონზე გაუთავებელ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს?

 

თუმცა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ, რასაც „გ. ვაშაძე“ გიგზავნის, ეს არის არა მოკლე ტექსტური შეტყობინება, არამედ მოკლე ტექსტური შეკიკინება.

 

ჟარგონისთვის ბოდიში მოგვითხოვია, მაგრამ რა ვქნათ – შეგვიკიკინეს და ეგ არის!

 

და მაინც, რომელი „გ. ვაშაძე“-ა დაკავებული მოკლე ტექსტური შეკიკინებით – გრიგოლ ვაშაძე თუ გიორგი ვაშაძე? ან, როგორც ბევრი ეძახის, „დიდი ვაშაძე“ თუ „პატარა ვაშაძე“!

 

ეშმაკმა დალახვროს, ტვინი კი წაიღეს და რა მნიშვნელობა აქვს, რომელია! მაგ ორ ვაშაძეს შორის განსხვავება მარტო ის არის, რომ გრიგოლ ვაშაძე დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური წევრია, გიორგი ვაშაძე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური წევრი აღარ არის, მაგრამ ტვინით, სულით, გულითა და მორალით ნამდვილი ნაცია. უკეთ რომ ითქვას, პირწავარდნილი „ნაცი!!!“

 

ჰოდა, როგორც ირკვევა, „sms“ გაუთავებელი გამომგზავნელიც ეს არის – პირწავარდნილი გიორგი ვაშაძე ან გნებავთ, პატარა ვაშაძე, როგორც მას ბევრი მოიხსენიებს. ჯერ დიდი ვაშაძე რა არის და პატარა რაღა უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პატარასაც დიდად ჰყავს შეწუხებული საქართველოს მოქალაქეები.

 

ცოტა ხნის წინათ იყო „sms“ ვაშაძეს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში თავზე ქალბატონი რომ დაადგა და ერთობ თავაზიანად მიმართა – ძალიან გთხოვთ, თქვენი „sms“ აღარ შემაწუხოთო!

 

ვაშაძეს მოქალაქის თხოვნა საერთოდ არ გაჰკვირვებია, როგორც ჩანს, პირველი შემთხვევა არ იყო, მისი მოკლე ტექსტური შეკიკინებით შეწუხებულმა მოქალაქეებმა რომ უსაყვედურეს. ისე, ძალიან მურტალი და სამარცხვინო კი არის, პოლიტიკოსი რომ ხარ და მოქალაქეები სადაც დაგინახავენ, შენთან მხარდაჭერისა და პატივისცემით გამოსახატავად კი არა, იმის სათქმელად მოდიან – სატელეფონო „მესიჯებით“ ტვინი ნუ  წაგვჭამეო!

 

თუმცა, სად ვაშაძე და სად სირცხვილის გრძნობა? გნებავთ, დიდი ვაშაძე იყოს და, გნებავთ პატარა ვაშაძე, სირცხვილი და მორიდება იმათთვის უცხოა, როგორც ვირისთვის – ხურმა და ვირისთვის – ოპერა!

 

მოკლე ტექსტური შეკიკინების ავტორმა იმ შეწუხებულ ქალბატონს უთხრა – თქვენი ნომერი დამიტოვეთ და ტექნიკურ სამსახურს გადავცემ, რომ „მესიჯი“ აღარ გამოგიგზავნონო. მოქალაქემაც, რა თქმა უნდა, საკუთარი ტელეფონის ნომერი გადასცა და შესაძლოა, ვაშაძისგან „sms“ აღარც მისდის, მაგრამ რა ქნას უამრავმა სხვა ადამიანმა, რომელსაც მისი გზავნილებისგან მოსვენება აქვს დაკარგული – მოკლე ტექსტური შეკიკინების ავტორს რესტორნებსა და კაფე-ბარებში ხომ არ დაუწყებს დევნას?

 

არადა, როგორი ამბავია – ტიპი, რომლის პოლიტიკურ შეხედულებებსაც არ იზიარებ და არც კი გაინტერესებს რას გპირდება, რადგან მისი ხელისუფლებაში მოსვლისა და დაპირებების ასრულების შანსი ნულია, ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით გბომბავს, პირად სივრცეში გეჭრება და დისკომფორტს გიქმნის.

 

ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ეს გიორგი ვაშაძე, თავი კიტრად რომ მოაქვს და საქართველოს პრემიერ-მინისტრობასაც კი უმიზნებს? ამბობს – სამოქალაქო რეესტრის რეფორმა განვახორციელე და ბიომეტრიული პასპორტები დავნერგეო, მაგრამ სწორედ ეგ სამოქალაქო რეესტრი და იუსტიციის სახლი იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც სააკაშვილის რეჟიმი არჩევნებს აყალბებდა!

 

როგორც კარგად ინფორმირებული და საქმეში ჩახედული ადამიანები გვეუბნებიან, 2006-2010 წლებში, როცა ვაშაძე იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელობდა, 2012 წელს კი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისა და მხარდამჭერების, ასევე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა სახელზე ათასობით ყალბი პირადობის მოწმობა დამზადდა, რომელსაც ე.წ. საარჩევნო კარუსელების მოსაწყობად და ხმების გასაყალბებლად იყენებდნენ.

 

ვაშაძისადმი რწმუნებულ უწყებაში პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები რომ მზადდებოდა, ამის თვალსაჩინო მაგალითი ვანო მერაბიშვილზე „ლევან მაისურაძის“ სახელით გაცემული პირადობის მოწმობაც, რომლითაც იგი 2012 წლის ნოემბერში საქართველოს საზღვრების უკანონოდ გადაკვეთას ცდიობდა, მაგრამ თბილისის აეროპორტში სამართალდამცავებმა გამოიჭირეს.

 

მაშინ სამოქალაქო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი ლაშა მესხია მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ვანო მერაბიშვილს „ლევან მაისურაძის“ ყალბი პასპორტი საჯარო რეესტრის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ გადასცა. უფრო კონკრეტულად, მერაბიშვილს ყალბი პირადობის მოწმობა დაუმზადა სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ეპიტაშვილმა, რომელიც ვაშაძის უკანონო ბრძანებას ასრულებდა.

 

მესხია აცხადებდა – როცა ვაშაძის ბრძანებით მერაბიშვილზე ყალბი პასპორტი გაიცა, საარქივო მასალები გაანადგურეს, ამიტომაც, საქმე თუ აღიძვრება, გადამწყვეტი მნიშვნელობა მოწმეების ჩვენებებს ექნებაო, თუმცა, ამ მიმართულებით გამოძიება არ წარმართულა და პროკურატურა ვაშაძის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენით არ დაინტერესებულა.

 

საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი ინტერვიუში იმასაც ამბობდა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ყალბი პასპორტი მარტო მერაბიშვილზე კი არა, მის მოადგილე ამირან მესხელზე და სოდ-ის უფროს ერეკლე კოდუაზეც გაიცა, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს კი მთლად ოთხი ყალბი პასპორტი დაუმზადებია.

 

რაღა ბევრი გავაგრძელოთ, გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით მოფუნქციონირე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ვანო მერაბიშვილზე გაცემული ყალბი პირადობის მოწმობა თვალნათელი და ხელშესახები ნიმუშია, თუ როგორი „რეფორმატორი“ იყო ვაშაძე და როგორ მუშაობდა მის მიერ შექმნილი სისტემა.

 

ახლა კი ვაშაძე თავისი „sms“ და „სტრატეგია აღმაშენებლით“ გვიწყალებს ტვინს! ღმერთო ჩემო, ვაშაძე და აღმაშენებელი – რამხელა ამბიციაა? რამხელა ცინიზმი და თავხედობაა? სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენის ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, რომლის სახელქვეითოშიც ვანო მერაბიშვილს ყალბი პასპორტი დაუმზადეს, ყველაზე დიდი ქართველი მეფის სახელს ამოფარებია და საქართველოს მოქალაქეებს სიაფანდი „sms“ ჭყიპავს.

 

თუმცა, მარტო „sms“ კი არა, ახლა უკვე, ამ წინასაარჩევნო პერიოდში ვაშაძე სატელეფონო ზარებზეც გადავიდა და მისი შტაბიდან მოქალაქეებს გულის გამაწვრილებლად ურეკავენ. რეკავენ ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე. რეკავენ ჯიუტად და ისტერიულად. თავიდან მშვიდად და ზრდილობიანად ეუბნები, რომ აღარ დაგირეკონ, მაგრამ მაინც გაწუხებენ. მერე უკვე მკცარად და უხეშად აფრთხილებ, რომ აღარ შეგაწუხონ, მაგრამ მაინც გირეკავენ. ლამის სახლში შემოგეჭრან და ლამის წელზე შემოგხვიონ ხელი.

 

რეკავენ, აი, ამ ნომრიდან – 995 322 111 878. ვითომ რაღაც გამოკითხვებს ატარებენ, ვითომ შენი აზრი აინტერესებთ, ვითომ აღმაშენებლის სტრატეგიით უნდა აღგაშენონ.

 

„სტრატეგია აღმაშენებელიო!“ არადა, ვაშაძის პარტიას „სტრატეგია ილ-ღაზი“ უნდა ერქვას, რადგან ვაშაძე იმ პოლიტიკური ძალის სისხლი სიხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია, რომელიც საქართველოს 9 წლის განმავლობაში ილ-ღაზის ლაშქარივით ესეოდა, ქართველ ხალხს თურქ-სელჩუკური ვნებით აწიოკებდა და ფიზიკურ განადგურებას უქადდა.

 

ვაშაძის პარტიას „სტრატეგია ილ-ღაზი“ კიდევ იმიტომ უნდა ერქვას, რომ ვაშაძე იმ რეჟიმის ნაწილია, რომელმაც ილ-ღაზის ურიცხვი ლაშქრის დამმარცხებელი და დიდგორის მომგები დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის შუაგულიდან გააძევა.

 

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ვაშაძის მშობლიური რეჟიმის მიერ თბილისის ცენტრიდან დავით აღმშენებლის ძეგლის გაძევება, პოლიტიკური თვალსაზრისით, ილ-ღაზისთვის ძეგლის დადგმის ტოლფასი იყო!

 

ამიტომაც უნდა ერქვას ვაშაძის პარტიას არა „სტრატეგია აღმაშენებელი“, არამედ – „სტრატეგია ილ-ღაზი!“

 

ვაფრთხილებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს: როცა თქვენს ტელეფონზე ფიქსირდება ნომერი 9995 322 111 878, იცოდეთ, რომ „სტრატეგია ილ–ღაზიდან“ გირეკავენ!

 

იცოდეთ, რომ ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაძე –ეს არის აღმაშენებლის სახელს ამოფარებული სულიერი და იდეოლოგიური ილ-ღაზი, რომელიც ანტიეროვნული და ქართველთა სისხლით გაუმაძღარი 9-წლიანი რეჟიმის ორგანული შემადგენელი იყო!

 

რამდენჯერმე მქონდა მცდელობა, ვაშაძის პარტიის ნომერზე – 995 322 111 878 – დამერეკა, მაგრამ ამაოდ, არ ირეკება, ზარი არ გადის. არადა, იმ უამრავი მოქალაქის გულისწყრომა უნდა გადამეცა, ჩვენთან რედაქციაში ყოველდღე რომ რეკავენ და შველას ითხოვენ – ვაშაძის ზარებმა და „მესიჯებმა“ ცხოვრება გაგვიძაღლაო!

 

ვაშაძის ზარებით შეწუხებულ და გაღიზიანებულ მოქალაქეებს, რომლებიც რედაქციაში გვიკავშირდებიან, შეძლებისდაგვარად ვამშვიდებთ და მარტივ გამოსავალს ვთავაზობთ: ნომერს 995 322 111 878 არ უპასუხოთ ან ტელეფონის „შავ სიაში“ შეიყვანეთ, დაიბლოკება და ვეღარ დაგირეკავენ!

 

ყველა სხვასაც, ვინც „სტარეტგია ილ-ღაზის“ მხრიდან სატელეფონო შემოსევის მხსვერპლია, იმავეს ვურჩევთ – არ უპასუხოთ და დაბლოკეთ! ეს არის ერთადერთი და ყველაზე მარტივი გზა თანამედროვე ილ-ღაზების თავიდან მოსაშორებლად, რომლებიც, ხმლისა და შუბის მაგივრად, ზარებითა და „sms“ გვეომებიან.

 

899 წლის წინათ დავით აღმაშენებელმა ილ-ღაზის კოალიციურ ლაშქარზე „ძლევაი საკვირველი“ იზეიმა, დღეს კი ჩვენ ახალი ილ-ღაზების „რეკვაი საკვირველი“ უნდა მოვიგერიოთ!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner