logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: თვითმკვლელთა ქვეყანა
- +

13 სექტემბერი. 2020. 12:31

 

 

წინა წერილში მოგახსენეთ, მეზობლის ბიჭი დაიკარგა, მტკვარში ეძებეს, ცხედარი იპოვეს-მეთქი. დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში მამამისმა ჩამოიხრჩო თავი.

 

გარშემო მესმის, როდემდეო? რათაო? ღმერთო, გასკდა გულიო!

 

მე ვიცი, როდემდე და რათა. ისიც ვიცი, რატომ სკდება გული. სიმართლე მწარეა, მაგრამ უნდა ითქვას.

 

ესე იგი, თქვენ გაინტერესებთ – როდემდე?

 

მანამდე, სანამ თერჯოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მამა 11 წლის შვილს აწამებს, მოკლავს ან თვითმკვლელობამდე მიიყვანს და არც ერთი მეზობელი, არც ერთი მასწავლებელი, არც ერთი ნათესავი ხმას არ ამოიღებს, პოლიციას არ შეატყობინებს!

 

მანამდე, სანამ 11 წლის მოკლული ბიჭის დაკრძალვაზე მეზობლები თუ ნათესავები მივლენ, სახეებს ჩამოიხოკავენ და სინდისი არ შეაწუხებთ!

 

მანამდე, სანამ ვიღაც დილეტანტი საჯარო რეესტრში მიეთრევა, ვითომ ტურისტულ კომპანიას დაარეგისტრირებს, ჯართად ქცეულ „მარშრუტკას“ იქირავებს, სადაც 15 ადამიანიც არ ეტევა, ფულის გამო 20 ადამიანით გამოტენის და შატილში წაიყვანს.

 

მანამდე, სანამ ლოთი მძღოლები საბურავებს ინათხოვრებენ, ნაცნობების ხარჯზე დანჯღრეულ მანქანებს ლამის ხელახლა ააწყობენ, ტექდათვალიერებაზე გაატარებენ, მერე ისევ ხელახლა გადააწყობენ და სატაქსაოდ გამოვლენ.

 

რა შატილი და სვანეთი? აგერ დავდივარ თბილისიდან სიღნაღამდე და პირიქით, დავდივარ გატკიცინებულ ტრასაზე, მაგრამ ისე არ წავალ-წამოვალ, სულ მცირე, ხუთჯერ მაინც არ შემექმნას საავარიო სიტუაცია. ეს დაბოლილი და გალოთებული ე.წ. მძღოლები ხან ისეთ რამეს აკეთებენ, ფეხები გამიცივდება ხოლმე. შარშან შემოდგომაზე სართიჭალაში ერთი მსუბუქი ავტომობილი დამცილდა, ვერ აღგიწერთ, ეს რა იყო – გზიდან რომ არ გადავსულიყავი, ტრაილერი გააბრტყელებდა. გულში გავიფიქრე, ეს ჩემისა, აუცილებლად რაღაცას მოიწევს-მეთქი. გომბორის გადასახვევთან საშიში დაღმართი როა, იქ წავადექი, მარჯვენა მხარეს იყო ჩაჩეხილი. კიდევ კარგი, მთავრობის ადმინისტრაციის დაცვის წევრები წამოგვესწრნენ, ორი ბავშვი გადაარჩინეს. დაიღუპა ფეხმძიმე ქალი, დაიღუპა მძღოლი, დაიღუპა მოხუცი ქალბატონი, როგორც მოგვიანებით გავიგე, მძღოლის დედა ყოფილა, ფეხმძიმე ქალი კიდევ – ცოლი.

 

საზოგადოების დიდმა ნაწილმა ლოგიკა დაკარგა, აზრი დაკარგა, ამ ცხოვრებასთან დამეგობრების უნარი დაკარგა. ვერანაირად ვერ ვხსნი, რატომ უნდა გამოტენო მანქანა ცოლ-შვილით და რატომ უნდა წაიყვანო სასაკლაოზე? მერე გადმოდგებიან და დაიწყებენ, როდემდე და რათაო?!

 

რა ქნას სახელმწიფომ? თუ წაგასწრო, დაგაჯარიმებს, დაგიჭერს, მართვის მოწმობას ჩამოგართმევს, მაგრამ ლოგიკა და აზრი რომ გაქვს დაკარგული, იმას რა უყოს, როგორ გიპოვოს? მე ცოტა ზრდილობიანად ვწერ, თორემ კახეთში ლოგიკისა და აზრის დაკარგვას სხვა რამეს ეძახიან.

 

შატილის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამ საშიში გზის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს. სოციალურ ქსელებში ატყდა ამბავი – ზოგმა თქვა, დროულიაო, ერთი-ორმა თქვა, კარგიაო… აი, უმეტესობამ კი თქვა, აქამდე რატომ არ გააკეთაო? არ დაიჯერებთ, ზოგიერთმა ისიც კი წამოაწვინა, ეხლა კაი დროსიაო.

 

მართლაც, რას ელოდებოდა ბიძინა ივანიშვილი, მან ხომ მშვენივრად იცოდა, რომ იმ „მარშრუტკის“ მძღოლს ძველი მანქანა ჰყავდა, რატომ არ უყიდა, რატომ არ გაუტარა ტექდათვალიერებაზე და გზა არ დაულოცა?!

 

აი, სანამ ასე ვიაზროვნებთ, სანამ ასეთი ლოგიკა გვექნება, მანამდე იქნება გულის პრანჭვა-ხეთქვა!

 

წინა წერილში მომავალ თაობაზე გესაუბრეთ – პროპაგანდა გვჭირდება, შვილები და შვილიშვილები საზოგადოებრივი ავტორიტეტების დახმარებით უნდა აღვზარდოთ-მეთქი. სამწუხაროდ, ბევრი ძველგაზრდაც ხელახლაა აღსაზრდელი, ზოგიც ხელახლაა გასაკეთებელი. თუმცა, ეს უკანასკნელი რანაირად უნდა მოხერხდეს, არ ვიცი. თუმცა, ხელახლა გასაკეთებელ-გასაზრდელი რომ ნორმალურ შვილს ვერ გაზრდის, ამაში დარწმუნებული ვარ და აი, აქ უკვე მივადექით სათქმელის ძარღვს, ანუ იმას, რაზეც წინა წერილში ზოგადად მოგახსენეთ: ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომლის საშუალებითაც აზრზე მოვიყვანთ მომავალ თაობას.

 

მოდით, წყალი რომ არ ვნაყოთ, მოკლედ მოგახსენებთ, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად და რა გამოცდილება, რა პრაქტიკა არსებობს დედამიწის ზურგზე.

 

უნდა დავიწყოთ სოციალური, ცხოვრებისეული, პოლიტიკური, სერიალებისა და ფილმების გადაღება, სადაც გაჩნდებიან გმირები. კი, ისინი იქნებიან მსახიობები, მაგრამ ასოცირდებიან საზოგადოებისთვის საყვარელ გმირებთან. ფილმებისა და სერიალების გადაღება წარმოუდგენელია მწერლების, სცენარისტების გარეშე. ამ შემთხვევაშიც წინა პლანზე გამოვლენ ნიჭიერი ადამიანები. სხვათა შორის, ეს საქმე აქამდეც უნდა გაეკეთებინა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ (აღარაფერს ვამბობ კინოცენტრზე, სადაც მილიონებს ხარჯავენ და მხოლოდ ჩემ ფეხებს იღებენ), მაგრამ არ ქნა ვასილ მაღლაფერიძემ მსგავსი არაფერი. ამ არხზე, რომელიც ჩვენი გადასახადებიდან ფინანსდება წელიწადში 56 მილიონით, შემოგვიგდო მდარე ხარისხის სოციალური სერიალი, რომელიც არის „ჩცდ“-ს გადამღერება. ამ მხრივ ჩაჯვი გვარამიას რომ ვერ მოსცილდები და მისგან რამეს ისესხებ, ველოსიპედით გასაშვები კი არა, პანჩურის რტყმით ხარ გასაგდები. გამობრძანდა ვასილი თავზე წაკრული ხილაბანდით და დაიწყო, მე რომ მოვედი დირექტორად, არც კამერები იყო, არც მანქანები იყო, არც სამონტაჟოები და არც არაფერიო. მე შევქმენი „ყოლისფერი“, მე დავალაგე სიტუაცია და მშვიდად მივდივარო. აუფ, მივდივარო… ამ დროს კი არ წავიდა, გაუშვეს, გააჟუჟუნეს. სხვათა შორის, რაც თავი მახსოვს, რამდენი თავმჯდომარეც მოვიდა და მერე წავიდა, ყველამ განაცხადა, მე რომ მოვედი, არაფერი არ იყო, შევქმენი და მივდივარო. გამოდის, თავმჯდომარეები რომ მოდიოდნენ, აპარატურას ყიდულობდნენ, მიდიოდნენ და ყველაფერი თან მიჰქონდათ. ამას აკეთებდნენ ჩუმად, შეუმჩნევლად და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველას შერჩა. ერთადერთი, ვინც არაფერს მალავდა, ვინც აპარატურას ტელეკომპანია „მზის“ ოფისში ღიად ეზიდებოდა, ზაზა შენგელია იყო. თუმცა, რაღა დაგიმალოთ და… იმასაც შერჩა!

 

კაი, შევეშვათ წარსულს, ხვალეზე ვილაპარაკოთ.

 

რა საჭირონი არიან გმირები და ავტორიტეტები? მათ ბაძავენ, მათგან სწავლობენ, განიცდიან, ცხოვრებისეულ ნიუანსებს ეცნობიან, ცუდისა და კარგის გარჩევაში იწაფებიან. ეს ელემენტარულია, ორჯერ ორი ოთხია. მე პირადად ასე ვარ, ხშირად წიგნი თუ ფილმი ჩემი თავშესაფარია. მაგალითად, ბოლო ორი თვეა, ერთ უცხოურ სერიალს ვუყურებ. რომ გითხრათ, მაღალი დონის ნაწარმოებია-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ მაინც შემიყოლია. ამ სერიალში ერთი მებრძოლი ადამიანის ისტორიაა ასახული – კაცი პოლკოვნიკია, კრიმინალებს ებრძვის, ხან ზენიტშია, ხან კიდევ თითქმის ანადგურებენ, მაინც არ ეცემა, ვერ აჩერებენ, მისი ცხოვრების კრედოა: „არ გაჩერდე“!

 

მე აქამდეც ვიცოდი, რომ ადამიანი არ უნდა გაჩერდეს, მაგრამ როგორ არ უნდა გაჩერდე, რანაირად არ უნდა გაჩერდე, ამასაც ხომ ცოდნა უნდა?

 

კინოს მთავარი ძარღვი მწერლობაა… ის მწერლობა, რომელიც ჩვენში თითქმის მოსპეს. ავტორიტეტული პროფესია, რომელიც საქართველოში ყვაოდა, აღარ არსებობს. ალბათ ერთხელაც მოვიცლი იმის დასაწერად, თუ რა მოხდა მწერალთა კავშირში და მის გარშემო 1990 წლების შემდეგ. სულ ზეპირად ვიცი (როგორც ცხონებული შაქრო იტყოდა), როგორ დასცეს ზინყზე ამხელა ორგანიზაცია და როგორ გათელეს, როგორ ჩარეცხეს ნამდვილი ავტორიტეტები. ყველაფერს გავიხსენებ, ყველაფერს!

 

წიგნზე მინდოდა მეთქვა… როდესაც მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულობებსა თუ თვითმკვლელობებზე ვლაპარაკობთ, რატომ არ გვახსენდება, თავად რა ჩავიდინეთ? სკოლებიდან განვდევნეთ რელიგია, შემწყნარებლობა, მიტევება და მასწავლებლისადმი პატივისცემა. ბავშვებს დავუწყეთ იმის სწავლება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რომ აბრძანდებით, მოხუცებსა და ფეხმძიმეებს, ასევე ინვალიდებს ადგილი არ დაუთმოთ, რადგან თქვენ ბილეთი გაქვთ ნაყიდიო. ხომ ვიცით, რომ ეს დიდი სისულელეა და ჩვენს ისტორიულ მენტალიტეტს ეწინააღმდეგება? დიახ, ვიცით, მაგრამ მაინც ვასწავლით. რატომ? იმიტომ, რომ ამას ითხოვს ბოლონიიდან გადმოტანილი (შემოტენილი) განათლების „თანამედროვე“ სისტემა, დიმიტრი შაშკინის მიერ გადმონერგილი სისტემა.

 

სასკოლო წიგნები, სახელმძღვანელოები!

 

რა წერია ამ წიგნებსა და სახელმძღვანელოებში? არის იქ რაღაც, მაგრამ ასევე არის ბევრი აბდაუბდა და გაუგებრობა, არის ბევრი შეუსაბამობა, შეცდომა. ეს კიდევ ცალკე თემაა, ცალკე სატკივარი და უბედურებაა.

 

უფალი განვდევნეთ სკოლებიდან იმ მოტივით, რომ იქ სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც სწავლობენ. წიგნი განვდევნეთ იმიტომ, რომ რაღაც ახალი დავნერგეთ და ეს ახალი არის უვიცობა. ამის შემდეგ ვდგავართ და სახეებს ვიხოკავთ, მოწაფემ მოწაფე დაჭრა, თოფი ესროლა, მოკლა, როდემდეო? რათაო? უიიი, გასკდა გულიო!

 

დიახ, გასკდება გული, სანამ უფლის, წიგნის, ფილმის, ნამდვილი ავტორიტეტების ნაცვლად ჩვენი შვილები ტელევიზორში, სოციალურ ქსელებსა და რეალურ ცხოვრებაშიც უყურებენ, როგორ „მარიაჟობენ“ სადისტები, ქეშები, მევახშეები, ბოზები, ჩათლახები, ყაჩაღები, კრიმინალები და ათასი ჯურის მაიმუნები.

 

არ შეიძლება, დაუშვებელია ცნობიერების ამოყირავება ისე, რომ აქ, ამ ქვეყანაში ბოკერია სინდისზე ლაპარაკობდეს, უგულავა – კორუფციაზე, ბურჯანაძე – რუსეთუმეობაზე, „კაგებეშნიკი“ ვაშაძე – დასავლურ ღირებულებებზე...

 

ამას წინებზე ჩემმა კოლეგამ, ლელა კურდღელაშვილმა დაწერა, სულ ვფიქრობდი, რომ მოცარტი უბრალოდ კომპოზიტორი არ იყო, სამყარომ მისი მუსიკით რაღაც ძალიან დიდი გვითხრაო:

 

„იმ დღეს ვუსმენდი „რექვიემს“, ეს ყველა მოზარდს ხშირად უნდა მოასმენინოთ – უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს სიკვდილის აქტი, რა გზას გადის სული გარდაცვალების შემდეგ. ურთულესი ამბები იწყება სწორედ იმ მომენტიდან, ამ სამყაროს როცა ვტოვებთ – ეგ არის „რექვიემი“. ჰო, მკვლელობას და თვითმკვლელობას ასე არხეინად აღარ ჩაიდენენ მერე. ეგრე იოლი და უბრალო ამბავი არაა სიკვდილი. არავინ მოგატყუოთ! აგერ, მოცარტს მოუსმინეთ. ეს მუსიკა გეტყვით, რა ხმები ესმოდა იმ სამყაროდან გენიალურ ამადეუსს.

 

დიახ, ასეა, წვეთი არ გაუვა, ხელოვნებას განუსაზღვრელი ძალა აქვს, მაგრამ მოცარტამდე, ბეთჰოვენამდე და შოპენამდე შორია. რა გვჭირს, რა გვემართება? თვითმკვლელთა ქვეყნად ხომ არ ვიქეცით, თვითგანადგურებაზე, თვითლიკვიდაციაზე ორიენტირებულ ერად ხომ არ ვიქეცით, რომელსაც დაავიწყდა, რა მშვენიერია სიცოცხლე?

 

გელა ზედელაშვილი

 

 

right_banner
არქივი
right_banner