logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: დღესაც თვალწინ მიდგას პაციენტი რეზო ლაღიძე, დაფიქრებული, თვალებში ცრემლი უბრწყინავს...
- +

11 ივლისი. 2016. 02:21


 

ქართული სიმღერის ჯადოქარი...


ცუდად იგრძნო თავი და მოულოდნელად წაიყვანეს საავადმყოფოში, ვაკეში, "ლეჩკომისიას" რომ უწოდებდნენ "შინაურულად". ჩემზე უთქამს მეუღლისთვის, შეატყობინეთო... ქალბატონმა თინამ დამირეკა და...


გვიანი საღამო იყო. ამ დროს, ჩვენი გუნდი, ტრადიციულად სამსახურშია. პირველი, რაც გავაკეთე, საავადმყოფოს ერთერთ მესვეურს თენგიზ ბეგიშვილს დავურეკე... გულმა შეაწუხა და ვამჯობინეთ გადმოგვეყვანა ჩვენთანო. თან დაამატა, გელოდებაო!


თანაშემწეს ვთხოვე სასწრაფოდ მოეგვარებინა ერთი "დელიკატური" საკითხი. შემდეგ რადიოს პროგრამების მორიგე რედაქტორი ვიხმე და ვთხოვე საღამოს ერთი გადაცემა რეზო ლაღიძის სიმღერებით ჩაენაცვლებია. ასევე, ტელევიზიის პროგრამების გამომშვებს-რეზო ლაღიძეზე დოკუმენტური ფილმით შეევსო პაუზა შუაღამის გადაცემებს შორის და... "ლეჩკომისიას" მივაშურე.


... თუ ასე სწრაფად მოხვიდოდი, არ მეგონაო... მერე ეშმაკურად "მოჭუტა" თვალები და მკითხა, ხელცარიელი არ მოხვიდოდიო... გულიანად გამეცინა და ვუპასუხე: ეგეც გათვალისწინებულია და ჩემები მაგასაც აგვარებენ-მეთქი. თანაც, დავძინე: აქაური უფროსობის ნებართვა თუ არ იქნა, არაფერი გამოვა-თქო. მაგას კი მივხედავ, მაგრამ შენ მაგ "საკითხის" მოგვარება ვისაც დაავალე, პურმარილის ყადრი ხომ იცისო... შალიკაშვილს ეგ არ შეეშლება, პროფესიონალია-მეთქი. ესიამოვნა, ამ საქმეში დათო გამოცდილი ყავდა...


ამასობაში მოგროვდა კონსილიუმი. ითათბირეს. პაციენტი გაამხნევეს და...


პალატა "საუფროსო" იყო, იზოლირებულ ფლიგელში, დავრჩით "ლეჩკომისიის" უფროსობა-ამიგო კავკასიძე, თენგიზ ბეგიშვილი და თეიმურაზ ანჯაფარიძე, ქალბატონი თინა და ტელერადიოს "დესანტი" და... სახელდახელო სუფრა. შალიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი "პროფესიონალიზმის" მაღალი დონე. რეზოს საყვარელი "წელში გამოყვანილი" ჭიქით პირველად მისი სადღეგრძელო შეისვა, მერე მეუღლის, მერე ექიმების... ამასობაში ტელევიზორიც ჩაგვირთეს და... დაიწყო ფილმი რეზო ლაღიძის შესახებ. ვახშამი ყველას დაავიწყდა... გატრუნულები ვუცქერთ.


აშკარად კარგ ხასიათზე დადგა, ექიმები ხუმრობენ, ფოფხაძემ მკურნალობის ახალი მეთოდი შემოიტანაო... ქალბატონი თინა აღარ აპროტესტებს "სუფრას", იცის ზომიერებას არ ვუღალატებთ...


გვიან საღამოს, როცა თითქმის ყველა წავიდა, მოვისმინეთ რადიოგადაცემაც, რომელიც იმ სიმღერით დამთავრდა, რომლის ბოლო აკორდის შემდეგ...


დღესაც თვალწინ მიდგას პაციენტი რეზო ლაღიძე, დაფიქრებული, თვალებში ცრემლი უბრწყინავს... თითქოს, თავისთვის ჩაილაპარაკა: არაფერი ამაზე უკეთესი არ შემიქმნიაო... ისევ გაიმეორა, თითქოს საკუთარ თავს ეკამათებოდა: არა, არა! ეს ყველაზე უკეთესი გამომივიდაო... და დაამატა: ყველაზე მეტად სწორედ ეს სიმღერა მიყვარსო...


ამ გულწრფელი და ემოციური ფრაზის თქვენთვის გადმოსაცემად დაიწერა ეს პატარა მოგონება. ამ ფრაზაშია რეზოს შემოქმედების ყველაზე მთავარი ღირებულების თვითშეფასება, ამ "პატარა" ფრაზაში და ამ ერთ სიმღერაშია განივთებული მთლიანი რეზო ლაღიძე : სიყვარულის მომღერალი! სამშობლოს, მისი ვაზის, მისი ტყის განდიდება-გაფრთხილებისთვის, მშობლიური ენის მოფერებისთვის, მეგობრობის და მეგობრების, ოჯახის და ლელას სიყვარულისთვის დაბადებული შემოქმედი, ქართული ჰანგის ჯადოქარი, ბუმბერაზი ქართველი კაცი!



 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×