logo_geo
eng_logo
„პრაიმტაიმი“: სკანდალური ჩვენება - სოსო ჯოხაძის მკვლელობაზე გივი თარგამაძეს დაკითხავენ?!
- +

19 სექტემბერი. 2016. 17:52


 

 


„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე შესაძლოა, გამოძიებამ სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხოს. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი" ავრცელებს. გამოცემისთვის ცნობილი გახდა თარგამაძის ჩვენება, რომელიც მან „კანონიერი ქურდის" დავით გერლიანის საქმეზე მისცა. სწორედ ამ ჩვენებაში საუბრობს ის ძმებ ჯოხაძეებზე და, ასევე, ახსენებს სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს (ბადუკა). ეს ჩვენება გამოძიებას გივი თარგამაძემ ივნისში მისცა, 2 სექტემბერს კი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ჩაცხრილეს სოსო ჯოხაძე. მკვლელობაში ბრალდებულის სახით დააკავეს გივი თარგამაძის მიერ ნახსენები ბადრი ნათობაძე, რომელთანაც მას, როგორც ჩანს, წარსულში მეგობრობა აკავშირებდა, და არამარტო მას. სოციალურ ქსელში ბადრი ნათობაძის პირადი გვარითაც კარგად ჩანს, რომ ის ყოვფილი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთან მეგობრობს.


ოდესიდან მალულად დეპორტირებული და საქართველოში დაპატიმრებული „კანონიერი ქურდის", დავით გერლიანის საქმეზე თარგამაძის დაკითხვა სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა. გერლიანი ოდესის პოლიციამ დააკავა და ისე, რომ ქართველ კოლეგებს არც კი შეატყობინა, კიევი-თბილისის რეისით და „დავით ჩაჩიბაიას" პასპორტით საქართველოში გამოუშვა. ინფორმაცია „კანონიერი ქურდის" საქართველოში დეპორტაციის შესახებ მხოლოდ გივი თარგამაძეს მიაწოდეს, რომელმაც მალევე საკუთარ facebook გვერდზე გამოაქვეყნა კიევიდან გამომგზავრების ვიდეომასალა და ცხადია, ხელისუფლება, მორიგ ჯერზე „კანონიერი ქურდების" მფარველობაში დაადანაშაულა. თარგამაძის თქმით, ოდესიდან დეპორტირებული „კანონიერი ქურდი" თბილისის აეროპორტში უპრობლემოდ შემოუშვეს და თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს. შს მინისტრმა კი უკრაინელ კოლეგებს ოფიციალურად მოსთხოვა განმარტება. რატომ არ მოხდა ინფორმაციის მოწოდება საქართველოს შესაბამისი უწყებისთვის. „კანონიერი ქურდი", რომლის დეპორტაციის შესახებ არ არსებობდა ოფიციალური შეტყობინება და თანაც შეცვლილი გვარით შემოვიდა საქართველოში, სამართალდამცავებს ხელიდან მართლაც დაუძვრა. თუმცა ის ორიოდე დღეში საქართველო-სომხეთის საზღვარზე სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. ამჟამად გერლიანის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, სადაც 28 სექტემბერს მოწმის სტატუსით გივი თარგამაძესაც დაიბარებენ იმის გასარკვევად, რა გზით შეიტყო „კანონიერი ქურდის" დეპორტაციის შესახებ და მართლაც დაიგეგმა თუ არა ეს საქმე ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში საქართველოს შსს-ს დისკრედიტაციის მიზნით? შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი სწორედ ასეთ ვარაუდებს გამოთქვამს და მომხდარს სააკაშვილი-თარგამაძის პროვოკაციას უკავშირებს.


გერლიანის საქმეზე გივი თარგამაძემ ჩვენება უკვე მისცა საგამოძიებო ორგანოს. სწორედ ამ ჩვენებაში საუბრობს ის სოსო ჯოხაძესა და ბადრი ნათობაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ჯოხაძის მკვლელობის საქმეზეც დაკითხონ.


ჩვენებაში თარგამაძე ამბობს, რომ ის მუდმივ მონიტორინგს უწევს ქართველი „კანონიერი ქურდების" გადაადგილებას. გერლიანთან დაკავშირებით კი აცხადებს: „მომაწოდეს ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა კონკრეტული რეისით მისი გამოძევება საქართველოში, თუმცა ვერ დაგიკონკრეტებთ, ვინ მომაწოდა აღნიშნული ინფორმაცია". მართალია, თარგამაძე ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს, მაგრამ ბევრი ფიქრი, ცხადია, არ სჭირდება, ვის შეიძლებოდა მიეწოდებინა „კანონიერი ქურდის" საიდუმლო გამოძევების შესახებ ინფორმაცია ოდესიდან „ნაციონალი" დეპუტატისთვის.


უფრო მეტიც, ამ ჩვენებით ირკვევა, რომ თარგამაძეს, ასევე, წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინიდან საქართველოში სოსო ჯოხაძის ჩამოსვლის შესახებ. მისთვის ცნობილი ყოფილა ისიც, რომ მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტი მარგველაშვილი სოსო ჯოხაძის ძმის, კრიმინალური „ავტორიტეტის", გიორგი ჯოხაძის შეწყალებას გეგმავდა. არადა, გიორგი ჯოხაძე 12 აგვისტოს, სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ განთავისუფლდა. ის ჯერ კიდევ ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს იარაღის უკანონო ტარებაზე დააკავეს. მაშინ ამბობდნენ, რომ გიორგი ჯოხაძე „ჩაუშვეს".


რაც შეეხება სოსო ჯოხაძეს, ის ბოლო წლებში მართლაც უკრაინაში ცხოვრობდა და საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა. მკვლელობამდე 10 დღის ადრე ის მეორე შვილის მამა გახდა და თბილისშიც ამ მიზნით იყო ჩამოსულიო, - ყვება ჯოხაძეების ახლობელი. მისივე თქმით, რამდენიმე დღეში კვლავ უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა, თბილისში ყოფნის დროს კი სულ ადვოკატთან ერთად გადაადგილდებოდა, რადგან იცოდა, რომ სამართალდამცავები მაინცდამაინც არ სწყალობდნენ. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის, რომ თავდასხმის დროს სოსო ჯოხაძეს ადვოკატი ჩიბუხაშვილი ახლდა, რომელიც ასევე, მძიმედ დაიჭრა.


გივი თარგამაძე კი ივნისში მიცემულ ჩვენებაში (ანუ როდესაც სოსო ჯოხაძე საქართველოში ჯერაც არ იმყოფებოდა) ირწმუნება, რომ ხელისუფლების დავალებით კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძე საქართველოში ჩამოვიდა, რომელსაც ხელშეუხებლობის სანაცვლოდ ოპოზიციონერებზე თავდასხმა და მათი დაჭერა აქვს დავალებულიო. თარგამაძე, ასევე, ყვება, რომ ჯოხაძეებს მათთან დაპირისპირებული ბადრი ნათობაძის დაპატიმრების გარანტია მისცეს. დეპუტატი წყაროს არც ამჯერად ამხელს.


„ბოლო თვეებში საქართველოში დაბრუნდნენ კრიმინალური ავტორიტეტები რომან გულბანი და სოსო ჯოხაძე. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია მათი თანამზრახველების ირაკლი მალანიასა და გოჩა ვეფხვაძის დაბრუნებაც. ასევე, აგვისტოს თვეში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ შეწყალებაზე ვადაზე ადრე განთავისუფლდებიან სოსო ჯოხაძის ძმა გიორგი ჯოხაძე და მათი თანამზრახველი იკო ნოხაძე. სწორედ ამ დაჯგუფებას ჰპირდებიან მათი მოწინააღმდეგის, ბადრი ნათობაძის დაპატიმრებას. ყველაფრის სანაცვლოდ ამ ჯგუფს სთხოვენ ქალაქ თბილისში ოპოზიციური მოძრაობის, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივი დევნის განხორციელებას", - წერს გივი თარგამაძე საკუთარ ჩვენებაში.


დეპუტატი იქვე საუბრობს თურქეთში, კერძოდ, ქემალ-ფაშაში გამართულ „სხოდკაზე", სადაც, მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს.


„ამ „სხოდკაზე" გაცემულ იქნა დავალებები რაიონებში რამდენიმე ოპოზიციონერი აქტივისტის დაჭრისა და დაშინების თაობაზე", - ამბობს გივი თარგამაძე.


მოკლედ, გივი თარგამაძის ამ ჩვენებით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლება ჯოხაძეების კლანს მფარველობდა და ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევდა, ოპოზიციონერებზე თავდასხმისა და ბადრი ნათობაძის დაპატიმრების სანაცვლოდ. ამ ჩვენებიდან ორ თვეში კი „ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფი" სოსო ჯოხაძე ვაკეში ჩაცხრილეს. ბრალდებული კი ბადრი ნათობაძე აღმოჩნდა, იგივე „ბადუკა", რომელსაც თარგამაძე ხელისუფლების დევნის სუბიექტად წარმოადგენს.


დავით გერლიანის საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა „პრაიმტაიმთან" საუბრისას ადასტურებს, რომ გივი თარგამაძე საკუთარ ჩვენებაში საუბრობს სოსო ჯოხაძესა და ბადრი ნათობაძის შესახებაც, თუმცა პროკურორი იქვე განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია არანაირ კავშირში არ არის გერლიანის საქმესთან.


„გამოძიების პროცესში ნამდვილად დაიკითხა დეპუტატი გივი თარგამაძე. მან აღნიშნა, რომ დავით გერლიანი არის „კანონიერი ქურდი", თუმცა ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია, არ დაუკონკრეტებია. გარდა ამისა, ის საუბრობს ისეთ საკითხებზეც, რომელსაც დავით გერლიანის საქმესთან შეხება არ აქვს. კერძოდ, მან ისაუბრა კრიმინალურ ავტორიტეტებზე და მათ შორის არსებულ დაპირისპირებაზე. ამ კონტექსტში ახსენებს სოსო ჯოხაძეს და ბადრი ნათობაძეს, თუმცა ამ კონკრეტულ ინფორმაციას გერლიანის საქმესთან კავშირი არა აქვს", - აცხადებს პროკურორი ვაჟა თოდუა.


ყოფილი პატიმარი გია ფაცურია, რომელიც საკანში ბადრი ნათობაძესთან ერთად იჯდა, ამბობს, რომ ციხეში მყოფი ბადუკა ტელეფონით ხშირად ეკონტაქტებოდა იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის პირადად ვანო მერაბიშვილს. ფაცურია დარწმუნებულია, რომ ბადრი ნათობაძე მაშინაც და ახლაც კრიმინალურ წრეებში „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ლობირებდა, რამეთუ ამ პარტიის ლიდერებთან პირადი მეგობრობა აკავშირებს.


გია ფაცურია, ყოფილი პატიმარი:


- გივი თარგამაძე წინასწარ იკეთებს ალიბს იმ სპეცოპერაციის განსახორციელებლად, რომელსაც, ეჭვი მაქვს, თავად ხელმძღვანელობდა. ყველასთვის ცნობილი გახლდათ ბადუკას უახლოესი კავშირები არა თუ „ნაციონალებთან", არამედ თვით მიშა სააკაშვილთან. ჩემ თვალწინ სასჯელაღსრულების რუსთავის №2 დაწესებულებიდან პირადად დაურეკა ვანო მერაბიშვილს. ამას სხვა პატიმრებიც დაადასტურებენ.


- რას ესაუბრებოდა მერაბიშვილს?

 

- დროზე გამომიშვი აქედანო. ჩვენ ყველას გვიყვებოდა და ამაყობდა, რომ „ვარდების რევოლუციის" გარიჟრაჟზე იყო მიშა სააკაშვილის გვერდით და რომ ვანოს ხაჭაპურზე აგზავნიდა ხოლმე.


- თუკი ასეთი მეგობრობა აკავშირებდა „ნაციონალების" ლიდერებთან, მაშინ როგორღა მოხდა მისი დაპატიმრება?

 

- როგორ და მისი საქციელი ყოველგვარ საზღვარს გასცდა. ეს მოხდა მაშინ, როცა დიდი ოდენობით ჰეროინი აიღო მარნეულში. თბილისისკენ მომავალ გზაზე გამოეკიდა პატრული და ამ დროს 5 საპატრულო ეკიპაჟი დაამტვრია. ასეთ აშკარა დანაშაულზე თვალის დახუჭვა, ძალიან გაუჭირდებოდათ, თუმცა, შეღავათი მაინც მისცეს. დანაშაულზე, რომელიც 20-წლიან და სამუდამო პატიმრობასაც კი ითვალისწინებდა, სულ რაღაც, 3 წელი აკმარეს. ისიც ბოლომდე არ მოიხადა და საბოლოოდ სააკაშვილმა შეიწყალა.


- ბადუკა რატომ დაუპირისპირდა ჯოხაძეებს?

 

- იმ პერიოდში სოსოც სასჯელს იხდიდა, მაგრამ შიგნით ციხეში არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ. დაპირისპირება მოხდა მათი განთავისუფლების შემდეგ. ჩემი ინფორმაციით, ეს ყველაფერი დაიწყო 55-ე სკოლასთან მდებარე ერთ-ერთ კაფესთან, სადაც სოსოს მეუღლე და მისი დაქალები ჰყავდა მიყვანილი. იქ შევიდა „კაფეში" მყოფი ბადუკა და დაიწყო უზრდელობა. ამის გამო ჯოხაძეებმა დამსახურებულად სცემეს. „ნაციონალები" ჯოხაძეს არ სწყალობდნენ, რადგან მათ დაკვეთებს არ ასრულებდა. ბადუკა კი თავიდანვე მათი კაცი იყო. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ამ მკვლელობის შესახებ გივი თარგამაძეს არ სცოდნოდა წინასწარ, რადგან ის იყო უშუალო კონტაქტზე ყველა კრიმინალურ ელემენტთან. როგორც ჩანს, მან უთხრა ბადუკას, რომ მოდი ჯოხაძე მოგვაცილე, ხელისუფლებაში მოვალთ და ჩვენ მოგხედავთო. ეს უბედური მოატყუეს. ჯერ ერთი, რისი ხელისუფლებაში მომსვლელები არიან ეგენი და მეორეც, ნახეთ, როგორ ააგორეს თემა მედიით - „სისხლიანი გარჩევები ქალაქის ცენტრში", „90-იანი წლები დაბრუნდა" და ა.შ. თუმცა, ალბათ, დააკვირდით, რომ სოსო ჯოხაძის მკვლელობაზე, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, თვითონ გივი თარგამაძე და სხვა „ნაციონალები" გასუსულები არიან. ხმას არ იღებენ საჯაროდ. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ მათ იმაზე მეტი იციან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს?! ცნობილია, რომ ნათობაძეს უკრაინის ბილეთიც ჰქონდა, კიევში წასვლას აპირებდა და, ალბათ, შემდეგ იქ უპატრონებდნენ".


ბადრი ნათობაძის ადვოკატი, ლევან პატარქალიშვილი გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ოდესმე რომელიმე პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს ატარებდა. მისი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბადრი ნათობაძის ბრალეულობა არ დასტურდება, „ნაციონალებთან" მეგობრობის შესახებ კითხვას კი ადვოკატი ასე პასუხობს:


„ეს აბსურდია. „ნაციონალური მოძრაობის" დროს არც ერთ უწყებაში არ მუშაობდა, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მათ დროს სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ძირითადად ნარკოდანაშაულზე. შეიძლება პიროვნული ურთიერთობა ჰქონდა, ან აქვს ვინმესთან, მაგრამ „ნაციონალებთან" მისი კავშირი სისულელეა. როგორ უნდა ჰქონოდა იმ ხალხთან კავშირი, ვინც მთელი წლები ციხეში გამოკეტა"?!

 

 

 

 

მირიან ბოქოლიშვილი

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×