logo_geo
eng_logo
არმაზ სანებლიძე: დემოკრატია ერთი სოფლის გადასახედიდან
- +

23 სექტემბერი. 2016. 16:59




კახეთი არჩევნებისა და რთვლისთვის ერთდროულად ემზადება.


ხალხში გავიდნენ ისეთი პარტიებიც, რომელთა პრეტენზიული ხელმძღვანელობა, როგორც მანტრას, ისე იმეორებს დაზეპირებულ ლანძღვას ხელისუფლების, ყოველი მხრიდან და ნაირნაირ რაკურსში.


ეს შეხვედრა, რომელიც „ოცნების" მიერ წამოყენებულმა დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა გასული კვირის პარასკევს სოფელ ჯიმითში გამართა (კაჭრეთის ზონაში რომ არის, იქ, სრულად იყო დაცლილი ამ ავი ზნისგან.


„ავი ზნე - იგივეა, რაც ბნედა" (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, გვ. 232).


შეეძლოთ, საფუძველიც ჰქონდათ, მაგრამ არც პერსონალურად შეჰხებიან ვინმეს, არც თავს არ დაუტეხიათ მავანთათვის ორღობეში ყურმოკრული ჭორების „უტყუარი ფაქტები".


- დეპუტატად მოვდივარ იმიტომ, რომ საქმე ვაკეთო, - თქვა შეხვედრის დაწყებისთანავე დავითმა და საჭირო მიმართულება მისცა ამ სახელდახელო სახალხო კრებას.


მეორედ მართავდა შეხვედრას ამ სოფელში დავით სონღულაშვილი. პირველზე მეტი ამომრჩეველი მოვიდა 15 სექტემბერს, სამუშაო დღის ბოლოს. ვენახებიდან - ძირითადად. დაიგვიანა მოსვლა დეპუტატობის კანდიდატმა (რაც აბსოლუტურად უცხოა მისთვის) - დარჩეთში გულიაშვილების ოჯახს მიუსამძიმრა. იცოდნენ ეს და შეკრებილთაგან არავინ დაძრულა ადგილიდან.


გურჯაანის რაიონში ბევრია მოსაგვარებელი, ბოლომდე მისაყვანი საქმე, წლობით დაგროვებული, გადასაწყვეტი: ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფა, უმუშევრობა, სოციალურ პროგრამაში ჩართვა და ა.შ. ეს პრობლემები ჯიმითის მოსახლეობასაც აწუხებს. განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც გაუგებარი (უმეტესად) მიზეზების გამო სახელმწიფო დახმარების პროგრამიდან ამოშალეს. ამ საკითხების მოგვარებას სთხოვენ დეპუტატობის კანდიდატს ამომრჩევლები.


და კიდევ ერთ, კერძოდ, განათლების პრობლემაზეც განსაკუთრებით ლაპარაკობენ. ამ თემაზე დავით სონღულაშვილის სამოქმედო პროგრამა და აქაურების პოზიცია სრულად დაემთხვა ერთმანეთს (იხ. „საქართველოს რესპუბლიკის" 31 აგვისტოს ნომერი).


სოფლის ინტელიგენციას ზედმეტად მიაჩნია სკოლებში თორმეტწლიანი საშუალო განათლების დატოვება, ამასთან, არავითარი გამართლება არ აქვს ქვეყანაში ამდენი უმაღლესი სასწავლებლის არსებობას. ასეთი რეალობა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა უმუშევრობის წინაპირობაა: სპეციალისტების რეალური მოთხოვნა შეთავსებული არ არის უმაღლესი სასწავლებლების პროფილებთან.


მოკლედ: განათლების სისტემამ უნდა მოამზადოს განათლებული პროფესიონალები იმ დარგებისთვის, რომლებიც ქვეყნის დღევანდელობისა და პერსპექტიული განვითარებისთვისაა საჭირო.


პირდაპირ განაცხადეს, რომ უმაღლესების მოჭარბებული რაოდენობა ბიუჯეტის შესავსებად არსებობს - სტუდენტები სწავლის ღირებულებას გაუნათლებლობაში იხდიანო.


ამ პრობლემის გადაჭრის გზას ადგილობრივ სინამდვილეში დავით სონღულაშვილი ხედავს ასე: კაჭრეთში მოქმედებს სანიმუშო პროფესიული სასწავლებელი, ეს რეალურს ხდის, კახეთის ამ კუთხეში - გურჯაანის რაიონში - ჩამოყალიბდეს პროფესიული სწავლების ერთგვარი ცენტრი, სადაც მოამზადებენ სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს, რომლებიც გარანტირებული იქნებიან დასაქმების ადგილებით, და უმუშევრობის პრობლემა, ასე მწვავედ რომ დგას აქაურების წინაშე, ეტაპობრივად გადაიჭრება.


ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით სიკეთის მომტანი იქნება კაჭრეთის გაუქმებული სკოლა-ინტერნატის ბაზის, რომელიც 6 ჰექტარზეა გაშლილი, სპორტულ კომპლექსად გადაკეთებაც. დავით სონღულაშვილი დაჰპირდა, რომ ამ იდეის ხორცშესხმისთვის აუცილებლად იზრუნებს.


- უმუშევრობას განსაკუთრებით ქალები განვიცდით, - ამბობს უცხო ენების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ხათუნა სოლოღაშვილი, - მეც მათ შორის ვარ, ფრანგული ენის სპეციალისტი სოფელში არავის დასჭირდა. არც არის სხვა ისეთი სამუშაო, რომლითაც შეიძლება დავკავდე. სკოლაში, საბავშვო ბაღში ყველა ადგილი შევსებულია. ჩემი ასაკის თაობა, თბილისიდან რომ ჩამოვიდა, ძირითადად დაუსაქმებელი დარჩა. რით ეშველება ამ საქმეს? დახურული საწარმოების ამოქმედებით: საავადმყოფო, სამკერვალო ფაბრიკა, რკინაბეტონის ქარხანა, პურპროდუქტების საწარმო, სკოლა-ინტერნატიც ხომ გაუქმდა და ეს ხალხი დარჩა უმუშევარი. კაჭრეთის ზონაში ბევრი სოფელია - კაჭრეთი, ზემო კაჭრეთი, არაშენდა, ჯიმითი, ნანიანი, ქოდალო, დარჩეთი - საავადმყოფო, თუნდაც ერთი, ათსაწოლიანი მაინც, ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის. ახლა ავადმყოფები გურჯაანში გადაჰყავთ. ადგილობრივ კი ბევრი კარგი ექიმი გვყავს, შენობაც არის, ოღონდ გარემონტება დასჭირდება და სათანადოდ აღჭურვა.


ხატია ბურდულაძემ დავით სონღულაშვილის მიმართ ხალხის განწყობილებაზე ილაპარაკა.


- ერთი პერიოდი ბურჭულაძის პარტიაში ჩვენი ზონის უფროსი ვიყავი. სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩემი გუნდით დავტოვე ის პარტია. სანამ აქეთ გადმოვიდოდი, იმდენი დადებითი მესმოდა ბატონ დავითზე, ჩემი გუნდის წევრებიდანაც კი, რაც არც ერთ სხვა კანდიდატზე არ გამიგია. არ დაგიმალავთ, რომ იმ პარტიაში ყოფნისას დიდი მონდომებით ეძებდნენ მაკომპრომეტირებელ მასალებს „ოცნების" კანდიდატზე, მაგრამ ვერაფერი, აბსოლუტურად ვერაფერი უპოვეს. მაშინ მამამისზე გადავიდნენ - ბიძინა სონღულაშვილზე, მაგრამ აქაც ხელი მოეცარათ.


„ცხენს ვერ მისწვდნენ და უნაგირს დაუწყეს მტვრევაო". ხინჯი ვერ მოუძებნეს ამ დამსახურებულ ადამიანს, დამოუკიდებელი საქართველოს ღირსეულ სახელმწიფო მოღვაწეს, ცნობილ მეტრომშენებელს, ურთულეს პერიოდში (მაშინ, როცა პანკისის ხეობას ჩეჩენმა მებრძოლებმა თავი შეაფარეს) პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის მხარეში.


- ბატონ ბიძინა სონღულაშვილს 20 წელიწადი მაინცაა, რაც ვიცნობ, - ამბობს გივი თამაზაშვილი, ბიზნესმენი კაცი, - იქიდან მოყოლებული, როცა გურჯაანის რაიონის გამგებლად მუშაობდა. მაშინ აქ სოფლის გამგებელი გახლდით.


როგორც კი დანიშნეს, დაგვიძახა სოფლების გამგებლები და შეგვეკითხა, რა გიჭირთო. მე ჩემი შევჩივლე: კაჭრეთის ზონაში, რომელიც 12 სოფელს მოიცავდა, ტელევიზიის გადაცემებს ვერ ვიღებდით. კუსალიას გორაზე მდგარი ტელეანძა წლების განმავლობაში გაპარტახდა და აღარც არსებობდა. ჩემი კი ვთქვი, მაგრამ მეგონა, რომ, როგორც ყოველთვის, ყურად არავინ იღებდა.


ერთი კვირის შემდეგ, დილაადრიან, ბატონმა ბიძინამ სწორედ კუსალიას გორაზე შეკრიბა ჩვენი ზონის საწარმოების ხელმძღვანელები, სოფლის გამგებლები, განვიხილეთ ანძის აღდგენის საკითხები, მივიღეთ დავალებები და ერთი თვის თავზე საქმე დამთავრებული გვქონდა.


არ არსებობდა საკითხი, რომელიც სოფელს სტკიოდა, ბიძინა სონღულაშვილს ოპერატიულად რომ არ გადაეწყვიტა. მაგალითისთვის დავასახელებ მელაანის ავარიული სკოლის საკითხს: ისეთი რემონტი ჩაუტარა, რომ საძირკვლიდან დაწყებული, ახლად ააშენებინა. ან როგორ ამოგვიდგა მხარში, როცა მზესუმზირის ნათესებს ამერიკული კალია, ეს დაუნდობელი მავნებელი შემოესია. მაშინ ჩამოაყვანინა ბატონმა ბიძინამ სპეციალური ვერტმფრენები, რომლებმაც შხამქიმიკატების მინდვრებზე მოფრქვევით მოსპეს მავნე მწერები და ხალხს მოსავალი გადაურჩინეს. გუბერნატორად რომ გადაიყვანეს, მისი დახმარებაც უფრო მასშტაბური გახდა. ძალიან უყვარდა აქაურობა, ხშირად დადიოდა სკოლებში, ხვდებოდა ჩვენებურებს და ხალხიც სიყვარულითა და პატივისცემით უპასუხებდა.


დავითი, მისი ვაჟი, დეპუტატობის კანდიდატად რომ დაასახელეს, გულით გამიხარდა, რადგან დარწმუნებული ვარ, მამის გზას სახელოვნად გააგრძელებს. შეხვედრები, რომლებსაც ამომრჩევლებთან მართავს, ურთიერთობა ადამიანებთან, რომელიც ნდობითაა გამსჭვალული, რადგან უშუალო და მართლის მთქმელია, უფლებას მაძლევს ვთქვა, რომ ხალხი სწორედ მას აირჩევს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.


***

ჯიმითის შეხვედრა თაფლივით ტკბილი იყოო, ვერ ვიტყვი. მწვავეც იყო და სერიოზულიც, უკომპრომისო. აშკარად გამოჩნდა, რომ დეპუტატობის კანდიდატი სულაც არ ცდილობდა დაპირებების კასკადით ამომრჩევლების გულის მოგებას. ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა და სურდა, თავისი პოზიცია გასაგები და მისაღები გაეხადა მასთან შესახვედრად მოსული ხალხისთვის. მაგალითად, არ მოერიდა და პირდაპირ უთხრა, რომ სოფელი მთავრობის ხელისშემყურე არ უნდა იყოს, რომ გლეხობისთვის გაცილებით მომგებიანი და ოპერატიულად შედეგის მომცემი იქნება, თუ აქაურები გააქტიურდებიან და გრანტების, მცირეპროცენტიანი სესხებით დაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში თავიანთ მცირე პროექტებს შეიტანენ; რომ სოფელი სახელმწიფოს არ უნდა სთხოვდეს, მაგალითად, ფეხბურთის მოედნის დაცვას უპატრონოდ მოხეტიალე საქონლისგან, ყველა წვრილმან საქმეში დახმარებასა და თანადგომას ზემდგომ ინსტანციებში არ უნდა ეძებდეს.


ერთმა, არცთუ ხანდაზმულმა კაცმა, რომელმაც შეამჩნია, რომ ბლოკნოტში რაღაცას ვიწერდი, მითხრა:


- ჩაწერე, - სასაფლაოს ყარაული სჭირდება.


- რისთვის-მეთქი, რომ ვკითხე, გვერდზე მდგომმა ახალგაზრდამ მიპასუხა, - საქონელი რომ არ შევიდესო!


ჭირისუფლები სასაფლაოს ვერ უვლიან თურმე?!


ეს საკითხი შეხვედრის „კულუარებში" წამოიჭრა. საჯაროდ გამოტანა უხერხული იქნებოდა უთუოდ. მაგრამ იმ გაჭირვებულ კაცს თავისი პრობლემა აწუხებდა...


როგორც სხვებს - თავ-თავიანთი.


ეგებ, ამიტომაც თქვა ქალბატონმა ლამარა გეთიაშვილმა:


- ხალხო, ჯერ ავირჩიოთ, მერე მოვთხოვოთ.


- უწინ სხვებიც დაგვპირდნენ და არ შეასრულეს, - შეეპასუხნენ იქვე.


- ეგ იმიტომ, რომ სკამის საჯდომი რბილი იყო. ახლა გაუხმათ. მაგრამ ეს ბიჭი (ბიჭიო, ასე თქვა წლებით დამძიმებულმა ქალბატონმა და უცებვე შეასწორა) - ბატონი დავითი იმათ არ ჰგავს.


იმედი აქვთ დავით სონღულაშვილის ჯიმითელებს, კაჭრეთელებს და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გურჯაანის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობას. არა მარტო მათ, ვინც მისი მომხრეები იყვნენ იმთავითვე, არამედ იმათაც, ვისაც ხელი ჰქონდა ჩაქნეული ყველაფერზე, ან სხვაგან ეძებდა შველასა და გამოსავალს.


ეტყობა, ამ კატეგორიის ადამიანების აზრი გამოხატა ჯიმითელმა ქალბატონმა ნათელა ვარაზაშვილმა, ოთხი შვილიშვილის ბებიამ, რომელიც მწვავე შეპასუხებასაც არ ერიდებოდა შეხვედრის მსვლელობის დროს, როცა ასე მიმართა დავით სონღულაშვილს:


- თქვენგან ისეთი დაჯერება მაქვს, რომ არ მინდოდა, მაგრამ ახლა წავალ არჩევნებზე. მერე ნახეთ ხალხის სიყვარული!



- ალტერნატივა არ ჰყავსო, - ყურს ხვდებოდა მსგავსი რეპლიკები, ერთმანეთს შთაბეჭდილებას რომ უზიარებდნენ ჯიმითელი კაცები.


დავით სონღულაშვილზე რომ ამბობდნენ - მასთან შეხვედრების დროს დადებითი აურა იქმნებაო, სიტყვის მასალა არ ყოფილა.




 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×