logo_geo
eng_logo
კვიცი გვარზე ხტის: ...და მაინც, ვინ არის ირაკლი კობახიძე?
- +

2 ოქტომბერი. 2016. 15:23



ჩემი ჟურნალისტური ინტერესის საგანს წარმოადენს ადამიანი, რომელსაც ვიცნობ, დიდი ხანია თვალს ვადევნებ მის ცხოვრებისეულ გზას და რომელიც „ქართულმა ოცნებამ" ესოდენ მაღალი ნდობით აღჭურვა - ამ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. ამჯერად შემოვიფარგლები მხოლოდ და მხოლოდ მშრალი ინფორმაციით.

უწინარესად არაპოლიტიკური თემა:

ბაბუა ამ ცოტა ხნის წინ დაკრძალეს -აკადემიკოსი მალხაზ ზაალიშვილი, რომელსაც არცთუ იშვიათად დღევანდელი ქართული მეცნიერების ერთ-ერთ სახედ და სინდისად მოვიხსენიებდით. ბაბუამ სერიოზული გავლენა მოახდინა შვილიშვილის ზნეობრივი სახის ფორმირებაზე.

დედა-თამარ ზაალიშვილი, მეცნიერების დოქტორი, ცნობილი სპეციალისტი და მოღვაწე გახლავთ, იგი წლების განმავლობაში იღვწოდა ფინანსთა სამინისტროში, ხელმძღვანელ თანამდებობაზე და წარმართავდა განათლების, მეცნიერების და კულტურის დაფინანსების სფეროს. სარგებლობს უმწიკვლო რეპუტაციით. საინტერესო და ყურადსაღები ფაქტია ისიც, რომ  თამარ ზაალიშვილი იყო კოორდინატორი ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნების" განათლების ჯგუფისა და  განათლების სფეროში მისი  წინასაარჩევნო პროგრამის ავტორი, რაც შემდგომში შესაბამისი უწყების სამოქმედო დოკუმენტად იქცა.

მამა-გიორგი კობახიძეს დიდი წარდგენა არ სჭირდება, იგი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გახლავთ, ეროვნული მოძრაობიდან წამოსული, ერთ-ერთი პარტიის ლიდერი, ყოფილი ვიცე-სპიკერი. კობახიძე-მამამ გადადგა ქართული პოლიტიკის რეალობისთვის უპრეცედენტო ნაბიჯი - უმალ ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას, მას შემდეგ, რაც მისი ვაჟიშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად აირჩიეს. ეს ნაბიჯიც ჩინებული ილუსტრაციაა ამ ოჯახის ზნეობრივი სახისა.

დავუბრუნდეთ ისევ ირაკლი კობახიძეს.

ოპონენტები, როდესაც არგუმენტები არ მოეძევებათ, აქცენტებს, როგორც წესი, ჩვენთვის საინტერესო პიროვნების ასაკზე (ამ თანამდებობისთვის მეტისმეტად ახალგაზრდააო) და „გამოცდილების ნაკლებობაზე" ამახვილებენ.

დავიწყოთ ასაკით:

ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978 წელს, ანუ არის 38 წლის (უნდა ვაღიაროთ, რომ მატყუარა გარეგნობა აქვს, ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება). სხვათაშორის, იმავე ასაკისაა პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მათზე ოთხი წლით უმცროსია. ცნობისთვის: ევროპის ახალი დემოკრატიის სახელმწიფოების (და არა მარტო, თუნდაც კანადის) პრაქტიკიდან გამომდინარე, ასაკი სწორედაც რომ შესაფერისია იმ უფლება-მოვალეობებისა, რომლითაც ბატონი ირაკლი არის აღჭურვილი.

განათლება:

წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. შემდეგ იყო დიუსელდორფის (გერმანია) მეტად პრესტიჟული უნივერსიტეტი. უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა ირაკლი კობახიძის როგორც სამაგისტრო, ისე სადოქტორო ნაშრომებმა.

აქ ერთ დეტალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება - ბატონმა ირაკლიმ ამ ორი მნიშვნელოვანი და, გერმანული მოთხოვნებიდან გამომდინარე, რთული საფეხურის გავლას სამად-სამი წელი მოანდომა(!). ეს ფაქტი მის ნიჭიერებაზეც მეტყველებს და მის სამაგალითო შრომისუნარიანობაზეც.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა (1):

კობახიძის სადისერტაციო ნაშრომის თემაა „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი", რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორს ზედმიწევნით (ისევ და ისევ გერმანული მოთხოვნებიდან გამომდინარე) უნდა ჰქონდეს შესწავლილი მსოფლიოს ყველა მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური პარტიის სტრუქტურა, წესდება, საქმიანობის წესი, განვითარების ისტორია და სხვ.არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამ სფეროში ღრმად განსწავლული სპეციალისტები ჩვენში თითზე ჩამოსათვლელია. იმაშიც დამეთანხმებით, რომ ეს კომპეტენცია სერიოზული საფუძველია იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ირაკლი კობახიძე დღეს ეწევა, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი.

სამუშაო გამოცდილება:

პოლიტიკის გარდა, ირაკლი კობახიძე პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობითაც არის დაკავებული. უკვე არაერთი წელია ის თსუ-ის პროფესორია. სხვადასხვა დროს ლექციები წაუკითხავს კავკასიის უნივერსიტეტში (ასოცირებული პროფესორი), საქართველოს უნივერსიტეტში (მოწვეული ლექტორი). გარდა ამისა, იყო თ. წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.ირაკლი

კობახიძე 2006 წლიდან 2014 წლის ჩათვლით მუშაობდა ევროპის საბჭოსა და გაეროს წარმომადგენლობების მიერ ორგანიზებული პროექტების განხორციელებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით. აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ირაკლი ხუთი წლის განმავლობაში თვითონ გახლდათ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების ხელმძღვანელი.

ეს პროექტები საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია და, აქედან გამომდინარე, გარდა პროფესიული კვალიფიკაციისა, მათი ხელმძღვანელობა სერიოზული მენეჯერული უნარების ფლობას მოითხოვს. ზემოხსენებული პროექტების ფარგლებში, მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალთა გუნდთან ერთად, უდიდესი მოცულობის სამუშაოა შესრულებული, რაც იმას გულისხმობს, რომ სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ შესწავლილ იქნა მთელი საქართველო, გაკეთდა ყოვლისმომცველი, დეტალური სიტუაციური ანალიზი და შემუშავდა შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.

სწორედ გამოცდილება გახდა საფუძველი იმისა, რომ 2013 წლის შემოდგომაზე ინიცირებულ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტში შევიდა ძირეული ცვლილებები. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას - ამ ცვლილებების შედეგად ქვეყანა გადაურჩა მრავალი სახის შესაძლო გართულებებს (რბილად რომ ვთქვათ) აწმყოსა თუ მომავალში.

თავად ვარ მოწმე იმისა,  ეს ყველაფერი ხდებოდა ირაკლი კობახიძის აქტიური, განსაკუთრებული ჩართულობით. ვიცი, რომ  კოდექსის ინიციატორთა ჯგუფს ბატონი ირაკლი ერთპიროვნულად ოპონირებდა.

ალბათ, ყველა დამერწმუნება  იმაში, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ირაკლი კობახიძემ შეიძინა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობით (რაც, სამწუხაროდ, ერთეულთა ფუფუნებაა მთელ საქართველოს იცნობდეს თავისი ხუთი თითივით), ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს  მას პარტიული გეგმების წარმატებით განხორციელებაში.

სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებით, სრული წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, დავამატებდი, რომ ორი წლის განმავლობაში ირაკლი კობახიძე იყო ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი და დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში UშAID-ის საზოგადოებრივი განათლების პროექტის კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში.


სამეცნიერო საქმიანობა (2):

ირაკლი კობახიძე ექვსი წიგნისა და ათზე მეტი სამეცნიერო შრომის (მათ შორის უცხოურ ჟურნალებში) ავტორია. მისი  წიგნებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გერმანულ ენაზე შესრულებული მონოგრაფია - „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი" და სახელმძღვანელო საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის - „კონსტიტუციური სამართალი" (ავთანდილ დემეტრაშვილთან ერთად). ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის ვრცელი ნაშრომი 2010 წლის კონსტიტუციური ცვლილებების კრიტიკული ანალიზის შესახებ, რომელიც სპეციალისტების მიერ მიჩნეულ იქნა ყველაზე სრულყოფილ პუბლიკაციად და ამის საფუძველზე, ბატონ ირაკლის წილად ხვდა პატივი, ყოფილიყო მთავარი მომხსენებელი აღნიშნულ თემაზე გამართულ წარმომადგენლობით (მონაწილეობდნენ სამეცნიერო წრეების, წამყვანი პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები) კონფერენციაზე.

ამასთან დაკავშირებით, უნდა გავიხსენო სამწუხარო, მაგრამ,  წინა „ეპოქისთვის" დამახასიათებელი არაორიგინალური ფაქტი: აღნიშნული კვლევა-მოხსენების და სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობების გამო (2007, 2009, 2011 წლების საპროტესტო აქციებში მონაწილეობა) „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი მიუხურა.


„ქართული ოცნების" საქმიანობაში ირაკლი კობახიძე ამ ორგანიზაციის დაარსების პირველივე დღეებიდან ჩაერთო.

იყო ორი ანალიტიკური ჯგუფის (სამართლის სისტემების, აგრეთვე, რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები) ხელმძღვანელი.


ირაკლი კობახიძე თავისუფლად ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

და ბოლოს ხუმრობით, მისი  ვარცხნილობის შესახებ, რაც „აღიზიანებს" ვიღაც-ვიღაცეებს: შემიძლია დავამშვიდო ამ თემით დაინტერესებული ყველა პერსონა: ვარცხნილობა მოსწონს მის მეუღლეს, დედამისს და... კიდევ ბევრ ვინმეს!



 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×