logo_geo
eng_logo
ესაც – 85!
- +

4 ოქტომბერი. 2016. 14:22


 

გილოცავ, ბატონო ჯანსუღ 85-ე დაბადების დღეს და ვიწყებ შენი ლექსის კითხვას, რომელიც, ჰე როდის, - 70-იან წლებში დაგიწერია, ორმოცზე მეტი წლის წინათ.


და დაგირქმევია „გული":


ჩასძინებია

ჩემს ცეცხლს ბავშვივით

და შერჩენია

ტუჩზე ღიმილი.

ღამეს ბეჭში აქვს

დანა გაჩრილი,

როგორც ყვითელი

მამლის ყივილი.


გამოგგლიჯავს ეს ერთიანი მეტაფორა, სრულად მთლიანად, ჩვენი ცხოვრების მრავალწახნაგოვნებიდან და თავისი კალაპოტით წაგიყვანს, გაგიტაცებს, აგამაღლებს, ჯანსუღ ჩარკვიანის პოეტურ ხილვებს გაზიარებს და იმედად ჩაგეღვრება გულში, რომლის მაცოცხლებელი მუხტი მიუწვდომელთან ზიარებაა, სიცოცხლის წყაროს დაწაფებას ჰგავს.


პოეტის გული - მგზნებარება, გაცისკროვნება, და სიხარულის მომნიჭებელი მადლი. მკერდიდან ამოგლეჯილი, ხელის გულზე დადებული და ხალხისთვის ასე მიწოდებული დანკოს გული: სიმრუმეში გზის მანათობელი, რომლის ყავლი იცის შემოქმედმა:


„თორე, მე ვიცი

ამ გულის ყავლი,

მინდა, კვლავ მისი

ბორგვა იწვნიოთ,

ცის კაბადონზე

დავკიდებ ღამით,

მზის მაგივრობა

რომ გაგიწიოთ".

(„გული")


„გული მისცეს გულისათვის" - ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედების იდეოლოგემაა, რწმენა, რელიგია, ძლიერი ჭავლით რომ ეძგერება და შეამტვრევს ადამიანების გაუცხოების ჯებირებს მარადიული სიჭაბუკის ჟინით გაჟღენთილი და უბერებელი, დღესაც - 85-ს რომ გადააბიჯა, მაშინ:


და თუ გვევსება სული გრიგალით

და თუ გვევსება სხივით სხეული,

ფართოდ გაღებულ კარებს ვუგალობთ

კალაპოტებში ვერდატეულნი...

 

ეს იმიტომ, რომ თვალით კი არა,

გულით ვუყურებთ მწვანე რთველობას

და ისე ვუვლით, როგორც იარაღს,

ჩვენს სიჭაბუკეს და ქართველობას!


(„სიჭაბუკისა").


უძლიერესი იარაღი - სიჭაბუკე და ქართველობა, სიტყვა, რომელიც გაღებული კარიდან მოდის, ილიას ნაანდერძევი სიმართლის პირში თქმის პრინციპით საფუძველგამაგრებული:


აღარც შინკუბა გვყავს,

აღარც - მარშანია,

ჩემთვის ის შავი ზღვა

უკვე დამშრალია!

რაც უნდა გეწყინოს,

რაც უნდა გავეშდე,

ვაი, საქართველო,

აფხაზეთის გარეშე!

 

(„აფხაზეთი")


ეს უკვე მისი ახალი ციკლიდან არის, რომელიც 30 სექტემბერს „საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა.


85 წელს გადაბიჯებული სიჭაბუკის მგზნებარება გვაგრძნობინა ბატონმა ჯანსუღმა მარგალიტებით ინკრუსტირებული ამ პოეტური ნიმუშებით:


ყველაფერს აქვს საწყისი და ბოლო,

გაიხსენე, როცა სუფრას გაშლი,

სიყვარულის გზით იარე მხოლოდ,

სიძულვილი იძირება ტბაში.


(„გზა სიყვარულისა")


ან:


შენ მთვარესავით ჩადიხარ,

არ ამოდიხარ მზესავით.

 

 („ჩემო სამშობლო!")


და:


ვაშა, წუთისოფელო,

ცრემლო მარადიულის.

(„ციდან")


დაბოლოს:


მე არაფერს არ განვიცდი,

ზეცა დამყურებს მედგარი,

არც რომელში ვარ, არ ვიცი,

ჩემთვისა ვარ და ეგ არი!

 

(„წუთისოფელი")


შენთვის კი ხარ, ბატონო, ჯანსუღ, შენთვის, მაგრამ რომ არ მჯერა სახალხო პოეტის ასეთი განდგომისა და კარჩაკეტილობის?


მოკრძალება - კი, ბატონო: თავმდაბლობის ნიმუშია. მაგრამ იმ სიტყვებს რა ვუყოთ, რომლებიც ანთია, როგორც მარადიული ცეცხლი, ერის აზრსა და გონებაში:


თუ გამარჯვება არის მიზანი,

დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად,

მამულისთავის, მამულისათვის,

ძმებო, სიკვდილი ან გამარჯვება.

ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის,

ტყვია მიზანში მოსახვედრია,

თავისუფლება ისე არ მოდის,

თავისუფლება ლომთა ხვედრია.

 

(არდავიწყების პოემიდან „ჯაჭვის თორანი")


შენთან ერთად ვრჩებით ამ ხვედრის ერთგული, ბატონო ჯანსუღ, და გილოცავთ დაბადების დღეს, საიუბილეო 85 წელიწადს!




 

right_banner
არქივი
right_banner