logo_geo
eng_logo
„ყვარყვარიზმი უნდა დასრულდეს და დასრულდება რამდენიმე დღეში!“
- +

5 ოქტომბერი. 2016. 17:43


 

გასულ კვირას ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალურ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში სისხლის ღვრასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მწვავედ და თან ირონიულად გამოეხმაურა. მან იმის შესახებაც ისაუბრა, რა ბედი ელით ნაციონალებს არჩევნების შემდეგ და საბოლოო ჯამში, სად აღმოჩნდება სააკაშვილი, რომელსაც მალე უკრაინაშიც აღარ დაედგომება.


ბიძინა ივანიშვილი: - ნაცების გაქცეული ლიდერის თუნდაც ბოლო განცხადება ნახეთ, რომ, თურმე „რუსთავი 2"-ზე ეგზიტპოლები დაიდება და ეს იქნება ბოლო ჭეშმარიტება, თუ არადა, წარღვნის მსგავსი რაღაც მოხდება.


მისი მეუღლის განცხადებაც ვნახეთ - მიშა ისეთი მაგარია, სოლოლაკამდე „ტუნელით" ჩამოვაო. სხვათაშორის, სასჯელაღსრულების სისტემის მხრივ ევროპისაგან არც ისე შორსა ვართ და სააკაშვილს გვირაბში და ჯურღმულში არ ვაცხოვრებთ, ძალიან კარგი საკანი ელოდება!


„ასავალ-დასავალის" კომენტარი: - ევროპისგან არც ისე შორს რომ არის, იმ სისტემის ხელმძღვანელმა, ანუ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა სანდრა რულოვსის განცხადებაზე მიშა ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბს გათხრისო, ასეთი კომენტარი გააკეთა: „მსოფლიოში ბევრჯერ გვინახავს მაგალითები, როდესაც გვირაბის მეშვეობით საპატიმროდან გარბოდნენ პატიმრები, მაგრამ გვირაბის მეშვეობით რომ საპატიმრო ადგილას აღმოჩნდეს ადამიანი, ასეთი არ გაგვიგია".


ბატონო კახა, საქართველოში ბევრი რამ მომხდარა ისეთი, რაც მსოფლიოში არასოდეს უნახავთ და გაუგიათ. მაგალითად, მსოფლიოს არცერთი ქვეყნის საკანომდებლო ორგანოში არ ზის იმდენი სისხლის სამართლის დამნაშავე, კორუფციონერი, სამშობლოს გამყიდველი, ადამიანების წამებისა და გაუპატიურების იდეოლოგი, რამდენიც საქართველოს პარლამეტში ნაცების სახით არის თავშეყრილი.


ასე რომ, პრობლემა არ არის - დაე, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დამნაშავე გვირაბს ციხიდან გამოსასვლელად კი არა, ციხეში შესასვლელად გათხრის!


ბატონო კახა, მთავარია, თქვენმა უწყებამ თადარიგი დაიჭიროს და სააკაშვილისთვის განკუთვნილი საკანი სათანადოდ მოაწყოს, ოღონდ ცოცხი ხელთან ახლოს არ დაუტოვოთ, თორემ არადანიშნულებისამებრ გამოყენებას არის მიჩვეული!



***

ბიძინა ივანიშვილი: - ხომ კარგად გახსოვთ, ნაცები ქვების სროლით მოვიდნენ, ძალადობით იყვნენ ცნობილი და თავიანთი ხელწერა დღემდე ვერ შეიცვალეს, რადგან ამის ნიჭი და რესურსი არ გააჩნიათ.


ახლა ამხნევებენ ერთმანეთს, რომ როგორმე ნარჩენი გუნდი არჩევნებამდე მივიდეს, მერე კი იქნებ რაღაც საოცრება მოხდეს, იქნებ მათი მშიშარა ლიდერი უეცრად გმირი გახდეს!


„ასავალ-დასავალის" კომენტარი: - სააკაშვილი, შესაძლოა, უეცრად ადგილიდან მოწყდეს და მიწაზე იფორთხოს, შესაძლოა, უეცრად საკუთარი ჰალსტუხი შემოეჭამოს, შესაძლოა, უეცრად სცენაზე აიჭრას და მომღერალი გოგონა ხელში აიტაცოს, შესაძლოა, უეცრად რომელიმე კიბის მოაჯირს შეახტეს და საჯდომით ჩამოსრიალდეს, ისიც შესაძლებელია, რომელიმე თანაგუნდელს უეცრად პანჩური ამოარტყას ან ტელევიზორის პულტი ესროლოს, ისიც შესაძლებელია, უეცრად რომელიმე ქალს მკერდი მოაღეჭოს, ისიც შესაძლებელია, უეცრად „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა" მოინდომოს და ქვეყნის ტერიტორიები დაკარგოს, მაგრამ სააკაშვილი რომ უეცრად გმირი გახდეს, ეს ყოველივე შეუძლებელი და წარმოუდგენელი  რამ გახლავთ.



***

ბიძინა ივანიშვილი: - სხვათაშორის, ნაციონალური მოძრაობა მშიშრების კომპლექტაციაა. ვინც ფსიქოლოგია იცის, ისიც იცის, რომ ყველა მოძალადე ძალიან მშიშარაა.


ისე, ყველა დიდი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მივიღე ინფორმაცია, რომელიც თუ გამართლდა, შეიძლება მართლა სახიფათო იყოს და მართლა გაგვიჭირდეს - არის ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერს (იგულისხმება ნაცების მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება. - ჯ.ხ.) აკო მინაშვილი ჩაუდგება სათავეში.


დიახ, აკო მინაშვილს ბარდება კოორდინაცია და თუ მინაშვილი, როგორც თორნიკე ერისთავი, უსარდლებს ამ საქმეს, მგონი, ხიფათი გაიზრდება.


„ასავალ-დასავალის" კომეტარი: - ბატონო ბიძინა, ეტყობა, თქვენ აკო მინაშვილის სიდედრს არ იცნობთ, თორემ ხუმრობის გუნებაზე არ იქნებოდით!


დიახ, როგორც ჩანს, არ გინახავთ კადრები, 2009 წელს აკო მინაშვილის სიდედრი, „რიგითი მოქალაქის" როლში, როგორ მოეჭრა თავისუფლების მოედანზე „საკნების აქციის" მშვიდობიან მონაწილეებს, რკინის საკნები ბუმბულივით შეათამაშა ხელში და ნაცრეჟიმის მოწინააღმდეგეებს ლამის ბდღვირი ადინა.


სწორედ იქიდან მოყოლებული ერგო აკო მინაშვილს „სიდედროვიჩის" დამსახურებული თიკუნი.


ასე რომ, ბიძინა ბატონო, შესაძლოა, თვითონ აკო დიდი ვერაფერი მხედართმთავარია, მაგრამ თუ საყვარელი სიდედრი ძველებურად გვერდში დაუდგა, არ არის გამორიცხული, გმირები ოდესიდან სოლოლაკამდე კი არა, ბომბეიდან ლონდონამდეც გათხარონ.



***

ბიძინა ივანიშვილი: - არის ხალხი, ვისაც დღეს ჩემდამი, ახალი ხელისუფლებისადმი გარკვეული განაწყენება, ნიჰილიზმის განცდა აქვს და არც მთლად უსაფუძვლოდ, რომ დამნაშავეები არ დაისაჯნენ, ვერ დაისაჯნენ.


ჩემი დამოკიდებულება იყო, რომ უკანონოდ, სასამართლოს გარეშე არავინ გასამართლებულიყო და არ გაგვემეორებინა ის, რაც ნაცებმა გააკეთეს.


ბეწვის ხიდზე გავდიოდი, რომ ჩვენი პარტნიორები არ დაგვეკარგა, რადგან ამერიკაში და ევროპაშიც საქართველო დემოკრატიის შუქურად მიაჩნდათ და ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლება, წინა ხელისუფლებიდან ვინმე დაიჭირო?


უკან არ გაიხედო, მარტო წინ იყურეო, სულ ამას მარიგებდნენ მახსოვს. ევროპაში ჩავედი და შეკრებამ მოგვიწია იურმალაში, ქალაქგარეთ, სადაც იყო 3-4 პრემიერ-მინისტრი, 10 საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი და სუყველა „მაწვებოდა", არცერთ შემთხვევაში არავის გაეკარო, მხოლოდ წინ იყურეო".


„ასავალ-დაავალის" კომენტარი: - ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია ამერიკიდან და ევროპიდან მოახვიეს თავს.


ივანიშვილმა ისიც აღიარა, რომ ამერიკელი და ევროპელი ლიდერები, ფაქტობრივად, ხელს აფარებდნენ ნაცრეჟიმის დამნაშავე ჩინოვნიკებს და ხელს უშლიდნენ მათ მიმართ კანონის უზენაესობის აღსრულებას.


ივანიშვილი ამბობს, რომ მათ გადარწმუნებას ცდილობდა, თუმცა, ყველაზე ეფექტიანი ის იქნებოდა, საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს უცხოელი კოლეგებისათვის დელიკატურად ეთქვა ან მიენიშნებინა, ნაცდამნაშავეების დაუსჯელობის გამო ქართველი ხალხი დასავლეთისადმი ნდობას კარგავს და შესაძლებელია, ამან საქართველოს საგარეო კურსს საფრთხე შეუქმნასო.


თუ იმ უცხოელ ლიდერებში, რომლებიც ივანიშვილს „აწვებოდნენ", იტალიის წარმომადგენელიც იყო, ბატონ ბიძინას შეეძლო, მისთვის ძველი რომაული გამოთქმა შეეხსენებინა - „ქვეყნიერება რომ დაიქცეს, სამართალი უნდა აღსრულდეს".


თუ გერმანიის წარმომადგენელიც „აწვებოდა", ნაცებს ხელი არ დააკაროო, ივანიშვილს, წესით ნიურნბერგის პროცესის მაგალითი უნდა მოეყვანა და კითხვა დაესვა - თქვენ რომ ფაშისტი დამნაშავეები არ გაგესამართლებინათ, ასეთ წარმატებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოს როგორ ააშენებდითო?!



***

ბიძინა ივანიშვილი: - ნაცების მშიშარა პრეზიდენტი დევნაშია, ოთხი ბრალი აქვს წაყენებული და დღეს თუ არა, ხვალ მას მოუწევს პასუხისგება. „ტუნელში" და ჯურღმულში არ შევიყვანთ, ნორმალურ საკანში განთავსდება და აუცილებლად გადაიხდის იმას, რაც დააშავა საქართველოს წინაშე.


ყოფილი თავდაცვის მინისტრი ციხეშია, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეშია, ყოფილი ქალაქის მერი ციხეშია, ყოფილი მთავარი პროკურორი დევნაშია... ვერცერთ სახელმწიფოს ვერ დამისახელებთ ისტორიულად, რომ ამდენი მაღალი თანამდებობის პირი დასჯილიყო და ამ დროს დემოკრატიის ყველა მაჩვენებლით, საერთაშორისო შეფასებელით, წინ ვართ!


„ასავალ-დასავალის" კომენტარი: - ბატონო ბიძინა, აქ ისევ და ისევ ნიურნბერგის პროცესის ისტორიულ მაგალითს დაგისახელებთ და შეგახსენებთ, რომ ძლიერი და განვითარებული თანამედროვე გერმანული სახელმწიფოს აშენების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ დამნაშავე რეჟიმის დედაბუდიანად გასამართლება გახლდათ.



***

ბიძინა ივანიშვილი: - საქართველოს მოსახლეობას ვეტყვი, რომ რამდენიმე დღეც მოვითმინოთ და ყველაფერი დასრულდება!


2012 წელს ჩვენ ბრძოლა მოვიგეთ, ახლა კი ომი უნდა მოვიგოთ!


ყვარყვარიზმი უნდა დასრულდეს და დასრულდება რამდენიმე დღეში! საქართველოს მოსახლეობას ვარწმუნებ - დაისვენებთ, მოისვენებთ ნაცებისგან! გარწმუნებთ, რომ მაგათ ბობოქრობას ვეღარ ნახავთ.


„ასავალ-დასავალის" კომენტარი: - 2016 წლის 8 ოქტომბერს ნაცების ბობოქრობა მართლაც საბოლოოდ უნდა დასრულდეს და „მეცოცხეთა" პოლიტიკური სექტა პირისაგან პოლიტიკისა უნდა აღიგავოს, მაგრამ რა ვუყოთ იმ ნაცებსა და ნაცმიდრეკილებს, რომლებიც „ოცნების" კალთას ამოეფარნენ და ასე ცდილობენ, სამარცხვინო წარსულისთვის ინდულგენცია მიიღონ?!


ბატონო ბიძინა, იცოდეთ, რომ ეს ხალხი ტყავს კიდევ ერთხელ აუცილებლად გამოიცვლის და „ოცნებასაც" ისევე გაყიდოს, როგორც ნაცმოძრაობა გაყიდა!

 

ასე რომ, ემზადეთ არაერთი ღალატისათვის!


ბატონო ბიძინა, თუ მართლა გინდათ, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც მენტალური ჭაობი, საქართველოში დაშრეს და დამთავრდეს, მედროვეობისა და კონფორმიზმს ნუ წაახალისებთ!

 

ნაცმოძრაობას ომს რომ მოუგებთ, მერე „ქართული ოცნების" ნაცმოძრაობისთვისაც მოიცალეთ!

 

ჯაბა ხუბუა

 

 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×