logo_geo
eng_logo
რა ლექსი დაუწერა გალაკტიონმა რურუას?
- +

2 ნოემბერი. 2016. 11:40


 

რასაც ახლა დავწერ, ახალი ნამდვილად არ გახლავთ. ჩვენ რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ, ამაზე ბევრს დაუწერია და მეც მითქვამს პერიოდულად. თუმცა ერის ისტორია ასე მონოტონურად ტრიალებდეს და მეორდებოდეს, სხვა ქვეყნების ცხოვრებაში არ შემიმჩნევია. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ერები (როგორც კომუნისტები იტყოდნენ, ხალხები) მსოფლიო გამოცდილებიდან რაღაცას იღებენ, შეცდომებზე სწავლობენ, აკვირდებიან და ვითარდებიან. ერთი ჩვენ ვართ, ვერც შეცდომებს ვხედავთ, ვერც ვსწავლობთ, ვერც ვაკვირდებით და ვერც ვვითარდებით (ბუნებრივია, ამ შემთხვევაში „ნაციონალებს" არ ვგულისხმობ, მარტო ეგენი ამტკიცებენ, შეცდომებზე ვისწავლეთ და შევიცვალეთო). გეუბნებით და დამიჯერეთ, მართლა ჯადო გვაქვს გაკეთებული, თორემ როგორ შეიძლება, ჩვენს ისტორიაში სახელებიც კი მეორდებოდეს? როგორ შეიძლება, მოვლენები ერთი-ერთზე ჯდებოდეს და ლამის თვეები და  რიცხვებიც კი ემთხვეოდეს? მხოლოდ საუკუნეებშია სხვაობა, მხოლოდ ტანისამოსი გვეცვა ადრე ცოტა სხვანაირი და „აიფონების" ნაცვლად ჯოხები გვეჭირა ხელში. აბა, ერთი გალაკტიონის ეს ლექსი წაიკითხეთ, დაუკვირდით, თუ არ დამეთანხმებით, იმასაც ვნახავთ:


„აგერ კიდევ რურუა -

ჩაგვაცივდა დრამებით,

გვიკითხავს და თავს ირთობს

ჩვენი უღვთო წამებით...

რომ მზე - მზეა, გზა - გზაა,

ტყე - ტყეა და რუ - რუა,

რა მტკიცება სჭირდება,

ამხანაგო რურუა?!


ეს ლექსი გალაკტიონს თავის დროზე საარჩევნოდ დაუწერია. ყოფილა ვინმე რურუა, რომელიც კენჭს იყრიდა (ალბათ, მთაწმინდაზე) და დაუსრულებლად კითხულობდა საკუთარ დრამებს. ესე იგი, თუ დრამებს ანუ პიესებს კითხულობდა, ისიც რეჟისორი ყოფილა „გვიკითხავს და თავს ირთობს ჩვენი უღვთო წამებით"... შეიძლება მწერალიც იყო ამხანაგი რურუა, რა მნიშვნელობა აქვს? გვარი იგივეა, ადგილმდებარეობა იგივეა, აზროვნება იგივეა, მიზანი იგივეა... მხოლოდ საუკუნეა სხვა.


კიდევ ერთხელ გთხოვთ გონების დაძაბვას: გალაკტიონი ამბობს, აგერ კიდევ რურუაო, ანუ „ა, კიდოო"... გამოდის, მანამდეც იყო ვინმე რურუა და კიდევ გამოჩნდა მსგავსი. სავარაუდოდ, ყოველ საუკუნეს ჰყავდა თავისი რურუა და როგორც ვხედავთ, მოვედით აქამდე რურუებით. აგერ რას წერს აკაკი წერეთელი ჯერ კიდევ 1899 წელს:


„იყო ერთი ქვეყანა - „კუდაბზიკეთი", ოდესმე სახელგანთქმული და მოწონებული, მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრები ნაცარქექიაობის მეტს ვეღარას ახერხებდნენ: უჯდნენ კერას და ერთმანეთს უჩუჩხურებდნენ.


და მოინდომეს მკბენარის თაყვანისცემა, მაგრამ არ იცოდნენ, ვისთვის მიეცათ უპირატესობა: ტილისთვის თუ რწყილისთვის? ზოგს ის მოსწონდა, ზოგს ეს!.. არჩევანზე მივიდა საქმე. კუდაბზიკელები ორად გაიყვნენ. ერთმა მხარემ ტილი გამოიყვანა თავის კანდიდატად და მეორემ რწყილი. ვერ შეთანხმდნენ, მოუვიდათ ჩხუბი და ნაცარტუტი აადინეს. დაერიენ ერთმანეთს და აღარ ზოგავდნენ. ამ საბრალოებს სულ კერას ძირში ეძინათ, არაფერს არ დასდევდნენ, არა ეინტერესებოდათ რა, და მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ, არჩევნების დროს გამოაჭყეტდნენ თვალებს ბეცად, ახორხოცდებოდნენ, აჭიჭყინდებოდნენ, ერთმანეთს ნაცარს აყრიდნენ თვალებში და არჩევნებს რომ მორჩებოდნენ, ისევ ისე ჩვეულებრივად მიეგდებოდნენ კერას ძირას".


გეცნობათ? ხომ არის დღევანდელობა ზედმიწევნით აღწერილი? ჩვენც ეგრე ვართ, სამ-ოთხ წელიწადში თვალებს ბეცად გამოვაჭყეტთ ხოლმე, ავხორხოცდებით და მერე ისევ მივეგდებით ძალად. ისე, სიმართლე მაინც უნდა ითქვას, ყველაზე მეტად მაინც სამოქალაქო, ანუ „სამოლაქლაქო" საზოგადოება ახორხოცდება ხოლმე, რომელიც ხან რწყილს უჭერს მხარსა, ხან კიდევ ტილსა. ჰოდა, ახლა ჯერ კიდევ პარლამენტარ მერაბ კაჭახიძეს დაუწერია ამ თემაზე ლექსი:


„რომ დარაზმულხართ ერთ რიგად ლაშა, თამარ, ნინია,

თქვენი ნათქვამი ცალ ფეხზე მოსახლეობას კიდია.

ჩემი არ გჯერათ, გიორგი, მიშა, ნოდარ და აჩიკო?

აგერ, გარმონზე გიმღერებთ ჩვენი ხონელი ფაჩიკო.

სააკაშვილის დაკრულზე ცეკვას არ გირჩევთ, ბიძია,

რადგან მწვანილად ქცეული, შაურიანი ქინძია.

უკრაინაში გაქცეულს რაში ანაღვლებს მანდატი,

ფიქრობს, წერონ და იკითხონ, ჭკუა რომ მოვტ..ან მაგათი.

მარკშეიდერად მუშაობს, გვირაბის მთხრელი ბიჭია,

თუ ხელს წაუკრავთ, აჯობებს, გვერდში დგომა ხომ ნიჭია.

დამიჯერეთ, რომ მადლს იზამთ, ბექა, მაგდა და ილიკო,

პირველი ხელის მომწერი ამ დოკუმენტზე ვინ იყო?

რომ აზლუქუნდით ერთ ხმაში, ჩამოიხოკეთ ლოყები,

ნატა ფერაძემ გირჩიათ? აბა, თორნიკე, მოყევი.

მაგის კი დაეჯერება, მაგ გამოცდილი ქალია,

მიშას დროს მაგ რომ „შვებოდა", ყველა თქვენგანის ვალია.

მარტო წვალობდა საწყალი, შემნაცვლებელიც არ ჰყავდა,

ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, საქართველო კი აყვავდა.

ჰოდა, ფაჩიკომ გარმონი კვლავ გადაწელა ბაია,

ნატა რასაც რომ „შობოდა", თქვენი მიმართვაც „მაია".

სამოქალაქო სექტორად თქვენ რომ იქეცით, მაიკო,

მაშინ ფორტუნა უბირი, ბედოვლათი და ბრმა იყო.

თუმცა ფორტუნას რას ვერჩი, ავდარია თუ დარია.

სინდისს თუ კარგად ჩავხედავთ, ყველა ჩვენგანის ბრალია.

უკადრებელს რომ იკადრებს, ქალი კია თუ კაცია,

მას უნდა პასუხს აძლევდე, ერი გქვია თუ ნაცია.

ხალხის სახელით საუბარს ცოტა სხვა წონა სჭირდება,

თორემ ფერებით ჩოჩორიც თვალს და ხელშუა ვირდება.

მოკლედ, ბოლოსკენ გეტყოდით, ფაჩიკოს უგდეთ ყურიო,

ხალხის სასმენად ისა თქვით, რასაც გკარნახობთ გულიო!"

 

 

ჩოჩორიც ვირდებაო, გარმონზე გიმღერებთ ჩვენი ხონელი ფაჩიკოო, ფორტუნა ბრმა და ყრუ იყოოო... მოკლედ, რომელი ერთი ჩამოვთვალო? პათოსი იგივეა, რაც იყო. საუკუნეების წინათ. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე კი თავისებურად სვამს დიაგნოზს:


„ქვეყანას ჩვენსას საშოში უკვე,

საკუთარ ზნესთან კონფლიქტი ჰქონდა.

სკოლა - აშტერებს და ათაყვანებს,

უდარდელობა - შრომისკენ სწრაფვას!

უსაქმურობა ბელად-მარჩენალს

მხსნელად და ლამის, მესიად სახავს.

წესიერების მასხრად აგდება,

იდიოტების იმედად ყოფნა,

ჯოჯოხეთისკენ მავალი გზაა,

იდიოტიზმზე მეტია ცოდვა?"


აჰა, მე ვამბობ, ჯადო გვაქვს-მეთქი გაკეთებული, რაც ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზააო. ბატონი დემური უფრო მკაცრია, აკაკიზე და გალაკტიონზე მკაცრიც კი. გავა დრო, გავა კიდევ ერთი საუკუნე, დაიბადება ახალი რურუა, რომელიც კენჭს იყრის ისევ მთაწმინდაზე, დაჯდება ჟამთააღმწერელი და გაოგნებული იკითხავს: ვააა... რა გვჭირს, ტოო, ისევ რურუა?!

 

 

 

გელა ზედელაშვილი

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner