logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე და გიგი წერეთელი ნაცმოძრაობას ტოვებენ?
- +

2 ნოემბერი. 2016. 17:14


 

ყოფილ მმართველ გუნდში, როგორც „ვერსიას" ეუბნებიან, მოვლენები დრამატულად ვითარდება. ის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და თბილისში დარჩენილ ნაცელიტას შორს აზრთა სხვადასხვაობაა, ჯერ კიდევ 8 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე გამოჩნდა. მეორე ტურების შემდეგ კი, ჩვენი კონფიდენტის ინფორმაციით, დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია.



„ეს ცნობა შესაძლოა, გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყურადღება ერთ გარემოებას მიაქციეთ - სანდრა რულოვსმა არათუ მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა, არამედ, ის პარლამენტში, ალბათ, პარტიული სიით შესვლაზეც უარს იტყვის. სხვათა შორის, მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილმა პირველმა ლედიმ საქართველო დატოვა, თუმცა, როგორც ვიცი, უკრაინაში, მეუღლესთან კი არა, ევროპაში გაემგზავრა", - ეუბნება „ვერსიას" პიროვნება, რომელსაც უშიშროების ორგანოებში მუშაობის რამდენიმეწლიანი სტაჟი აქვს.


ჩვენივე წყაროს მონაცემებით, სანდრას, შესაბამისად მიშას, სერიოზული უთანხმოება გიგა ბოკერიას ფრთასთან აქვს. კონფიდენტის თქმით, ამ გაუგებრობის აღმოსაფხვრელად, სააკაშვილმა, არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო გამოაგზავნა.


„მოგეხსენებათ, მიშა და იუშჩენკო ჯერ კიდევ იმ დროიდან მეგობრობენ, როცა სააკაშვილი უკრაინაში სწავლობდა. გარდა ამისა, თუ არ მეშლება, მათ ნათელმირონობაც აკავშირებთ. იუშჩენკოს თბილისური ვიზიტი გასაიდუმლოებული არ ყოფილა და ამის თაობაზე მედიაში მწირი ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ ის კი, მგონი, არავის უთქვამს, რომ უკრაინის ყოფილი პირველი პირი, მიშას დავალებით, „ნაცმოძრაობის" ლიდერებს დახურულ კარსმიღმა შეხვდა. ამ საიდუმლო აუდიენციის დეტალები არც მე ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს, იუშჩენკო ცდილობდა, ბოკერია, რომელიც ყოფილ მმართველ პარტიაში დღეს, პრაქტიკულად, პირველი ვიოლინოა, დაერწმუნებინა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეორე ტურში ნაციონალები რამდენიმე რაიონში  გამარჯვებას მიაღწევდნენ, პარტიას პარლამენტში შესვლაზე უარი ეთქვა, მაგრამ ეს მცდელობა ამაო აღმოჩნდა.

 

არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა პირადად მე, კიდევ ერთხელ გამიმყარა ეჭვი, რომ ბოკერიასა და სააკაშვილს, მართალიც, ორივე პროდასავლურობას თამაშობს, მაგრამ სხვადასხვა მფარველი ჰყავს. ისე, ამ ეჭვის ფაქტებით დადასტურებაც შემიძლია - ბოლოს და ბოლოს, იცით, წლები უშიშროებაში ვმუშაობდი და გარკვეულ ინფორმაციაზე მიმიწვდებოდა ხელი, თუმცა ამჯერად მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გიგა ბოკერია, თავიდან ბოლომდე, ამერიკული პროექტია, მიშა კი რუსული", - აღნიშნავს „ვერსიის" კონფიდენტი, რომელიც აქვე ერთ საგულისხმო დაუდასტურებელ ცნობასაც გვაწვდის.


მოკლედ, როგორც ჩვენი ინფორმირებული წყარო ამბობს, 8 ოქტომბრის არჩევნების წინ, სააკაშვილს თავისმა მფარველებმა დაავალეს, საქართველოში, თურქეთის გავლით, ის ადამიანები შემოეყვანა, რომელთაც 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვეს.


„ამ ადამიანების უმეტესობა თავის დროზე ზონდერი იყო. ზუსტად ვერ გეტყვით, გეგმა სისრულეში მოვიდა თუ არა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რამდენიმე ათეული ექს-ზონდერი საქართველოში მართლაც შემოვიდა, მათ, როგორც მითხრეს, ევალებოდათ, არჩევნების დღეს და შემდეგ, გარკვეული არეულობები მოეწყოთ და ამით 8 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დაეყენებინათ. ყველაფერი ეს კი, დიდი მარჩიელობა არ უნდა, რომ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის ანუ რუსეთის ინტერესშია - ქვეყნისთვის, სადაც არჩევნები ფართომასშტაბიანი ცემა-ტყეპის ფონზე ტარდება, ევროატლანტიკური სივრცის კარი, ბუნებრივია, ვერ გაიღება. აი, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო იმ გეგმის მიზანი, რომელზეც გიყვებით, თუმცა ყველაფერი ეს მხოლოდ და მხოლოდ პირადი წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია და ჩემი ანალიზია, რასაც კარგი იქნება, შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება მიაქციონ", - აღნიშნავს „ვერსიის" კონფიდენტი, რომელიც თითქმის დარწმუნებულია, რომ „ნაცმოძრაობის" რღვევა გაგრძელდება და ყოფილ მმართველ გუნდს, მინიმუმ, ორი ადამიანი დატოვებს: „უკვე ცნობილია, რომ „ნაცმოძრაობა" მიხეილ მაჭავარიანმა დატოვა, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია. ზოგადად, მაჭავარიანი ის ტიპი არაა, გადაწყვეტილება, როგორც იტყვიან, ჰაერზე მიიღოს - როგორც ჩანს, გარკვეული ინფორმაციები აქვს. ეს ეჭვი მას შემდეგ უფრო გამიმძაფრდა, რაც დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკელები" დატოვა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ პირადად მე, არ გამოვრიცხავ, „უსუფამ" ახალი პარტია შექმნას, რომელშიც დიდი ალბათობით, მიხეილ მაჭავარიანის ძმა, ვანო მაჭავარიანი გაერთიანდება; ასევე ანალიზის საფუძველზე იმის თქმაც შემიძლია, რომ ამ ახალ პარტიაში, დიდი ალბათობით, იმ ნაციონალებს ვიხილავთ, რომლებიც პარტიას დღე-დღეზე დატოვებენ. ყოველ შემთხვევაში, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობიდან" წასვლას დავით ბაქრაძე და გიგი წერეთელი ფიქრობენ. თუ ეს ინფორმაცია გამართლდა, უფრო ნათელი გახდება, რომ „ნაცმოძრაობისთვის" სააკაშვილი და ბოკერია ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან".


საერთოდ, ის, რომ „ნაცმოძრაობაში" რამდენიმე დაჯგუფება არსებობს, ახალი არაა, თუმცა, როგორც კულუარებში ამბობენ, ბოლო დროს განსაკუთრებით ორი ფრთა გამოიკვეთა - ბოკერიასი და სააკაშვილის. ამ უკანასკნელის ინტერესებს ყოფილ მმართველ გუნდში, როგორც „ვერსიისთვის" პირად წყაროებზე დაყრდნობით ხდება ცნობილი, აკო მინაშვილი და გოკა გაბაშვილი იცავენ. მეტ-ნაკლებად, ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს ირმა ნადირაშვილი, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისიც, თურმე, სააკაშვილის გვერდით დადგება.


„ყველა დანარჩენი კი ბოკერიას ფრთის ქვეშაა. დააკვირდით, ბოლო დროს პარტიაში ბევრი ახალი სახე გამოჩნდა, თუნდაც ელენე ხოშტარია. ქალბატონი ხოშტარია მიშას დაჯგუფების წევრი რომ არაა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს - გარდა იმისა, რომ მის „ფანად" ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი გვევლინება, ხოშტარიამ პირდაპირ განაცხადა, რომ იგივე მეორე ტური კი არ გაუყალბეს, არამედ, რეალურად წააგო, მაშინ, როცა მიშა სულ ზეწოლასა და გაყალბებაზე ლაპარაკობს. ზოგადად, პოლიტიკაში დასკვნები იმის მიხედვით კეთდება, ვინ რა და როგორ აქცენტს სვამს. შეიძლება, ნაცები ცდილობენ, მათ რიგებში დაწყებული არეულობა, ასე თუ ისე, შეფუთონ, მაგრამ ქართული ანდაზა ხომ გაგიგიათ, ჭირმა თვალი მალა, მალა, მაგრამ მაინც ვერ დამალაო. ზუსტად ასეა იმ ხალხის საქმე, რომელიც ერთ დროს ქვეყანას აზანზარებდა და შიშის ზარს სცემდა, მაგრამ რას ვიზამთ, ტყუილად კი არ არის ნათქვამი, დრონი მეფობენ და არა - მეფენიო", - აღნიშნავს „ვერსიის" კონფიდენტი.


ასე და ამგვარად, 2016 წლის შემოდგომის მეორე ნახევარი „ნაცმოძრაობისთვის" შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. ისე, გიორგობისთვე ნაციონალებისთვის სიმბოლურია - „ნაცმოძრაობის" ტრიუმფი სწორედ ნოემბერს უკავშირდება: 2003 წლის ნოემბერმა საქართველოს უახლესი ისტორია შეცვალა. შეცვლის თუ არა წლევანდელი ნოემბერი ყოფილი მმართველი პარტიის, უფრო სწორად, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის მომავალს, დრო გვიჩვენებს, თუმცა, როგორც „ვერსიას" უთხრეს, მალე შესაძლოა, „ნაცმოძრაობის" ყრილობა ჩატარდეს, რომელზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას, სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარეობა ოფიციალურად დატოვოს. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ყოფილ პრეზიდენტს, ჩვენი კანონმდებლობით, უფლება აღარ აქვს, პარტიის თავმჯდომარის პოსტი ეკავოს, მაგრამ ამ დრომდე ამ მოვალეობას, როგორც ცნობილია, სააკაშვილი არაფორმალურად ასრულებს. ყრილობის შემდეგ კი იგი პარტიის „სტაფიდან" ამოიშლება. შესაბამისად, მის აზრს პარტიის ლიდერშიპისთვის მაინცდამაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება, თუმცა 8 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მიშას „სიბრძნეებს" ბოკერია და სხვები ყურადღებას არც ახლა აქცევენ.


P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა შევიტყვეთ, რომ ბოლო ინფორმაციით, სანდრა რულოვსი საქართველოში დაბრუნდა და ნაციონალების ოფისში კონსულტაციებზე მივიდა.

 

 

 

ნინო დოლიძე

 

 

 

 





 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner