logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე „რუსთავი 2“-ის საქმეში პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას გამორიცხავს
- +

1 დეკემბერი. 2016. 11:56



საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეში პოლიტიკური შემადგენელი არ არსებობს.


„საერთოდ, სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება და ხელისუფლების ჩაურევლობა სასამართლო სისტემაში „ქართული ოცნებისთვის" დამახასიათებელია და რადიკალურად განსხვავდება მმართველობის იმ სტილის და პრაქტიკისგან, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო", - განაცხადა ჯაფარიძემ „პირველთან" საუბარში.


მისი თქმით, ამ თემით დასავლელი პარტნიორების შეშფოთება, შესაძლოა უფრო ჰიპოთეტური ან მოსაზრების ხასიათის იყოს, რადგან ისინი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ხედავდნენ, როგორ ირღვეოდა ჟურნალისტების და საერთოდ, ადამიანის უფლებები.


„საქართველო, და ეს აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, წარმატებით აგრძელებს იმ სასამართლო სისტემის რეფორმას, რომელიც მან მემკვიდრებით" მიიღო წინა ხელისუფლებისგან, რომლისადმი საზოგადოების ნდობა ნულის ტოლფასი იყო. ახლა, სასამართლო სისტემის მიმართ ჩვენი საზოგადოების ნდობა 2012 წელთან შედარებით გაზრდილია", - აღნიშნა ჯაფარიძემ.


მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა კომპლექსური რეფორმების პარალელურად ცდილობს, რადიკალურად შეცვალოს სახელმწიფო მართვის სტილი, ტრადიციად დაამკვიდროს დემოკრატიული ფასეულობების ერთგულება, კანონის უზენაესობა, სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, ქმედითი და მტკიცე სახელმწიფო ინსტიტუტები და რაც მთავარია ამას არ ახორციელებს მოქალაქეთა პირადი თავისუფლების ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის დროს.


ამიტომ საქართველო აფასებს აშშ-სა და სხვა დასავლელი პარტნიორების ყურადღებას ჩვენი შიდა პროლემების მიმართ. საქართველო მიზანმიმართულად აგრძელებს დემოკრატიზაციასა და მოდერნიზაციას და უარს ამბობს იმ მახინჯ და მანკიერ სისტემაზე, რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მართველობის დროს. ამ სისტემის დიდი ნაწილი სწორედ მედიაზე და სასამართლოზე წნეხი იყო. შერჩევთი სამართლის გამო 2003-2012 წლებში ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქე დაზარალდა, ახლანდელ საქართველოში კი არავინ დგას კანონზე მაღლა", - თქვა თედო ჯაფარიძემ.


თედო ჯაფარიძის განცხადებით, „ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს ურთულესი რეფორმების გატარება და ქვეყნის მოდერნიზირება.

 

ამ ყველაფრის რეალიზება გრძელვადიანი პერსპექტივაა და ამ ურთულესი ამოცანის შესრულება ჩვენ, საქართველო ყოველმა მოქალაქემ უნდა ვიტვირთოთ. ამას ყველაფერს მუხლჩაუხრელ შრომასათან ერთად სჭირდება ჩვენი ხალხის მოთმინება და სხვათაშორის, ჩვენი მეგობრების და პარტნირებისაც", - აღნიშნა ჯაფარიძემ.


თედო ჯაფარიძის შეფასებით, საქართველო სწორი გზით ვითარდება და სწორედ ამიტომაც არსებობს რწმენა, რომ „რუსთავი 2"-ის კერძო საქმეში სასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოიტანს.


„მარტო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ვის ეკუთვნის ტელეკომპანია - დღევანდელ მენეჯმენტს თუ იმ ხალხს, ვინც დაარსა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის სასამართლო სისტემის რეფორმირების შეუქცევადობა, მისი თავისუფლება პოლიტიკური ზეწოლისაგან უკვე სრულიად ნათელია. პოლიტიკური ჩარევის ფაქტები პრინციპში არ არსებობს", - თქვა მან.


მისი თქმით, საქართველო არასდროს უღალატებს აღებულ ვალდებულებებს, არ შეცვლის განვითარების ევროპულ და ევროატლანტიკურ ვექტორს.


ჩვენი მიზანია შევქმნათ ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელიც ემსახურება და იცავს საქართველოს მოქალაქეებს. გასული ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში კანონის უზენაესობა და დემოკრატია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების პრინციპები გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება" დარჩება ამ ფასეულობების ერთგული. ჩვენს უცხოელ მეგობრებს ვთხოვთ, ნუ დაეყრდნობიან ძველ სტერეოტიპებს, გაცვეთილ პროპაგანდისტულ კლიშეებს და მოსაზრებებს. პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა თავის დროზე სააკაშვილმა გამოიყენა იმისთვის, რომ დაემყარებინა ავტორიტარული, ერთი კაცის ხუშტურზე აწყობილი სისტემა, „ქართული ოცნებისთვის" საკონსტიტუციო უმრავლესობა ხალხის დიდი ნდობის მაჩვენებელია, რომლისთვის უცხოა მესიანიური პოლიტიკა, ძლიერია რწმენა კანონიერებისადმი და გადაწყვეტილებების მიღებას სისტემური და ინსტიტუციური ხასიათი აქვს.. ეს დაიწყო 2012 წელს და მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება" გაამართლებს, მათ შორის იმით, რომ გააგრძელებს, გააღრმავებს და გააძლიერებს დემოკრატიულ რეფორმებს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.


„ზოგიერთი უცხოელი ექსპერტის აზრით, საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა არც ისე სწრაფად ხდება, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო. თუცა მაშინ კანონს პრიმიტიული ძალადობა ცვლიდა და არგუმენტების ძალის ნაცვლად ძალის არგუმენტი იყო გამეფებული. „ქართული ოცნება" რეფორმებს ატარებს კანონთან სრული შესაბამისობით, როგორც ეს სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს - პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამართული დებატების და დისკუსიების შედეგად, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პოზიციების გათვალისწინებით. ამას კი სჭირდება დრო, მოთმინება. გახსოვთ ალბათ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს საკითხები ორ წუთში გვარდებოდა - ან „აჩუქებდი" სახელმწიფოს ქონებას, ანდა მოხვდებოდი ციხეში. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რამდენი მესაკუთრე შეიცვალა თავად რუსთავი-2"-ში. დათვალეთ, რამდენი ტელეკომპანია იყო სააკაშვილის დროს წართმეული ან დახურული. ძალიან ბევრი",- აღნიშნა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება მედიაპლურალიზმის ხარისხს მასმედიაში, ჯაფარიძის თქმით, ეს აღიარებული ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის დუნია მიატოვიჩის მიერ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას არ აქვს თავისი ტელეარხი, როგორც ეს ძალიან ბევრ სახელმწიფოშია.

 

„არცერთ ჟურნალისტს დღეს არ ეშინია, რომ კრიტიკის გამო რაღაც მოუვა. დღეს არავინ მოვა და არ წაგართმევს ტელეკომპანიას, როგორც ეს სააკაშვილმა 2007 წელს „იმედში" გააკეთა. ამერიკამ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა ესეც უნდა დაინახონ", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner