logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ბათუმს - „ქათქათას“...
- +

10 იანვარი. 2017. 18:12



ამთავითვე ვიტყვი, თანაც დაბეჯითებით: ბათუმს, ქათქათას (ყოფილს), ბათუმს-თეთრს (ყოფილს), ბათუმს-თბილს (ყოველთვის) არ ეკადრება ასეთი არაქათქათა, არათეთრი, არათბილი, არაყურადღებიანი პატრონობა!


ეს დღეები ბათუმში გახლდით.


რამდენიმე ევროპელი მეგობარი სტუმრობდა ქალაქს. საქმეზე ორიენტირებული, ინვესტიციის ჩადებაზე განწყობილი...


ბევრი მაქვს მათთან ნასაუბრები.


ჰოდა, საკუთარი თვალით უნდოდათ დარწმუნება რამდენად მართალი იყო ჩემეული ლეგენდები.


დაკვირვებულ ხალხს არაფერი გამოეპარება. კიდევ ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელიო.


ის რომ საერთო ყოფითი კულტურის უკეთესობისკენ შეცვლას დრო ჭირდება, ეს გასაგებია. მაგრამ ელემენტარული სისუფთავის დაცვას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თავი ჭირდება, თავი (!), მონდომება და ცოდნა.


ის რომ თვეების განმავლობაში გადათხრილ ქუჩაზე არამცთუ მანქანით, არამედ ფეხით გავლასაც კი ოსტატობა და მოხერხება ჭირდება, განსაკუთრებით, ნაწვიმარზე, ამას ბავშვიც მიხვდება...


ბათუმის სიღრმე ისევ მოუვლელი, ისევ ჭუჭყიანი...  სავაჭრო ქუჩებში ხომ გავლა არ შეიძლება.


არაფერი შეცვლილა!..


ისევ ის "პოკაზუხა", ისევ "პოტიომკინის სოფელი"...


აბსოლუტურად არ იგრძნობა არც ახალი სიო, არც ახალი სუნთქვა... არც „ქართული ოცნების" გამარჯვება, არც... ერთია, რომ ძველი „ვიპ-პერსონის" მსგავსად, ახალ „ვიპ-პერსონას" ქოლგის დამტარებელი სპეციალური „მსახური" არ დაჰყვება. ჯერ-ჯერობით!!!


ბულვარი რომ ბულვარია, საამაყო, მომხიბლავი, იმასაც კი დაუკარგავს პეწი...


ტრანსპორტის მოძრაობა-"სასწაული", ნიუ-იორკში, პარიზში არ მინახავს ის ინტენსიური მოძრაობა, რასაც ბათუმში ნახავ. არადა, მანქანების რაოდენობაში არ არის საქმე, პრობლემა წესრიგისა და დისციპლინის დეფიციტია. თვითშეგნება და დამრღვევთა მიმართ მკაცრი დამოკიდებულებაა გადამწყვეტი! მსგავსი თავხედობა თბილისელ მძღოლებსაც კი არ მოსდით ფიქრად, თუმც უწესრიგობით ისინი რომ გამოირჩევიან ეს ცნობილია. პატრული რას აკეთებს, კაცმა არ იცის...


ცალკე თემაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები. კი, ლარის კურსმა ფასები შეცვალა, მაგრამ ვერაფერი გამართლება აქვს იმ ფასებს, სულ ჩვეულებრივი, თავმდაბლური საუზმისთვის რომ ითხოვენ მეპატრონეები. არაპრივილეგიურ კაფეებშიც კი. არაფერს ვამბობ სერიოზულ რესტორნებზე. იქ კი ფასების ნამდვილი "ხანძარი" მძვინვარებს...


ჰოდა, ჩემმა სტუმრებმა, რომლებიც ტურისტულ ბიზნესში ჩახედულები არიან, დაასკვნეს: ასე თქვენ შორს ვერ გაფრინდებითო...


არადა, ამინდი შესანიშნავი იყო, 17 გრადუსამდეც კი ავიდა სითბო... კიდევ კარგი, ბათუმის მერიას ბუნებაზე გავლენა არ აქვს, თორემ ერმაკოვები, სიბაშვილები და ძმანი მისნი, მართლა უნიათონი, მასსაც "გააფუჭებდნენ"...


ერთი სიტყვით, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბათუმს ნამდვილი, გულშემატკივარი, გულანთებული, თავიანი, ფიქრიანი პატრონი არ ყავს... სწორედ ამიტომ დავამთავრებ იმით, რითაც დავიწყე: ბათუმს - ქათქათას (ყოფილს), ბათუმს - თეთრს (ყოფილს), ბათუმს - თბილს (ყოველთვის) არ ეკადრება ასეთი არაქათქათა, არათეთრი, არათბილი, არაყურადღებიანი პატრონობა!


„ქართუ-ბანკში" ნამუშევარმა ხალხმა, ეტყობა, ვერ გაამართლა, არც ავადსახსენებელი "სიმამრების" პროტეჟეები წყვეტენ ვარსკვლავებს... დავიჯერო, ბათუმლებიდან არავის დაუმთავრებია კომაროვის სკოლა, ჩვენი ახალი კადრების სამჭედლო?


დასკვნა ერთია: ისე არ უნდა წაიყვანო საქმე, რომ მავანს ასლანის ნოსტალგია გაუჩნდეს!!!!

სხვა თემებზე, მოგვიანებით...




 

right_banner
არქივი
right_banner