logo_geo
eng_logo
არმაზ სანებლიძე: ლეღვის ფოთოლზე ამოქარგული სიტყვა "დემოკრატია"
- +

11 იანვარი. 2017. 12:40


 

 

უდროო დროს იყივლა მამალმა ახალი წლის დადგომა, ცეცხლის სიმბოლომ.

გამანადგურებელი სტიქიის დროის ათვლა დაიწყო 2017 წლის იანვარმა.

ისევ ომი და „ცხელი წერტილები", რომელთა რაოდენობამ დღევანდელ მსოფლიოში 27 მიაღწია? ისევ „წერტილოვანი დარტყმები", ომის წარმოების „კაცთმოყვარულ" მეთოდად რომ იყენებდნენ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში „დიქტატორული რეჟიმების" გასანადგურებლად?

 

 

უკვე გამოჩნდა ნიშნები, რომ, თუ რამ შეიცვლება ამ მიმართულებით, მხოლოდ ტაქტიკური დარტყმების სამიზნეების ჩანაცვლების კუთხით: მატერიალური სივრციდან სულიერ სამყაროში გადანაცვლების, რწმენისა და სულიერ ღირებულებათა მოშლა-განადგურების თვალსაზრისით.



„კოჭლი იხვის" ადმინისტრაცია მოღვაწეობის ვადის ამოწურვის ჟამს დანაღმულ „ობიექტებს" ტოვებს, ალეპოდან გაყრილი ტერორისტების მსგავსად, რაც ფრიად სამწუხაროა რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლო პერსპექტივის ფონზე.



განვიხილოთ ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელშიც გმირობის, თავგანწირვის, იდეისთვის თავდადების, სამოქალაქო მოვალეობის შესასრულებლად საკუთარი სიცოცხლის გაწირვის ისტორიული მაგალითი არანორმალურ, ავადმყოფურ, აბსურდულ ქმედებად არის წარმოჩენილი, გალაშქრებად საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ: „გმირობა არის რელიგია, რწმენის გამოვლენის უმაღლესი ფორმა. ჯოჯოხეთის უკუნეთის დაძლევა სამოთხის ნათებით".




ახლახან რუსეთს მოუსინჯეს კბილი _ სამამულო ომის დროს პირველი ქალი, რომელსაც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა (სიკვდილის შემდეგ), ფაშისტების მიერ მხეცურად ნაწამები 18 წლის პარტიზანი ზოია კოსმოდემიანსკაია სულით ავადმყოფად გამოაცხადებინეს ყოფილ ფსიქიატრს, რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე, კერძოდ, ვიქტორ შენდეროვიჩის პროგრამაში „ექიმ-ტვინოლოგად" „მომუშავე", ამჟამად კი ამერიკაში გალაღებულ ანდრეი ბილჟოს  (იხ. ინტერნეტსაიტი The Insider-ის 9 დეკემბრის გამოშვება).

 

 

 

ეს ბილჟო ირწმუნება, რომ ნახა დოკუმენტები, რომლებშიც დამოწმებულია ზოია კოსმოდემიანსკაიას ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მკურნალობის ფაქტი. ეს ყოფილი ფსიქიატრი ფანტაზიის აფრებს უშვებს და ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ კოსმოდემიანსკაიას მიერ თანამებრძოლების გაუცემლობა ნებისყოფის უძლიერესი კონცენტრაციის შედეგი კი არ იყო, არამედ სტრესული გარემოებით გაძლიერებული დაავადების - შიზოფრენიის გამწვავების გამოვლენა, კერძოდ, აუტიზმისა, როცა ადამიანს მეტყველების უნარი ეკარგება.

 

 

 

მაშასადამე, გმირობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება.

პროპაგანდისტული ტრიუკია.



მცირე წიაღსვლა:


ფსიქოლოგები გვასწავლიან, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელია იდეალიზაციისკენ მისწრაფება. ამის მაგალითებს განათლებული მკითხველი უხვად იპოვის მსოფლიო ლიტერატურაში, ფოლკლორში და, რა თქმა უნდა, მითოლოგიაში.



იდეალიზაცია სჭირდება საზოგადოებას, როგორც მამოძრავებელი ძალა, რომლის გარეშე ბოროტის ძლევა შეუძლებელია.



იდეალიზაციის ნაყოფია სამამულო ომის გმირთა სახეებიც, ხატება მათი, რომლებიც ფაქტებზეა აღმოცენებული და მიჩნეულია მისაბაძ მაგალითად, თაობათა მორალური ჩამოყალიბების ორიენტირად.



ასე იყო ყოველთვის.

 

 

ახლა დესაკრალიზაციაა მოდური - დილეტანტიზმის პროფესიად ქცევის შედეგი, რომელსაც თავს გვახვევენ ნეოკონები და ათასი ჯურის ნეოლიბერალები.

მეწუმპეები...

 

 

მაინც რა მოხდა 1941 წლის სუსხიანი ნოემბრის დასასრულს სოფელ პეტრიშევოში?



ამ დასახლებიდან კრემლამდე დაახლოებით ოთხმოცი კილომეტრია. ვერმახტის ნაწილები მოსკოვს უახლოვდებიან.



სტალინი კონტრშეტევისთვის ემზადება. უმაღლესი მთავარსარდლობა თავს უყრის რეზერვებს გადამწყვეტი დარტყმისთვის. გაცემულია ბრძანება, რომ შეტევის მთელ ფრონტზე მტერს მხოლოდ გადამწვარი სივრცე უნდა დახვდეს - ნანგრევები, ნასოფლარები, ნასახლარები. პარტიზანებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმებს უნდა დაეწვათ ყველა შენობა, რომლებიც ფაშისტებს თავშესაფრად შეეძლოთ გამოეყენებინათ.



ყინვაა და თოვლი... და რუსეთის უსიცოცხლო ტრამალები.



ჯგუფს, რომელშიც ზოია კოსმოდემიანსკაია შედიოდა, დაავალეს მტრის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში შეღწევა და აღნიშნული ბრძანების განხორციელება.



სოფელ პეტრიშევოს ერთ სახლში ფაშისტების მეკავშირეთა შტაბი იყო განლაგებული. ამ შტაბის „გამწევი ძალისთვის" - საჯინიბოსთვის ცეცხლის წაკიდებას რომ აპირებდა, მაშინ დააცხრნენ ზოიას რაიხის „მამაცი" მეომრები. ჩასაფრებულები იყვნენ, ადგილობრივი მცხოვრების მიერ გაფრთხილებულები.



ერთი ბოთლი შინნახადი არყით - „სამოგონით" გადაიბირეს იქაური პოლიცაი.



29 ნოემბრის ღამითვე იწყებენ ხელებდაბორკილი გოგონას წამებას, გამეტებით ურტყამენ წიხლებს, ჰგლეჯენ ფრჩხილებს, ერთი ჰიტლერელი წელში მის გადახერხვასაც მოინდომებს, მაგრამ შეაჩერებენ: მკვდრისგან, აბა, რას შეიტყობდნენ?!



ზოია არ გასცემს თანამებრძოლებს.


დილით ფაშისტები ხალხს შეჰყრიან ეშაფოტთან, სოფლის ცენტრში, ადგილობრივებს. სახრჩობელაზე აიყვანენ ზოიას.


 

- სტალინი მოვა, სტალინი შურს იძიებს! - ეს იყო მისი სიკვდილისწინა შეძახილი.

 


მის სხეულს ერთ თვეს დატოვებენ სახრჩობელაზე დაკიდებულს. ახალი წლის წინა ღამეს მთვრალი გერმანელები გასართობ საგნად აქცევენ გოგონას გაყინულ სხეულს - სამიზნედ: ნიშანში ესვრიან, ხიშტებს უყრიან.



განათლებული ევროპა!..



ამ ყველაფრის თვითმხილველები იყვნენ იმ სოფლის მკვიდრნი, რომელთა მონათხრობით აღადგენენ ფრონტელი კორესპონდენტები იმდღევანდელი ტრაგედიის სურათს. გაზეთი „პრავდა" ექვსსვეტიან მასალას გამოაქვეყნებს სათაურით „ტანია" (ზოიამ დაკითხვისას თქვა, რომ ტანია ერქვა). 1942 წლის 18 თებერვალს კი იბეჭდება მეორე ნარკვევი: „ვინ იყო ტანია" - მოსკოვის ერთ-ერთი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ზოია ანატოლის ასული კოსმოდემიანსკაია.



ასე შეიქმნა ლეგენდა ზოიაზე - გმირ ქალიშვილზე, შეიქმნა და გავრცელდა, ვითარცა ნიმუში სამშობლოსთვის თავგანწირვის, ომის პირობებში ასე აუცილებელი გმირის ხატება. ნიშანდობლივია: მისი სკოლელები, ყველა, ვისაც ასაკი უწევდა, მოხალისედ წავიდა ფრონტზე.



ასეთია სიმართლე.

 

 

ისტორიის წამბილწველნი, ბილჟოსნაირი მორალისტები კი ხან იმას აცხადებენ, რომ იმ სოფელ პეტრიშევოში გერმანელები საერთოდ არ ყოფილან, მაშასადამე, არც არავინ დაუტყვევებიათ, ხან - ადამიანი კი არ ჩამოუხრჩვიათ, არამედ „ცალკეული ექსპონატი".

 

 

შიზოფრენიით იყოო დაავადებული...

 

 

მე რა მაწუხებს?


ის, რომ ტვინების ამორეცხვის ინფორმაციული ტალღა ჩვენც გადმოგვწვდება. ცნობილი ამერიკელი ქორის, სენატორ მაკკეინის საქართველოში საახალწლო ვიზიტი ამის მანიშნებელი უნდა იყოს. ნაპოლეონ ბონაპარტი ამბობდა, რომ „მეხსიერებადაკარგული თავი გარნიზონის გარეშე მიტოვებულ ციხესიმაგრესა ჰგავს!"

 

 

გადმოგვწვდება თუნდაც იმიტომ, რომ ზოიას მსგავსი მაგალითი ქართველებსაც გვაქვს გმირი ქართველი გოგონას, თხუთმეტი წლის ლეგენდარული ირინა სხირტლაძის სახით, რომლის თავგანწირვას ბრწყინვალე ლექსი უძღვნა ჯანსუღ ჩარკვიანმა - „ირინოლა". ამ ლექსის პოეტური რეფრენი, აფორიზმად ჩამოსხმული, ყველა ჭეშმარიტი ქართველის გულის ფიცარზეა ამოტვიფრული: „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი":



„მხოლოდ ცეცხლში,

მხოლოდ ცეცხლში,

ცეცხლში გამოიცადა,

პოლონეთში, პოლონეთშიც

საქართველოს იცავდა.

აჯანყდა და მტერი ხოცა,

ბინად ჰქონდა სანგარი,

საქართველოვ,

შენ ვინ მოგცა

შვილი დასაკარგავი...

ბოვინსკაში თეთრი გორა

მოუჩითავთ გვირილებს,

ირინოლა, ირინოლა,

ირინოლა, ირინე!"



გავიხსენოთ! და მოხალისეებად ჩავდგეთ ჩვენი რწმენის დაცარიელებული ციხე - გოდოლების დასაცავად, რადგან სიტყვამრუშობისა და უნამუსობის აღორძინებას ცდილობენ ის „აწყვეტილი მამულიშვილები", რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს დედაწულიანად მიაწყდნენ საქართველოს საზღვარს „წითელ ხიდთან".

 

 

„... და სარცხვენელზე აფარებულ

ლეღვის ფოთოლზე

ამოქარგული სიტყვა მოჩანს:

 

„დემოკრატია", - გვეუბნება აფორისტული აზროვნების უბადლო დიდოსტატი  რეზო ამაშუკელი და მოგვიწოდებს:


„როდემდე ვდიოთ ამ ჩლიქოსნებს,

ამ ხვთით ნაკლულებს,

უწიგნურ ბოზებს,

ამ მანქურთებს, ამ საჭურისებს?!"

 

 

P.S. "მამალმა იყივლა და გინდ გათენდეს, გინდ არაო" (ხალხური).

 

 

 

 




 

right_banner
არქივი
right_banner